„NDI-მ ნოემბრის მონაცემები არ გამოაქვეყნა, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის უარყოფითი განწყობები მკვეთრად მატულობს“

„NDI-მ ნოემბრის მონაცემები არ გამოაქვეყნა, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის უარყოფითი განწყობები მკვეთრად მატულობს“

„პი არ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორი გივი ხაჭაპურიძე, აცხადებს, რომ NDI-ს მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგებით ქვეყანის განვითარების უარყოფითი ტენდენცია იკვეთება, რაც ამავე ორგანიზაციის 2015 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებთან შედარებისას რეალობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, NDI-მ გამოქვეყნებულ კვლევაში გასული წლის ნოემბრის მონაცემები არ გამოაქვეყნა, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის უარყოფითი განწყობები მკვეთრად მატულობს.

რა კითხვები აქვს მკვლევარ ორგანიზაციასთან და რას მალავს NDI-ი ამ საკითხებთან დაკავშირებით? for.ge გივი ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

თქვენ ამბობთ, რომ NDI- კვლევის ამ შედეგებით ქვეყანის განვითარების უარყოფითი ტენდენცია იკვეთება, რაც ამავე ორგანიზაციის 2015 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებთან შედარებისას რეალობას არ შეესაბამება. ბატონო გივი, რეალურად რა სურათი გვაქვს?

გივი ხაჭაპურიძე: 2015 წლის ნოემბერში NDI-მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, გამოკითხვა ჩაატარა 1881 რესპოდენტთან და ამ რესპოდენტების 44% მაშინ ამბობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე კვლევაში 19% იყო მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ახლა წარმოადგინა კვლევა, სადაც შედარება გააკეთა არა 2015 წლის ნოებერში გამოქვეყნებულ კვლევასთან, არამედ 2015 წლის აპრილის მონაცემებთან.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა ნოებრის მონაცემების შედარება, შესაძლებელია ეს მათი სტრატეგია იყოს?

- შესაძლებელია, მაგრამ მეორე შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი გვქონდეს რაღაცა მანიპულაციასთან.

რა განსხვავებაა ამ სამ კვლევას შორის?

- 2015 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევისას გამოიკითხა 1881 რესპოდენტი, 2015 წლის აპრილში 4360, ხოლო 2016 წლის მარტში 3900 რესპოდენტი. გამოკითხულთა რაოდენობის თვალსაზრისით აპრილისა და მარტის კვლევები უფრო ახლოს არის ერთმანეთთან. მარტის მონაცემებით 20% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, აპრილში კი - 23%, გამოდის, რომ 3%-იანი კლება გვაქვს, მაგრამ თუ ნოემბრის მონაცემებს ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ მაჩვენებელი ზემოთ მიდის, ანუ, 1%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

განსაკუთრებით საინტერესოა არასწორი მიმართულებით განვითარების ნაწილი, თუ 2015 წლის აპრილში 37% ამბობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 7%-ით უფრო მეტი იგივეს ამბობდა ნოემბერში, მაგრამ უკვე 2016 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 39%-მდე ჩამოვიდა, ანუ მინუს 5% გვაქვს ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ამ 5%-მა გადმოინაცვლა იმ ნაწილში, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და ამ შემთხვევაში არ იკვეთება უარყოფითი ტენდეცია.

ციფრებით მანიპულაციასთან გვაქვს საქმე? როგორც წესი NDI-ის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოში...

- ბუნებრივია, რომ NDI-ის ობიექტურობასთან დაკავშირებით ბევრს აქვს შეკითხვა და მეც მიჩნდება კითხვები და ამ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევს NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები. ეს ორგანიზაცია თვითონ ითხრის სამარეს, რადგან იმ მონაცემებით, რომელსაც შეადარა მიმდინარე წლის მარტის მონაცემები, გამოკითხული იყო 4360 რესპოდენტი, ამ კვლევაში NDI ამბობს, რომ საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3%, მარტში გამოკითხული გყავს 3900 რესპოდენტი და ამბობს, რომ საშუალო ცდომილების ზღვარი არის პლიუს-მინუს 1,6%. ანუ, NDI-იმ ერთი წლის წინ გააკეთა შერჩევა, რომლის მიხედვით გამოიკითხა 500 რესპოდენტით მეტი და ცდომილები ჰქონდა 2,3%, ახლა კი ცდომილების ზღვარი დასვა 1,6%.

