„პანამურ დოკუმენტებში“ დავით კეზერაშვილის სახელი ფიგურირებს. ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა „Tribune de Geneve“ ავრცელებს. თუმცა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი შოთა მინდელი ქართულ სააგენტოებს სტატიის არასწორ თარგმანში ადანაშაულებს.
„ეს მონაცემები უზუსტობებს შეიცავს. გარდა პირველად წყაროში არსებული უზუსტობებისა, დამახინჯებულია ქართული მედიის მიერ გავრცელებული ტექსტიც და თარგმანი დამახინჯებულია და ამას აკეთებენ ის საინფორმაციო სააგენტოები, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან.
უზუსტობა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოსდა 10 დღის დაფუძნებულ კომპანიაში მოხდა თანხების განთავსება, რითაც ცდილობენ იმის მითითებას, რომ თითქოს, დავით კეზერაშვილმა გადადგომისთანავე განათავსა 25 მილიონი ამ ანგარიშზე. ეს ცალსახად მცდარია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება“, - აცხადებს შოთა მინდელი.
შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, 2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. 2008 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და მალევე ოლიგარქი გახდა.
გამოცემა „Tribune de Geneve“-ს ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის სამი ოფშორული კომპანია დააფუძნა. აღნიშნული კომპანიების ანგარიშებზე ნავთობის გაყიდვიდან მიღებული დიდი თანხები ირიცხებოდა. „პანამური დოკუმენტებიდან“ კი ირკვევა, რომ 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთმა ოფშორულმა კომპანიამ შვეიცარიულ ბანკში, Banque Cantonale de Geneve-ში (BCGE) გახსნა ანგარიში, სადაც 20 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. ამას გარდა, რამდენიმე შვეიცარიულ ბანკში (ABN AMRO და BNP Paribas) ანალოგიური გზით გადაირიცხა კიდევ 25 მილიონი ფრანკი.
შვეიცარიული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წელს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და ინტერპოლმა მისი დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების დაწყების შემდეგ 2013 წლის მაის-ივნისში კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანიას „Mossack Fonseca“-ს მოულოდნელად დოკუმენტების უკანა თარიღით რეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები სხვა ორ ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა.
Tribune de Geneve-ის ცნობით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც განაცხადა, რომ ის ფინანსური შუამავლის როლს არ ასრულებდა და მის კომპანიას კლინეტების ანგარიშებისადმი წვდომა არ ჰქონდა. 2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდეეიმე ბანკის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი BCGE-ია, რომელშიც კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ანგარიში ჰქონდა გახსნილი.
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, პანამური იურიდიული კომპანია „Mossack Fonseca“ ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტებს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. გამოძიება „Mossack Fonseca“-ს 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწვლას ეფუძნება.
ეს გახლავთ შვეიცარული გამოცემა „Tribune de Geneve“-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილმა ქართული მედია საშუალებების წინააღმდეგ სარჩელის მომზადება გადაწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც დეტალურად ფლობს ინფორმაციას ყოფილი პრემიერის ოფშორულ ანგარიშებზე, დავით კეზერაშვილის ოფშორული ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
გიორგი ვაშაძე კი კეზერაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, რომ კეზერაშვილის კომპანიის დაფუძნებისა და მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდები ერთმანეთისგან შორს არის.
„ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა აქ არ არის. პანამა ფეიფერსთან დაკავშირებით, თუ გამოიძიებენ ბიძინა ივანიშვილის და სხვების საქმეებს, კარგი იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამ დრომდე უცნობია რა ზომები მიიღო მთავარმა პროკურატურამ კეზერაშვილის „პანამური დოკუმენტების“ ისტორიასთან დაკავშირებით. ირაკლი შოთაძის უწყება ამ სკანდალს მხოლოდ დუმილით ხვდება.
პროკურატურისგან განსხვავებით, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის ელიტარული კორუფციის სარკისებური ასახვაა.
როგორც ხაბურძანია აცხადებს, ისრაელიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოსულ კეზერაშვილს, როგორც თავდაცვის მინისტრს, აშშ საელჩოს კულუარებში ყველაზე ახალგაზრდა კორუმპირებულ მილიარდერს ეძახდნენ. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი, მისი ქონება და ბიზნეს შესაძლებლობები ისეთი სისწრაფით გაიზარდა ბილ გეითსს შეშურდებოდა. ხაბურძანია აცხადებს, რომ კეზერაშვილის უკან რეალურად მიხეილ სააკაშვილი დგას.
