„არჩევნების თარიღი პრემიერისა და პრეზიდენტის მიერ ერთიანად იყო დაგეგმილი“

„არჩევნების თარიღი პრემიერისა და პრეზიდენტის მიერ ერთიანად იყო დაგეგმილი“

პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტის თავმჯდომარე და ცესკო იმ სამართლებრივი ჩიხიდან გამოსვლას ცდილობენ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნით და განკარგულების გამოცემით წარმოიშვა. ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისთვის მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება, ოპოზიცია კი, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას არა 8 აგვისტოდან, არამედ ექვსი თვით ადრე ითხოვს და მთავრობას ფინანსების გამოყოფას ურჩევს.

გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული აქტის თაობაზე, for.ge ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს ესაუბრა:

არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემული ის განკარგულება უკან წაიღოს, რომელიც 8 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას გულისხმობს. რას აპირებს, ქვეყნის პირველი პირი?

- პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედგა, რომელსაც როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ცესკო-ს წარმომადგენლები დავესწარით. შეხვედრაზე სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელეთ, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაციები და აზრთა სხვადასხვაობა მართლაც არის. ყველა საკითხი რაც დაყენებული იყო, ჩვენს მიერ განხილული იქნა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის ათი სამუშაო დღე აქვს და კონსულტაციებისთვის დრო კიდევ არის. ჩვენ ვიმსჯელებთ და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისევე როგორც საერთო გადაწყვეტილება 8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ აქტთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ არჩევნების თარიღის ექვსი თვით ადრე გამოცხადება პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ოპოზიცია ითხოვს, რომ წინასარჩევნო კამპანია სწორედ ახლა დაიწყოს. მთავრობა კი განმარტავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ექვსი თვით ადრე ფინანსების არარსებობის გამო ვერ დაიწყება. მათი პოზიცია რამდენად არგუმენტირებულია?

- პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ახსნეს, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მილიონთან არის დაკავშირებული. დიახ, პრობლემას დაფინანსების თემა წარმოადგენს, რადგან საუბარი რამდენიმე მილიონზეა. აქედან გამომდინარე, მსჯელობა მიდის, სახელმწიფოსთვის საარჩევნო კამპანიის დაწყება რამდენი ხნით ადრე არის შესაძლებელი. პრეზიდენტის მოტივაციაა, რომ არჩევნების თარიღი პარტიებისთვის ექვსი თვით ადრე ყოფილიყო ცნობილი, რათა მათ წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვის საშუალება ჰქონოდათ. როცა ოპოზიციაში ვიყავით, ისეთი პერიოდები მახსოვს, როცა არჩევნების თარიღი წინა დღეს გამოუცხადებიათ და მეორე დღეს საარჩევნო კამპანია იწყებოდა. შესაბამისად, ჩართული იყო საარჩევნო კალენდარი, რომელიც „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ბოლო 60 დღეზე იყო მორგებული. ბევრი პროცედურა, მათ შორის, კომისიის წევრების დანიშვნა მოსასწრები იყო. პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების თარიღი ახლა უკვე იციან, რაც ძალიან კარგია. პარტიები მოახერხებენ, რომ ამ თარიღზე წინასაარჩევნო კამპანია ააწყონ. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ეს თარიღი უცვლელი იქნება.

ექვსი თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანიის ვერდაწყების მიზეზად ფინანსები სახელდება, თუმცა, მთავრობა იმ აკრძალვებს ხომ არ გაურბის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას თან ახლავს. მათ შორის, ეს იქნება ავტომობილებით სარგებლობის შეზღუდვა, თუ ის, რომ სამუშაო საათებში აგიტაციას ვერ გამართავენ?

- ეს ყველაფერი დამოკიდებულია არა ზოგადად პოლიტიკოსზე, არამედ უკვე რეგისტრირებულ კანდიდატზე და თუკი სწორად მახსოვს, რეგისტრაცია ათვლილია არჩევნების დღიდან. სანამ შესაბამისი ადამიანი კანდიდატად არ არის რეგისტრირებული, მანამდე ეს შეზღუდვები არ მოქმედებს. არ მგონია, რომ ეს მსჯელობა ამიტომ ხდება. საუბარი ფინანსებზეა, თუმცა, უნდა ვეცადოთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წამზომი სწრაფად უნდა ჩაირთოს. კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების თარიღი იციან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო კალენდარი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს.

კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ არჩევნები ოქტომბერში ტარდება, თუმცა, 8 ოქტომბერი რატომ აირჩიეთ? - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს შეგნებულად დაინიშნა, რადგან აგვისტო პასიური თვეა და ამომრჩეველი ძირითადად ისვენებს...

- კონსტიტუციას ვერავინ ვერ გადავიდოდა, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა მოტივაცია ახსნა, რატომ 8 ოქტომბერი. როგორც თვითონ ბრძანა, ვარაუდობენ, რომ მეორე ტურები იქნება, რადგან ბარიერი 50 პროცენტამდეა აწეული. თუკი მეორე ტურები იქნება და ეს მაღალმთიან რეგიონებში მოხდება, შესაძლებელია, იქ კლიმატური პირობები გაუარესდეს და საარჩევნო უბნამდე მისვლა ძნელი იყოს. ასევე, იცით, რომ საბიუჯეტო წელს თავისი გრაფიკი აქვს და ბიუჯეტი მიღებული მიმდინარე წელს უნდა იქნეს. ანუ, პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილი ნოემბერში უნდა იყოს, რომ დეკემბერში ბიუჯეტის მიღება შესაძლებელი იყოს.

რაც შეეხება კონტრასიგნაციას, იმ შემთხვევაში თუკი, პრემიერ-მინისტრი განკარგულებას ხელს არ მოაწერს და დოკუმენტს შენიშვნებითურთ უკან პრეზიდენტს დაუბრუნებს, ქვეყნის პირველი პირის პასუხი რა იქნება?

- შეთანხმებას სწორედ ამიტომ ვცდილობთ და კონსულტაციებიც ამიტომ იმართება. დიდი იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად ერთიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, არჩევნების თარიღი ერთიანად იყო დაგეგმილი.

ანუ, პრემიერისა და პრეზიდენტის მიერ?

- დიახ, ეს ერთიანი გადაწყვეტილების შედეგად იქნა მიღებული.