ანუ, მისი თქმით 0,7%-ით უფრო სანდოა 2016 წლის მარტის კვლევა, ვიდრე 2015 წლის აპრილის. უფრო მეტი ადამიანი გამოკითხა, მაგრამ იმდენად არაპროფესიონალურად გააკეთა შერჩევა, რომ მისი ცდომილება უფრო მეტი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც უფრო ნაკლები რესპოდენტები გამოიკითხა. ამის ახსნას NDI არ აკეთებს. არ საუბრობს იმაზე, შეცვალა თუ არა რაიმე მეთოდოლოგიაში, დახვეწა რამე და ამან გამოიწვია ცდომილების შემცირება თუ რასთან გვაქვს საქმე.

სწორედ ამიტომ ჩნდება უნდობლობა კვლევის მიმართ და უფრო მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც უარს ამბობს ნეიტრალურ ადამიანებთან ერთად ჩაატაროს კვლევა...

- რა თქმა უნდა, თუ ორგანიზაცია არის ღია, არაფერი გასაიდმულოებული არ აქვს, ეს კითხვები მან უნდა გააქარწყლოს. შერჩევის მეთოდოლოგიას რომ დავუბრუნდეთ, ნოემბრის კვლევაში, როდესაც გამოკითხა 1881 რესპოდენტი ამბობს, რომ ცდომილება ჰქონდა 1,6%, როდესაც გამოკითხა 4360 რესოდენტი მაშინ ცდომილება ჰქონდა 2,3%. ანუ, გაანახევრა თუ გააორმაგა რესპოდენტების რაოდენობა, მისთვის ცდომილება პირიქით იცვლება. არადა, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე. წესით, რაც უფრო იზრდება რესპოდენტების რაოდენობა, ცდომილების კოეფიციენტი მით უფრო უნდა მცირდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით არის.

ფაქტია, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვს ასეთ კვლევებს. რეალურად, კვლევის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში უიმედობის განცდის დათესვა? როგორც სოციოლოგები ამბობენ NDI „ნაციონალური მოძრაობისინტერესებს ატარებს.

- გეთანხმებით. ენდობა თუ არა საზოგადოება NDI-ის კვლევებს, გამოქვეყნებული მონაცემები და შექმნილი აჟიოტაჟი აუცილებლად იმოქმედებს საზოგადოების განწყობაზე. თუკი NDI, ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელია, ის ბაზარზე არ უნდა იყოს და არ უნდა ატარებდეს კვლევებს.

თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ნებისმიერ კვლევებს მაღალი სანდოობით ვატარებთ და ამ დროს უკან რაღაცა იმალება, რაზეც ბევრი საუბრობს და მეც მიჩნდება კითხვები, აქ უკვე ნდობის ხარისხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. მით უმეტეს, თვითონვე ამბობენ, რომ არ აკეთებენ რაღაცას ისე, როგორც უნდა აკეთებდნენ. რაც უფრო ინტენსიურია საზოგადოებაში უარყოფითი ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო ცუდად მოქმედებს ეს საზოაგდოების განწყობაზე.

მთავარი პრობლემა ქვეყანას მართლაც ეკონომიკაში აქვს. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ამას მთავრობაც აღიარებს, მაგრამ პრობლემის სიმწვავე შეესაბამება კვლევაში წარმოდგენილ პროცენტებს?

- პრობლემა მწვავე არის იმ საინფორმაციო კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში. რეალურად რეიტინგული სატელევიზიო არხები ახდენენ საზოგადოებაზე ზემოქმედებას და შესაბამისად, ეს აისახება მათ შინაგან განწყობაზე. მაგალითად ნოემბერში, როდესაც ლარის კურსი განსაკუთრებით იყო გაუფასურებული, ინტენსიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ლარი უფასურდება და ქვეყანა ინგრევა, ამ ინფორმაციით იყო საინფორმაციო ველი გაჯერებული და მაშინ ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 44% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. საინფორმაციო ფონმა შექმნა 44%.

საქართველოს სინამდვილეში NDI- შემჩნეულია პოლიტიკურ ანგაჟირებაში და მისი კვლევები ყოველთვის ასახავს გარკვეულ ტენდენციებს, განსაკუთრებით კი, არაპოლიტიკურ ნაწილში. ბატონო გივი, თქვენ ენდობით NDI-ის კვლევებს?

- ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვენდობი. მათი კვლევები ტენდენციას ასახავს. უბრალოდ, საქმე გვაქვს რაღაცა მანიპულაციასთან. მათ აქვთ კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ატარებენ კვლევებს. სოციოლოგიური კვლევები ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ თუკი არის დამკვეთის, ან ვინმე დაინტერესებული პირის ჩარევის და მისთვის სასურველი შედეგების დადების საჭიროება, ამ შემთხვევაში შემსრულებელს აქვს ამის შესაძლებლობა, სხვადასხვა მეთოდებით დადოს დამკვეთისთვის ან დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგი, რომელიც იმოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე.