„სოლოლაკში უსუფაშვილის ყოველდღიური სიარული უშედეგო აღმოჩნდა“

„სოლოლაკში უსუფაშვილის ყოველდღიური სიარული უშედეგო აღმოჩნდა“

პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მოსაზრებით, მოდური გახდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვინმესთან ძალით დააქორწინონ, თუმცა, ირაკლი ალასანიას გუნდი 8 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად ჩაერთვება. კანონმდებელი ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის მმართველობის ფორმალურ თუ არაფორმალურ პერიოდში, როგორც ბევრი პროგრესული საჯარო მოხელე განადგურდა, ასეთ წრეზე - თავდაღმართში კვირიკაშვილიც დააყენეს.

ქართულ პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენების შეფასების მიზნით, for.ge გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე პოლიტიკურ ფლანგზენებათაღელვა არ ცხრება. ხელისუფლება თარიღის შეცვლას არ აპირებს, ოპოზიცია სამართლებრივ კოლიზიაზე აქცენტირებს. თქვენი პოზიცია როგორია?

- რბილად რომ ვთქვათ, ეს სამართლებრივი გაუგებრობაა და ერთ ნორმაში რამდენიმე კოლიზიაა, რადგან ქართული კანონმდებლობით განმარტებულია, რომ არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ძალაში ის რეგულაციები შედის, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასთან და აგიტაციასთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტის განკარგულების ამოქმედებას არანაირი დათქმა არ უშველის. სხვადასხვა პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტები გადავამოწმეთ და იმგვარ პრეცედენტს ვერსად ვერ ვხვდებით, რომ არჩევნების თარიღი დათქმით ამოქმედდეს. ცესკო-ში ჩვენს წევრთან საუბარი გვქონდა და მან დაგვიდასტურა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცისა და მთავრობის კანცელარიას ცესკო-სთან არანაირი კონსულტაცია არ ჰქონიათ. თუკი ცესკო-ს არ ესაუბრებიან, მას არჩევნებს შორის პერიოდში მილიონობით ლარს რატომ უხდიან, ხოლო წინასაარჩევნოდ ათობით მილიონ ლარს? - სჯობს, ეს დაწესებულება გავაუქმოთ და თვით დინებაზე მივუშვათ, როგორც ახლა მიშვებული პრეზიდენტის აქტია.

ცესკო-ს წარმომადგენლებისთვის აზრი რომ ეკითხათ, ისინი ამომწურავ პასუხებს გასცემდნენ, რომ პირობადადებული დოკუმენტის მიღება და იმის თქმა არ შეიძლება, რომ არჩევნებს 8 ოქტომბერს ნიშნავ, მაგრამ აკრძალვები ძალაში 8 აგვისტოდან შევა. ნიშანდობლივია ის, რომ როცა პრეზიდენტი გამოვიდა, მან 8 აგვისტოზე არაფერი არ თქვა. ადამიანებს მისთვის უნდა განემარტათ, რომ სულ მცირე, უხერხული მდგომარეობა შეიქმნებოდა. პრეზიდენტი ვალდებული არ არის, რომ „საარჩევნო კოდექსის“ ყველა დეტალი იცოდეს, თუმცა, მის ადმინისტრაციაში ადამიანები იმისთვის არიან, რომ ჭკუა დაარიგონ.

ანუ, პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს? პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კანონმდებლობაში არსებული პროცედურები არ გათვალა და ეს მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც აკრძალვებზე საუბარი მედიამ დაიწყო?

- დარწმუნებული ვარ, ეს ასე იყო. როგორც ჩანს, ამ აკრძალვებს ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს, რაც ერთი ათად აღმაშფოთებელია. როცა მთავრობის კანცელარიაში, კვირიკაშვილი მარგველაშვილთან ამ თემებზე საუბრობდა, მას გვერდით რჩევის მიმცემიც არ ჰყავდა და ეს საგანგაშოა.

სწორედ ეს მინდა გკითხოთ. როცა ქვეყნის პირველი პირი და პრემიერი არჩევნების თარიღს აცხადებენ, მათ წინასწარ ის რეგულაციები არ უნდა გაიარონ, რაც თარიღის გამოცხადებას მოჰყვება? თუკი ეს დეტალები არ გათვალეს...?

- მაშინ, ამ ქვეყანაში გათვლილი რა არის? - არც არაფერი არ არის გათვლილი. პათოსში გეთანხმებით, რადგან ეს საგანგაშო მოვლენაა. უმნიშვნელოვანესი მოვლენებისამი ადგილი აქვს ზერელე და უგერგილო დამოკიდებულებას. როცა წამყვანი თანამდებობის პირები ასეთ დეტალებზე არ საუბრობენ, წარმოიდგინეთ, ქვეყანაში სხვა მიმართულებით რა ხდება. პრეზიდენტის მდგომარეობაში შევდივარ და არ მინდა, მის მიმართ ნიშნის მოგებით ხელი გავიშვირო. წლების მანძილზე, ის ყველას მხრიდან უამრავი დარტყმის ობიექტი გახდა. ჩემი ამოცანა არ არის, რომ მარგველაშვილი გავაშავო. მისი კეთილი ზრახვები მესმის, რომ თამაშის წესების ყველასთვის ექვსი თვით ადრე ყოფილიყო დადგენილი. წინასაარჩევნოდ ამხელა ვადა უპრეცედენტო მოვლენაა. ვიცით, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. ერთადერთი სიკეთე, რაც ამ თემიდან გამოვადნეთ, ისაა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. მესმის, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური განაცხადი იყო და ამ პათოსს ვიზიარებ, მაგრამ როცა სახელმწიფო მოხელე ხარ, უნდა იცოდე, რომ პოლიტიკურ განაცხადს სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. ამიტომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები საკითხის აწონ-დაწონვით უნდა მივიღოთ. ეს არჩევნები ქვეყნის არა მხოლოდ მომავალ ოთხ წელს განსაზღვრავს, არამედ ბევრად იქით რამდენიმე ათწლეულს. სახელმწიფო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ გზაგასაყარზე დგას.

ამჟამად, ხელისუფლება სამართლებრივი ჩიხიდან გამოსვლის გზებს ეძებს, მაგრამ იქ რატომ აღმოჩნდნენ, უცოდინრობით თუ იმ აკრძალვებს გაურბიან, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს?

- მთავრობის წევრების მოსაზრებები მოვისმინე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ასე ადრე დაწყება საბიუჯეტო ხარჯების ზრდას გამოიწვევს. ამ შენიშვნას ვერ მივიღებ. ვკითხულობთ, ხარჯები როგორ გაიზრდება და პასუხს ვერავინ გვცემს. თავის დროზე, ამ საკითხს როგორც ზერელედ შეხედეს, ასე აგრძელებენ და არავინ არაფერი არ იცის. იმ კონცერტების სერიაში, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს, 29 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ერთ მომღერალს ნუ ჩამოიყვანენ და ამის სანაცვლოდ, თანხა საარჩევნოდ გადაისროლონ. საზოგადოებასა და პარტიებს საშუალება უნდა მისცენ, რომ ეს პროცესი ნორმალურად წარმართონ. შემდეგ, დავდგეთ და ვიაროთ: რობი იულიამსის, „Maroon 5“-ს თუ ეროს რამაზონტის კონცერტებზე.

თავქუდმოგლეჯილ, მემარცხენე პოპულისტს არ დავემსგავსები, მაგრამ როცა ამბობ, რომ არჩევნებისთვის ფული არ გაქვს, ეს ხომ პრიმიტიული მიდგომაა და სასაცილოა?! არ გამოვხტები და ერთი პოლიტიკოსის მსგავსად, კულტურის მინისტრის კარებზე გატყავებულ ბატკანს არ მივაჭედებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხების გამოყოფა შესაძლებელია. თუკი ნორმატიული აქტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა, ოპოზიციური პარტები საკუთარ წარმომადგენლებს ადრე დანიშნავენ და არჩევნებს უფრო უკეთესს ფორმაში შევხვდებით.

არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს? როგორ ფიქრობთ, „ქართულ ოცნებასამომრჩევლისთვის სათქმელი რა აქვს?

- რა თქმა უნდა, დაწყებული აქვს. ეს კონცერტებიც ამაზე მიუთითებს. გარდა იმისა, რომ რობი უილიამსს და ეროს რამაზონტის ახლოს იცნობენ, სხვა სიახლე ჯერჯერობით ვერ დავინახე. სანახაობა იქნება, ხოლო პური სად იქნება, კაცმა არ იცის. ხელისუფლებას ვურჩევ, ბაზრობებზე, მეტრო სადგურებსა და ქუჩებში გაბრძანდეს. თუკი ადამიანების პრობლემების გაცნობა სურთ, სწორედ ამ ადგილებში უნდა მივიდნენ.

