„რუსეთის პროპაგანდის ეფექტის შემცირება, ევროკავშირის გააქტიურებით არის გამოწვეული“

„რუსეთის პროპაგანდის ეფექტის შემცირება, ევროკავშირის გააქტიურებით არის გამოწვეული“

საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომ ევრაზიული კავშირი არ არის, ამას მოწმობს NDI-ის კვლევა, რომლის თანახმად ევრაზიული კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 2015 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით 4%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, არასებულ კავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 20%-ს სურს. თუმცა, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ამბობს, საქმე გვაქვს შეკითხვის მიმართ განსხვავებულ რეაგირებაზე.

for.ge არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

კვლევის თანახად, რომელიც NDI-იმ საზოგადოებას წარუდგინა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 20% უჭერს. საუბარია, ორგანიზაციაზე რომელიც ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება კვლევის ეს ნაწილი?

არჩილ გამზარდია: ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს შეკითხვის მიმართ განსხვავებულ რეაგირებაზე. ანუ, სავსებით შესაძლებელია, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე რეაგირებდნენ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით. არის შემთხვევები, როდესაც გამოკითხულთა შორის შეკითხვის არსებითი ნაწილის ინტერპრეტირება ხდება. თუკი ეს მაჩვენებელი დამაჯერებელია, ვფიქრობ, რომ განპირობებულია იმით, რომ ევრაზიული კავშირი დაუკავშირეს ევროპას. შეიძლება კითხვის შემეცნების ინტერპრეტაციასთან გვქონდეს საქმე და ამის ალბათობა არის.

კვლევის ამ ნაწილში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, გამოკითხულთა 13% თვლის, რომ რუსეთი უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, მაგრამ გამოკვეთილად 1% ასახელებს ევრაზიულ კავშირს. მაშინ სად იკვეთება 20%-ის ლტოლვა ევრაზიული კავშირისკენ?

- ეს არის იმ პროპაგანდის შედეგი, რომლებიც ლობირებენ ამ გაუგერაბ მიმართულებებს. ამიტომ 13%-ში არ უნდა ვიგულისხმოთ ევრაზიული კავშირის მომხრე. საზოგადოებაში არსებობს კატეგორია, რომელიც კრიტიკულად ნეგატიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ, თუმცა მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების დარეგულირება მაინც რუსეთზე გადის, რუსეთში ხედავს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას. რაც შეეხება 1%-ს, ეს გახლავთ ის ნაწილი, რომელზედაც ვცელდება პრორუსული ჯგუფების პროპაგანდა და ამ არასებულ კავშირში ხედავენ გარკვეულ გამოსავალს.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 45% ქვეყნის მთავარ საფრთხედ ასახელებს რუსეთს და მხოლოდ 8% „ისლამურ სახელმწიფოს“, მართლაც საინტერესო სხვაობაა და ამ შემხთვევაში ვერ ვიტყვით, რომ ინტერპრეტირებული იყო შეკითხვის აღქმა. ეს უკვე ადასტურებს, რომ მოსახლეობას გათვითცნობიერებული არ აქვთისლამური სახელმწიფოროგორც საფრთხე?

- სრულიად გასაგებია ის მაჩვენებელი, რომელიც მთავარ საფრთხედ რუსეთს გულისხმობს. რაც შეეხება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“, გასაგებია, იმდენად, რამდენადაც რუსეთის მიერ მოყენებული ზიანი პირდაპირ არის არეკლილი ჩვენს ქვეყანაზე და ამას ყოველდღიურად ვაწყდებით. „ისლამურ სახელმწიფოს“ ზიანი პირდაპირ ჩვენს ქვეყანაზე არ არეკლილა. მით უმეტეს, რომ საინფორმაციო კამპანიებიც სავსებით არასაკმარისად მუშაობენ ამ მიმართულებით. „ისლამური სახელმწიფოს“ რისკების და საშიშროების მაღალ დონეზე გაცნობიერება არ ხდება. შესაბამისად, საფრთხის შეგრძნება, რომ მაღალ დონეზე არ არის აწეული, ესეც გასაგებია.

თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ნელ-ნელა მარცხდება. ამ კვლევიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ სხვა რეალობის წინაშე დააყენოს ქვეყანა რუსეთმა?

- პირველ რიგში, რუსული პროპაგნდის მარცხის პრესპექტივა უმეტესწილად განპირობებულია არა რუსეთის ფაქტორით, არამედ ევროკავშირის ფაქტორით. აქ ლაპარაკია უვიზო მიმოსვლაზე, განვითარებულ კომუნიკაციაზე და ა.შ. პრაქტიკულად, რუსეთის პროპაგანდის ეფექტის შემცირება, ევროკავშირის გააქტიურებით არის გამოწვეული. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი პასიური გახდა, არა - უფრო გააქტიურდა ევროკავშირი.

შესაბამისად, თუკი ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით შედეგები და ეფექტები კიდევ უფრო არ გააქტიურდება, რუსული პროპაგანდის ეფექტი ისევ გაიზრდება. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეზობლად გვყავს მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომელიც მიუხედავად იმისა, მის მიმართ ნეგატიურია თუ არა საზოგადოებრივი დამოკიდებულება, ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის. რუსეთის საფრთხის ხარისხი არ მცირდება.

საქართველოს სინამდვილეში NDI- შემჩნეულია პოლიტიკურ ანგაჟირებაში და კვლევების ობიექტურობაზე კითხვები ყოველთვის არსებობს. ეკონომიკური მიმართულებით საკმაოდ მძიმეა ეს კვლევა, მაგრამ საგარეო მიმართულებით მეტ-ნაკლებად დადებითი პროცესებია. თქვენ თუ ენდობით ამ კონკრეტულ კვლევას?

- ჩემი ნდობა NDI-ის კვლევის მიმართ ყოველთვის დაბალი იყო. ჩემი დარგის სპეციალისტი ამგვარ კვლევებს ყოველთვის განიხილავს არა როგორც საზოგადოებრივი აზრის ფიქსირების საშუალებად, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებად. მიმაჩნია, რომ ძირითად შემთხვევაში NDI-ის და მათ შორის IRI-ის მონაცემების მიზანია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება და მისი რეალიზაცია.