ერთ თვეში საწვავის შემოწმება იწყება

ერთ თვეში საწვავის შემოწმება იწყება

ერთ თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხობრივი კონტროლი დაიწყება. გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯებს აიღებენ და მას ლაბორატორიულ ანალიზს ჩაუტარებენ. შესაბამისი სანქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა. საწვავის ხარისხს სამი უწყება - გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მაისიდან გააკონტროლებს.

როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განაცხადა, დადგენილია ნორმები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება. რეალიზატორებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიებისთვის ხარისხის დადგენილი ნორმები უკვე ცნობილია.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი საქართველოს დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. საუბარია ნავთობპროდუქტში ტყვიის, ბენზოლის, გოგირდისა და სხვა ნივთიერებების განსაზღვრულ მოცულობებზე, რომელსაც არ უნდა აჭარბდებდეს სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი.

ამ დრომდე ქვეყანაში საწვავის კონტროლს არც ერთი უწყება არ ახორციელებდა და პროდუქციის შემოწმება თავად ნავთობიმპორტიორების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ამ დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ საცალო ქსელში უხარისხო პროდუქტი გამოჩნდა. პარალელურად კი საქართველოს დედაქალაში ეკოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალშვილის ინფორმაიცით, სახელმწიფო ისეთი ღონისძიებების გატარებას გეგმავს, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და წახალისებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობიც.

„საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დაცული იქნას გარემო, მომხმარებელი და კეთილსინდისიერი მეწარმე. ჩვენ გვაქვს მთავრობის დადგენილება საწვავის ხარისხობრივი ნორმების შესახებ, რომლითაც დადგენილია გოგირდისთვის დასაშვები ზღვარი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 200 ერთეული, რაც 2016 წლიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა - 200 ერთეული 150-მდე ჩამოვიდა. როდესაც ვსაუბრობთ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქციაზე, ვგულისხმობთ ისეთ საწვავს, რომელშიც მომატებულია გოგირდისა და ისეთი კომპონენტების შემცველობა, რომელიც გარემოზე უარყოფითად მოქმედებს. მთლიანობაში კი, საწვავის სტრუქტურის განსაზღვრა და შესწავლა ძალიან ძნელია.

არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავაჭრო ქსელში იყიდება პროდუქტი, რომელშიც გოგირდის შემცველობა დასაშვებზე მეტი მოცულობისაა და შესაბამისად, ეს არის არასტანდარტული, უხარისხო საწვავი, რომლის გავლენაც ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მკვეთრად უარყოფითია.

სწორედ ამიტომ იგეგმება ისეთი ღონისძიებები, რომლითაც გაკონტროლდება უხარისხო პროდუქციის შემოდინება და გასაღება ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უხარისხო პროდუქტი ქსელში ნამდვილად იყიდება, თუმცა აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ამის მასშტაბები საგანგაშო არ არის“, - ამბობს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ უნდა მოხერხდეს პრევენცია, რომ უხარისხო პროდუქტი ბაზარზე აღარ მოხვდეს. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის.