„NDI-მ მეთოდოლოგია დახვეწა და დაადგინა, რომ ევრაზიული კავშირის მოსურნე 31% კი არა, 20% ყოფილა“

„NDI-მ მეთოდოლოგია დახვეწა და დაადგინა, რომ ევრაზიული კავშირის მოსურნე 31% კი არა, 20% ყოფილა“

ქართულ საზოგადოებას სოციალური პრობლები ადარდებს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კი, პოლიტიკური რეიტინგები. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა და ქვეყნის ეროვნულ პრობლემად - უმუშევრობა დასახელდა.

ტრადიციისამებრ, კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ოპოზიცია კი, მონაცემებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყენებს.

NDI-ს მიერ გამოკითხულმა 3900 რესპოდენტმა პასუხები როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე გასცეს, რომელთა შედეგებს პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ კვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების რეიტინგები ერთობლივია.

ქვეყნის უმთავრესი პრობლემა დასაქმება რომ არის, ეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ იცის, თუმცა, ფიქრობს, რომ NDI-ს კვლევა გადახრილ-გადმოხრილია.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, რესპოდენტები საუბრობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია და 2012 წლის შემდეგ უკეთესობას ვერ გრძნობენ.

„ქვეყანაში ის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის, რაც ხელისუფლებას სურს, მაგრამ უკეთესობა რომ არის, ამას ნებისმიერი ადამიანი ხედავს. თუკი ამის დანახვა არ გინდა, ბუნებრივია, ვერ დაინახავ. ძალიან ბევრი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა. 2012 წელთან შედარებით, იგივე მდგომარეობა როგორ არის? - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოთხი წლის მანძილზე, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ხდება და ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამდენი რაღაცის არდანახვა, სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ეს კვლევები რეალობიდან აცდენილია, თუმცა, მწვავე პრობლემად სამუშაო ადგილების შექმნაა წამოწეული და მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული წინსვლაა, ეს საკმარისი არ არის და ამ მხრივ მუშაობა გასააქტიურებელია“, - აცხადებს ტყემალაძე.

ტყემალაძის მსგავსად, ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ იცის, რომ საზოგადოების პირველი პრობლემა სამუშაო ადგილები და სიღარიბის დაძლევაა და მთავრობის მთელი ძალისხმევა უმუშევრობის პრობლემების დაძლევისკენ არის მიმართული.

„სოციოლოგიური კვლევის გარეშე, მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ეკონომიკურ განვითარებას ხელი შევუწყოთ. ეს თემა ახალი არ არის. შესაბამისად, ამ კვლევებში განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ ვხედავ“, - დასძენს კობახიძე.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კვლევებზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ნაწილზე ამახვილებს, რომლის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილს გამოკითხულთა 20 პროცენტი გამოთქვამს.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირის მოსურნე 31 პროცენტი არ ყოფილა და ეს 20 პროცენტია, რაც იმ სტანდარტშია, რომელიც ევროპაში პოპულისტური მიმართულების ხალხშია.

„NDI-მ დაადგინა, რომ 20 პროცენტი 31 პროცენტი არ არის და ეს პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი აღარ იქნება. ქართველ ხალხს ევროპა და ნატო უნდა, რაც ამჟამად დაადასტურა, წლის დასაწყისში კი, მათი უცნაური კვლევა ცოტა სხვანაირი იყო. 31 პროცენტი რეალისტური არ იყო და როგორც ჩანს, მეთოდოლოგია დახვეწეს“, - ამბობს ბერძენიშვილი.

კანონმდებელი დასაქმების თაობაზე მოსახლეობის უკმაყოფილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ხალხი ოპტიმისტია და მათ უკეთესი ცხოვრება უნდათ.

„კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობიდან უარესობისკენ არ შეიცვალა. ოპტიმიზმი არის, რომელიც ქართველ ხალხს შევარდნაძის დროსაც კი ჰქონდა. საინტერესო უფრო პოლიტიკური ნაწილი იქნება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი კვლევის შედეგებს ენდობიან და „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლის სურვილს ამჟღავნებენ.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, საზოგადოებაში უიმედობა არსებობს და ხალხმა იმის განცდა დაკარგა, რომ ხვალ უკეთეს ვითარებაში იქნებიან, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ეკონომიკა გაუარესებულია, დასაქმების პრობლემაა და ამას ხალხი ხედავს. ქვეყანა წლიდან-წლამდე წინ უნდა მიდიოდეს, ეს კვლევა კი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ვითარდება. ე.წ. მაკრატელი არსებობს, რომელიც ამ კვლევაშია. კერძოდ, როცა უფრო მეტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე სწორი გზით. ეს ტენდენცია გაზრდილია. ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, დღევანდელი ვითარებიდან საქართველოს მოქალაქე რა პერსპექტივას ხედავს?! ხალხი ხედავს, რომ მათი მდგომარეობა არც შემდგომ პერიოდში არ გაუმჯობესდება. გამოსავალი ძალიან მარტივია, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა მმართველობაში პროფესიონალები მოვიდნენ“, - აცხადებს ვაშაძე.

კანონმდებელი კვლევებისადმი „ქართული ოცნების“ სკეპტიციზმს ეხმაურება და ამბობს, რომ მათი შეფასებები იმაზე მიუთითებს, რომ ხალხი სხვაგანაა, ხოლო ხელისუფლება სხვა რეალობაშია.

„ისინი საკუთარი ფუფუნებისთვის იბრძვიან, მივლინებებში დადიან, დიდ პრემიებს იწერენ და ბიძინა ივანიშვილის ფულით სახლებიც შეიძინეს. ხელისუფლება ხალხს დაშორდა. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას, ეს ისე ხდება „როგორც ჩვენს დროს იყოო“, გეტყვით, რომ მაშინ, ეკონომიკაში ეს ვითარება არ იყო და წლიდან-წლამდე ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდა. იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს დაშორდა, მან მცირედით არჩევნები წააგო. ამიტომ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ მარცხისთვის განწირულია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯებთ“, - აღნიშნავს ვაშაძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე აპელირებს ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე აცხადებს, რომ კვლევიდანაც ჩანს, რომ მოსახლეობის ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია ეკონომიკასთან და ეროვნული პრობლემაც სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. მისი შეფასებით, ოთხი წლის მანძილზე, ხელისუფლებამ არათუ უმუშევრობის პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო, არამედ ამ მხრივ პირიქით გაუარესებაა.

„არ მგონია, რომ ეკონომიკური ვითარება არჩევნებამდე გამოსწორდეს, რადგან ეს წელი უფრო რთული იქნება. საარჩევნო წელია და ყველა მოლოდინის რეჟიმშია გადასული. მათ შორის, ინვესტორებიც არიან. ქვეყანაში ახალი ბიზნესების დაბანდებას არავინ არ დაიწყებს. ამ ხელისუფლებამ საკუთარი ვადა უნდა დაასრულოს და მმართველობაში ახალი ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ალტერნატივა ჩვენ ვართ, რომლის მსგავსი ეკონომიკური ხედვა უახლოეს მომავალში არავის არ ექნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური კვლევის შედეგების ნაწილს, თავდაპირველად პარტიებს გააცნობს, მოგვიანებით საზოგადოებას.