„რაც შეეხება პანამის დოკუმენტებს, სამწუხაროა, რომ ამ დოკუმენტების გამომქვეყნებლები პუტინის და დევიდ ქემერონის აფილირებულობის გამოქვეყნებას არ მოერიდნენ, მაგრამ კეზერაშვილთან ვერ დავინახეთ მისი ბოსი მიხეილ სააკაშვილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ხალხისთვის წართმეული და მოპარული ფული.
რაც შეეხება საფრანგეთისა დიდი ბრიტანეთის მიერ კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას, ნუ ვიქნებით მიამიტნი და ნუ გამოვრიცხავთ კეზერაშვილის მიერ დიდი ფულის დახარჯვას თავისუფლებისთვის (ადვოკატები, ლობი, მართლმსაჯულების შესაძლო მოსყიდვაც) და მეორეც, საქართველოს პროკურატურიდან სუსტი და არადამაჯერებელი დოკუმენტაციის წარდგენას ექსტრადირებისთვის.
კეზერაშვილმა „გაიპრავა“ გადაადგილების თავისუფლება ევროპაში, ალბათ - აშშ-შიც. ძალიან მოკლე ჭკუის უნდა იყოს, არამად ნაშოვნი მილიარდები დაკარგოს, თუმცა ამის საშუალებას არც მისი თავისი ბოსი, ძვირფასი საათების, გარყვნილებისა და კოკაინის მოყვარული მიხეილ სააკაშვილი მისცემს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.
ოფშორი რომ სააკაშვილი-კეზერაშვილის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფინანსების თავშესაფარია, ამაზე ექსპერტები ღიად საუბრობენ. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი თავად არის მოსიარულე ოფშორი, რომელიც თავად არეგულირებს ფინანსური ნაკადების მარშუტების დაგეგმვას და ადრესატებისთვის მიწვდენას.
„საინტერესოა, რა დაუჯდა კეზერაშვილს საკუთარი თავისუფლება პარიზში და ლონდონში? რა თანხები იყო გადახდილი ამ ქვეყნებში ყველაზე ძვირადღირებული ადვოკატებისთვის გადახდილი? ვიცით, რომ „რუსთავი 2“- საც კი აფორმებენ ასეთ ზონაში. არ ვამბობ, რომ ეს დანაშაულის შემცველი მოქმედებაა, მაგრამ თუ ადამიანი არაფერს მალავს და მისი მისწრაფება მხოლოდ ის არის, რომ მისი ბიზნეს ინტერესები არ იყოს განსაჯაროებული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს პროკურატურას არ აქვს სურვილი, ან შნო იმისა, გაარკვიოს რატომ აღმოჩნდა დაგვიანებით კეზერაშვილის გვარი ამ ოფშორულ ზონაში.
რასაკვირველია, ის იმოქმედებდა საკუთარი გვარით, მაგრამ არა საკუთარი სურვილით. როდესაც 2004 წელს მოვინდომე იმდროინდელი საფინანსო პოლიციის უფროსის, კეზერაშვილის საქმინობის გამჟღავნება, რომელიც არაერთ უკანონო ქმედებას ჩადიოდა, ასეთი რამ შემომითვალა - „ამ ქვეყანაში მხოლოდ სამ ადამიანს ვექვემდებარები და ის რასაც ვაკეთებ ეს ჩემი ბრალი არ არისო“. პირადად შეხვედრა არ მქონია, მაგრამ მისი ნიჭი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს ომში“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, უმუშევარი კეზერაშვილი ბევრად უფრო კარგი ნიადაგი იყო გასაყალბებელი დოკუმენტების შექმნისთვის, ვიდრე იმ დროინდელი ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც ცისკარიშვილის განცხადებით, ცდილობდა სამართლიანი შედეგის დადგომას, მაგრამ გილაურის თანამშრომლები უმუშევარ კეზერაშვილს ექვემდებარებოდნენ და არა საკუთარ მინისტრს.
„ეს არის დედა ენა „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსური საქმიანობის. რა გასაკვირია, რომ ოფშორული ზონა იყოს ათვისებული იმ ადამიანების მიერ, ვინც მოიპოვებდა ამ თანხებს, ხოლო ამ თანხების მამოძრავებელი იყო და არის კეზერაშვილი. ახლა პროკურატურაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა ამ თანხების მამოძრავებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.