სატაქსო ბიზნესი - შეზღუდვა თუ წახალისება

სატაქსო ბიზნესი - შეზღუდვა თუ წახალისება

სატრანსპორტო სფეროში ბაზარზე არსებული პრობლემის მოგვარებას თბილისის მერია მომავალი წლიდან გეგმავს. მანამდე კი სპეციალისტები, მძღოლები და მუნიციპალიტეტის მოხელეები პრობლემის გადაჭრის გზებზე ცალ-ცალკე მსჯელობენ. ჯერჯერობით, ოპტიმალური ვარიანტის კონტური მოხაზული არ არის.

ცნობილია, რომ 2017 წლიდან ტაქსებისთვის რეგულირების დოკუმენტი ამოქმედდება. როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ძირითადი პრინციპი, რომელსაც დოკუმენტი დაეყრდნობა, უსაფრთოების პრინციპი იქნება.  საუბარია, ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებასა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“ჯერჯერობით გვაქვს იმ მოდელის სამუშაო ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და რომელიც ბევრი მიმართულებით, ალბათ, კიდევ დაზუსტდება. მთავარი ამ ეტაპზე არის უსაფრთხოება, რადგან სფერო ახლა დაურეგულირებელია, არავინ აკონტროლებს ამ სექტორს, რაც პრობლემას ქმნის და ეს უკავშირდება უსაფრთხოებას.

ეს დოკუმენტი, რომელიც გვაქვს, რამდენიმე პრინციპს ეყრდნობა. უსაფრთხოების კომპონენტი გაყოფილია ორ ნაწილად: ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც მის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლიობას მოიცავს და მეორე - მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. აქ საჭიროა მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ადასტურებს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას”, - განაცხადა ლექვინაძემ.

ამასთან, დოკუმენტში გაწერილია სტიმულირების მექანიზმებიც, რა უპირატესობები შეიძლება მიენიჭოს ამ სექტორს. მაგალითად, გამოყოფილი ჰქონდეთ ადგილები, მიიღონ სხვადასხვა პლიუსები. ლექვინაძის თქმით, სამუშაო ვერსიაში ყველაფერი ეტაპობრივად არის გაწერილი და მოიცავს ოთხ ეტაპს.

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ სფეროში ბევრი ადამიანია დასაქმებული და ბევრი იღებს შემოსავალს, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დროში ისე იყოს გაწერილი, რომ ეს ადამიანები არ დაზარალდენენ ეკონომიკურად და   მათთვის დაწესებული გადასახადი და რეგულაცია, ხარჯის მხრივ, იყოს მინიმალური. ამისათვის იქნება გონივრული ვადა და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მოემზადოს. რეგულირების პერიოდი სადღაც მომავალი წლის მეორე ნახევარიდან დადგება”, - განუცხადა “აიპრესს” ლექვინაძემ და დასძინა, რომ ტაქსების ტექიკური დათვალიერების ვალდებულბა ქვეყანაში საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს დაემთხვევა.

თბილისში დაახლოებით 40-50 ათასი ტაქსი მოძრაობს და მათი დიდი ნაწილი მოძველებული და მოუწესრიგებელია. ამას მხოლოდ თბილისელები კი არა, უცხოელებიც ამჩნევენ.

“დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტაქსების სერვისი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რომ მძღოლების მომსახურების ხარისხი ძალიან დაბალია, მათ არ იციან ელემენტარული, საკომუნიკაციო უცხო ენა, ტაქსებში არ არის დაცული სანიტარული ნორმები - ეს ყველაფერი ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომელსაც ტურიზმის განვითარება სურს”,  - აცხადებს „ეკოტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე.

მიუხედავად ამისა, ხელაღებით ამ პრობლემის გადაჭრა დაუშვებელია, რამდენადაც ამ დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის ეს ერთადერთი საარსებო წყაროა. თანაც რეალურად თუ შევხედავთ საკითხს, ტაქსი მაინც მგზავრობის ყველაზე ნორმალური საშუალებაა.

“მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ტაქსი ყველაზე ნორმალური ტრანსპორტია თბილისში, რადგან ავტობუსები ამორტიზებული და გადატვირთულია. ტექნიკურად გაუმართავი, ასევე გადატვირთულია მიკროავტობუსებიც, არანაკლები დისკომფორტი ხვდება ადამიანს მეტროში, რომლის უსაფრთხოებაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ყველაზე უკეთესი საშუალება მაინც ტაქსია.

ამიტომ, ეს ხალხი კი არ უნდა შებოჭონ, უნდა წაახალისონ, ხელი შეუწყონ, ბიზნესი დააინტერესონ, რომ ამ სექტორში ფული ჩადოს. ისეთი სერვისი უნდა შეიქმნას, რომელიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს სურს შექმნას კომპანია და ამ დარგში დასაქმდეს, მაგრამ ისინი სხვა მოთამაშეებთან ერთად თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ”, -  აცხადებს ურუშაძე.