რადგან კონცერტებზე გაამახვილეთ ყურადღება, გკითხავთ. კონცერტებს ნაციონალებიც მართავდნენ, მილიონებს ხარჯავდნენ და მაშინ მათ ამის გამო აკრიტიკებდით. მათ მიერ ორგანიზებული კონცერტებიოცნებისმიერ გამართული კონცერტებისგან რითი განსხვავდება?

- ამის გამო მათაც ვაკრიტიკებდი და ამათაც არ ვინდობ. თურმე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მსოფლიო კულტურის ცენტრად საქართველო უნდა გადაიქცეს. რობი უილიამსს დიდი სიამოვნებით 2015 წლის ივლისში მოვუსმენდი, ან 2013 წლის სექტემბერში. ბევრი ჯგუფის სახელის დასახელება შემიძლია, რომელიც შესაძლოა, კულტურის მინისტრმა არ იცოდეს. მიხეილ გიორგაძის მუსიკალურ გემოვნებას ვიცნობ, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. როგორც ჩანს, ეს გრანდიოზული კონცერტები არ იქნება და იქ „ქართული ოცნების“ პიარნაწილიც იქნება ჩართული, როგორც ხდება-ხოლმე. თუკი ამ კონცერტებისთვის თანხები გვაქვს, ეს მიხარია, მაგრამ არჩევნებისთვისაც შეიძლება თანხების გამოყოფა.

მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, პრემიერ-მინისტრს შეუძლია, პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ განკარგულებას ან კონტრასიგნაცია გაუკეთოს, ან მას შენიშვნებითურთ უკან დაუბრუნოს. კვირიკაშვილი მარგველაშვილთან საფოსტო მტრედს ვერ გააფრენს.

არჩევნების თარიღის ერთობლივად გამოცხადებიდან გამომდინარე, იმის თქმა შესაძლებელია, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დათბა?

- ის, რაც ღარიბაშვილის დროს ხდებოდა, ეს ანომალია და არანორმალური ვითარება იყო. მსგავსი პროვინციალიზმი არსად მინახავს, ქვეყნის პრეზიდენტს და იმ ადამიანს ასე გადაეკიდო, რომლის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდი. ადამიანს იმის გამო გადაეკიდო, რომ ეს ივანიშვილმა დაგავალა, ამას რა ჰქვია, არ ვიცი. ძალიან კარგია, რომ ღარიბაშვილის წასვლით ეს მოვლენა წარსულს ჩაბარდა. კვირიკაშვილი შინაგანად განსხვავებული ადამიანია, რომელიც არ იწყევლება, არ ილანძღება, არ იგინება და ჟურნალისტებს არ ეჩხუბება.

ანუ, პროგრესი გვაქვს?

- დიახ, ვერბალურ დონეზე პროგრესი არის, თუმცა, ქვეყანაში უმრავი პრობლემაა. მათ შორის, ლარის კურსი ადის და ჩამოდის. საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კვირიკაშვილის კარგი წამოწყება იყო, რომელიც ბოლოს იმაზე დავიდა, რომ თურმე, საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად უნდა იყოს და ცვლილებებიც უნდა განვახორციელოთ. როცა კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, ეს მისაღები ცვლილება იყოს, რადგან უამრავი კოლიზია არის იმის თაობაზე, შვიდი მინისტრი თუ გადადგება, რა ხდება. ეს სააკაშვილისა და დემეტრაშვილის მიერ დაგებული ხაფანგებიდან მოდის. ექვსი წელი გავიდა და იმ მარაზმის ნაყოფს ვიმკით, რაც დემეტრაშვილმა „პროგრესულ ცვლილებებად“ შემოგვთავაზა. „საარჩევნო კოდექსში“ სხვა ნაკლი ვერ აღმოაჩინეს?

იმაზე მიანიშნებთ, რომ საკუთარ თავზე კანონებისა და კონსტიტუციის მორგების ისეთი პრეცედენტები იკვეთება, რაც სააკაშვილის დროს იყო?

