„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, მეორე საპატიო ადგილს კი, ჯანდაცვის მინისტრი დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე. წინასაარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არ არის, თუმცა, დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე მასთან კონსულტაციები გაიმართოს.
„მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, ისევე, როგორც მე არ ვარ ჩართული წინასაარჩევნო სიის შედგენაში. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, ვფიქრობ, ეს საპასუხისმგებლო საკითხია და კონსულტაციები ალბათ, იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მეორე ნომერი იქნება. არაოფიციალური ინფორმაციით, საარჩევნო სიაში იქნება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და „2030“-ის ეკონომიკური ექსპერტი მიხეილ დუნდუა. ასევე, „ქართული ოცნების“ ათეულში იქნება აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, თამარ ჩუგოშვილი. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გადაინაცვლებს დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გადანაცვლებას არ ადასტურებს ნოდარ ჯავახიშვილი და აცხადებს, რომ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
„დამისვით ნებისმიერი კითხვა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ახლა არჩევნებზე ვმუშაობთ? თქვენ გგონიათ, რომ საარჩევნო სიაში მოხვედრა ჩემი ოცნება ან მიზანია? რატომ მისვამთ ასეთ კითხვას? შეიძლება, კითხოთ ახალგაზრდა ადამიანს, მოხვდებით თუ არა ინივერსიტეტში? რატომ ფიქრობთ, რომ საარჩევნო სიაზე ვოცნებობ. თქვენ ახლა მეკითხებით - მოგხსნიან თუ არა სამსახურიდან? - ამას ნიშნავს თქვენი კითხვა სიასთან დაკავშირებით - არა, ბატონო“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილმა.
ვინ დარჩება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში და რა გუნდით წარსდება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი კვირიკაშვილის გუნდი, ეს 14 მაისს გახდება ცობილი. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ დავით სერგეენკოს საარჩევნო სიაში შეყვანა სწორი სვლა არის. პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რაც შეიძლება რეიტინგული პიროვნებები განალაგოს სიის სათავეში, რაც მისივე თქმით „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემური საკითხია, რადგან აშკარაა, რომ საკადრო რესურსის დეფიციტია.
„ძირითადად „ქართული ოცნების“ რეიტინგი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ დავით სერგეენკო არის ის გამონაკლისი, რომელმაც დაიმსახურა მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა. NDI-იც აღნიშნავს, რომ თუ რამეთი არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილი, ეს არის ჯანდაცვის რეფორმა. ამდენად, არ მიკვირს, რომ სიაში იქნება სერგეენკო. დიდი ხანია ამას ვვარაუდობდი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება.
საარჩევნო სიის სამეული უნდა სარგებლობდეს მაღალი ნდობით, ამ თვალსაზრისით კრიტერიუმებს აკმაყოფილებს კვირიკაშვილი, მაგრამ არ ვიცი ვინ იქნება მესამე. სასურველია, რომ მესამეც ასევე იყოს ნდობით აღჭურვილი და რეიტინგული ფიგურა. ალბათ, სამეულის შემდეგ ვნახავთ „ქართული ოცნების“ ახალ სახეებსაც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სიის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებით დაკომპლექტება სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მომავალ პარლამენტში დარჩებიან.
„სწორედ ასეთად მიმაჩნია ბატონი სერგეენკო, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს როგორმე განერიდოს ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მან ადგილი ისეთ პირს დაუთმოს, რომელიც სიაში შემდეგი იქნება. არც ეს არის გასაკვირი. დარწმუნებული ვარ, თუ მეოცნებენი შეძლებენ უმრავლესობის მოპვებას პარლამენტში, ასევე, პარლამენტში დროის დაკარგვას არ გადაწყვეტს ბატონი კვირიკაშვილიც.
ამიტომ, საარჩევნო სიაში უნდა ველოდოთ ისეთ ადამიანებსაც, რომელთაც არასოდეს უოცნებიათ პარლამენტარობაზე. ისინი საკუთარი ავტორიტეტით მოიზიდავენ ამომრჩევლებს და არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ ისინი პირველსავე დღეს დატოვებენ პარლამენტს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციები მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დადებითი იმიჯით სარგებლობენ, სავსებით შესაძლებელია საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა პოზიტიური იმიჯით სარგებლობს, გამონაკლისია ფინანსთა და განათლების მინისტრები, რომლებიც შედარებით ნეგატიური იმიჯით სარგებლობენ საზოგადოებაში.
„ძალიან დადებითი იმიჯი და მაღალი შედეგები აქვს მიღწეული სასჯელაღსრულების მინისტრს, კახი კახიშვილს. ასევე, მაღალი იმიჯით და ნდობით სარგებლობს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ საარჩევნო სიაში. მიუხედავ იმისა, რომ გარკვეული პერსონებზე დადებითი მოსაზრებები არსებობს, მთლიანობაში მაინც კრიტიკულია საზოგადოების აზრი. საზოგადოება არ აფასებს მაღალ დონეზე ხელისუფლების მუშაობას, ამიტომ, უკვე, ახალი სახეებია საჭირო.
საინტერესო იქნება, როგორც გამოცდილი ადამიანები, ასევე ახალგაზრდები, ამასთანავე ისეთი ადამიანები, რომლებიც ცნობადობით სარგებლობენ და გარკვეული იმიჯი გააჩნიათ საზოგდოებაში. მარტო აღმასრულებელი ხელისუფლების გამოყვანა, თუნდაც ისინი სარგებლობდნენ დადებითი იმიჯით, საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაღალი შედეგები არჩევნებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.