„NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს „იგივე მდგომარეობაში“ მიიჩნევს“, - ასეთია IND-ის კვლევის შედეგები. კვლევა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და საგარეო მიმართულებას ეხებოდა, 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა. რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, NDI მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 10% თვლის, რომ მისი მდგომაობა გაუმჯობესდა, 47%-ის თქმით, „იგივე მდგომარეობაშია“, ხოლო 42% ამბობს, რომ მისი მდგომარება გაუარესდა. გამოკითხულთა უმეტესობა ან უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რომლებიც სჭირდება, ან ნაკლებად ყიდულობს. ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.
გამოკითხული 3 900 რესპოდენტთა 1%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან კარგია, 2%-ის შეფასებით კარგი, 29 %-ის აზრით საშუალოა, 40% მიიჩნევს, რომ ცუდია, 26% ფიქრობს, რომ ძალიან ცუდია, ხოლო 2%-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
ამასთან, გამოკითხულთა 53% -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59%-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.
გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა/ინფლაციაა, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.
გამოკითხვა, რომლიც NDI-იმ 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა, ასევე ეხებოდა საქართველოს საგარეო მიმართულებას. ამ კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით გაზრდილია. მაშინ ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60%-სთვის იყო, დღეს კი, გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, 14%-მა კი, უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. რესპონდენტთა 69% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 19% კი წინააღმდეგია.
კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 20% უჭერს. 61%-ს კი ევროკავშირში გაწევრიანება სურს. რესპონდენტთა 9%-ს არც ერთ კავშირში არ სურს გაწევრიანება, ასევე 9%-ს არ იცის რა უკეთესია, ხოლო 1%-მა უარი განაცხადა პასუხზე.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% ინფორმირებულია ვიზალიბერალიზაციის შესახებ, საიდანაც 72% აცხადებს, რომ აღნიშნულს ემხრობა. რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 14%-მა აღნიშნა, რომ პროდასავლური, 52 %-ის აზრით, პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც, 5% ფიქრობს, რომ პრორუსული, 16%-ის აზრით კი, პრორუსული, თუმცა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ს კვლევების თანახმად, კითხვა იყო, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო 23%; ევროკავშირი 13%; რუსეთი 13%; აშშ 10%; ევრაზიული კავშირი1%; აზერბაიჯანი 1%; სომხეთი 1%; 32%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს, „ისლამური სახელმწიფო“ - 8%; აშშ - 7%, თურქეთი - 5%; ნატო - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; 275-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემა არ ისურვა.
კვლევებს აფასებენ უმრავლესობის წევრები და აცხადებენ, რომ კვლევებში დასახელებული სოციალური პრობლემები, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშეც ჩანს. როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობის სოციალური დონე საკმაოდ მძიმეა. გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამშვიდეს საზოგადოებას იმით, რომ იგივე მდგომარეობა და უფრო რთული ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომელსაც მეტი რესურსი აქვს მაგალითად - უკრაინაში, რუსეთში, თურქეთშიც მძიმე ვითარებაა. თუმცა, ფიქრობს, რომ ტენდენციები მაინც პოზიტიურია.
„ვიცით, რომ ცუდი შედეგები მოიტანა ვალუტის კურსის ცვლილებამ. მართალია, ვერ მოახდინა ფასებზე დამანგრეველი დარტყმა, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ რეალურად არის ნეგატიური ტენდენციები, რომელიც ახასიათებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის თემის გაქრობა საგანგაშოა. სერგო რატიანის განცხადებით, ანგარიში ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს.
„მოსახლეობას ძალიან ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მთავრობამ შექმნა, ამას გამოკითხულთა 81% ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 42%-ის აზრით, მათი მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა და 47%-ის აზრით კი, სტაგნაციაა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ნაციონალური პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
პოლიტიკოსებისგან განცხადებით, პროცენტებზე ლაპარაკი უჭირთ ექსპერტებს, რომელთა შეფასებით, საქართველოს სინამდვილეში NDI-ი შემჩნეულია პოლიტიკურ ანგაჟირებაში და მისი კვლევები ყოველთვის ასახავს გარკვეულ ტენდენციებს, განსაკუთრებით არაპოლიტიკურ ნაწილში.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კვლევის გარეშეც ცნობილია, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანას ეკონომიკაში აქვს. თუმცა, რადენად მწვავეა ეს პრობლემა და შეესაბამება თუ არა პროცენეტები, ამის შეფასებისგან ხუხაშვილი თავს იკავებს.
„საქართველო, რომ ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის. ბევრი გარე ფაქტორი მოქმედებდა ამ პრობლემების ფორმირების პროცესში. ბუნებრივია, მეტი ადამიანი არის უკმაყოფილო იმიტომ, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი გაუარესდა იმ ფონზე, როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა. სერიოზული დევალვაცია გვქონდა და განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა ლარის გაუფასურება. ცხოვრება გაძვირდა და შემოსავლების ინდექსაცია არ მოხდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალურმა სტატუსმა განიცადა ვარდნა. ჩვენ, სამწუხაროდ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახება სამომხმარებლო კალათაზე. გამოკითხვის შედეგებიც ამასვე ადასტურებს. ეს არის ეკონომიკური ლოგიკა და ამას ვერსად ვერ გაექცევი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა გაზრდასა და ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა შემცირებას, ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ამას ობიექტური მიზეზები აქვს და კვლევა ადასტურებს, რომ რუსულმა პროპაგანდამ თავისი პიკი გაიარა.
„ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროკავშირში იზრდება ჩვენი ექსპორტი. ყიყინი და წივილ-ყვირილი რუსულ ბაზარზე - მითი რუსული ბაზრის შესახებ ბარდება წარსულს. ასევე, ყველა ხედავს, რომ რუსეთისგან არანაირი ხეირი არ არის. ეს არის ობიექტური მიზეზები. ამასთან, მადლობა ღმერთს, რომ მოხდა მობილიზება არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მათ შეიტანეს მთავარი წვლილი.
საქართველოში რუსული პროპაგანდა ნელ-ნელა მარცხდება. სიტუაცია უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას როგორიც უნდა იყოს. რუსული პროპაგანდა, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მარცხდება. ამას დაინახავენ რუსეთში და მოიგონებენ „უკეთეს“ რამეს. მოიგონებენ ახალ კვლევებს, ახალ სისულეებს. თუმცა, მათი კამპანია, საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხდება, რადგან ადრე თუ გვიან, ყველა იგებს სიმართლეს. პერსპექტივა მათ არ აქვთ“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საეჭვოდ მიიჩნევს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 20%-ს ასახავდეს.
„ეს ციფრი საეჭვოდ მეჩვენება. მეეჭვება ჩვენი მოსახლეობის ერთმა მეხუთედმა იცოდეს ევრაზიული კავშირის შინაარსი, იმ კავშირისა, რომელიც ჯერ არ არსებობს. ევრაზიული კავშირი იმდენად გაუგებარი წარმონაქმნია, რომ დღეს რუსეთშიც აღარ არის ამაზე ლაპარაკი. ამიტომ, ჩათვალო, რომ შენი მოსახლეობის ერთი მეხუთედი ამ წარმონაქმნს აფასებს და მასთან დაახლოება სურს, ეს უკვე გაუგებარია. ამიტომ, ისევ და ისევ კითხვის ნიშნები ჩნდება იმის თაობაზე, როგორ იყო კითხვა შეთავაზებული. რაც შეეხება საქართველოს საგარეო ორიენტაციას, ამ გამოკვლევების მიხედვით პასუხი გაცემულია. ევროპასთან შემხებლობა მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.