- ერთი-ერთში. პრემიერის იმ გადაწყვეტილებას არ გავაკრიტიკებ, რომ სიის პირველი ნომრობის შემთხვევაში, ის არ უნდა გადადგეს, თუმცა, ვინც ამ გადაწყვეტილებას იწონებს, მას დათვურ სამსახურს უწევს. განცდა მიჩნდება, რომ ივანიშვილის მმართველობის ფორმალურ თუ არაფორმალურ პერიოდში როგორც ბევრი პროგრესული საჯარო მოხელე განადგურდა, ასეთ წრეზე - თავდაღმართში კვირიკაშვილიც დააყენეს. კვირიკაშვილი ვერც საპარლამენტო გუნდს და ვერ სამთავრობო გუნდს ვერ აკონტროლებს, რაზეც მიუთითებს არაპროფესიონალური გადაწყვეტილებები, უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება, გაუთავებელი ქიშპი და ბრძოლა, ასევე დაშლილი კოალიცია და ბლოკი. როცა ადამიანებს იმას ვერ აიძულებ, რომ ტელეეკრანებზე არ გამოჩნდნენ და გაუგონარი სიბეცე არ ილაპარაკონ, ეს რაზე მიუთითებს?

არ ფიქრობთ, რომ ეს გაცხადებული პოლიტიკის ნაწილია? სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით ის იდეები გაჟღერდა, რაც საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამწამოაყენა?

- გაცხადებული პოლიტიკა რა არის - ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც ზიხარ?

თუნდაც ის, რომ თამაზ მეჭიაური წინადადებით გამოვიდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა ინდივიდვალურად მიიღოს. კოალიცია დაიშალა დაოცნებაამ წინადადებით გამოვიდა...

- ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. მე ლიდერად სხვა ადამიანებს ვისურვებდი. ამ ქვეყანას „რუპორომანია“ დაღუპავს.

თქვენ კოალიციის დაშლა ახსენეთ და გკითხავთ. კოალიცია დაშალა იდეოლოგიურმა სხვაობამ თუ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკურმა ზიზღმა?

- ყველაფერმა ერთად, თუმცა, საქართველოში პარტიული დემოკრატია ისე არ ჩამოყალიბებულა, რომ იდეოლოგიურ სხვაობაზე შორსმიმავალი დასკვნები ვაკეთოთ. ერთმანეთის მიმართ ადგილი დაუფარავ ზიზღს ჰქონდა, რომელიც მტრობაში გადაიზარდა, რაც ყველაზე საშიში ტენდენციაა. ადგილი ჰქონდა ერთმანეთის აბუჩად აგდებას და ბინძური ჭორების ტირაჟირებას, რამაც კოალიციის შენარჩუნების შანსები შეამცირა. ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ასე დაშლას ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წამოიდგენდა.

პირიქით, ხომ არ ხდება? კოალიცია ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის შესაბამისად ხომ არ იშლება?

- არც უამისობაა. 2016 წელს რა იქნებოდა, ამას ოთხი წლის წინ ივანიშვილი ვერ განსაზღვრავდა, მაგრამ ეს ყველაფერი მისი ნახელავი რომ არის, ამაში ეჭვი არ მეპარება. „რესპუბლიკურ პარტიასა“ და სხვებს კარებისკენ ივანიშვილმა მიუთითა. „ოცნებას“ საკუთარი პრობლემები აქვს და მათ ამ პრობლემების მოგვარებაში რესპუბლიკელების ხელი არაფერში არ სჭირდებათ, ისევე როგორც კონსერვატორების, „ეროვნული ფორუმის“ და მრეწველების. ივანიშვილს კოალიციაში რესპუბლიკელების დარჩენის თაობაზე რაიმე რომ ეთქვა, ეს ასე იქნებოდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერს ის წყვეტს. როგორც ჩანს, რუსთაველის 8 ნომრიდან სოლოლაკში უსუფაშვილის ყოველდღიური სიარული უშედეგო აღმოჩნდა.

დადიოდა?

- სავარაუდოდ. აბა, ამ საკითხს მე ვერ გადავწყვეტდი.

თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, ივანიშვილს რესპუბლიკელებთან ყოფნა რატომ აღარ უნდა?

- „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს და მას თავისი სადარდებელი აქვს. მათ პარტიული სიით პარლამენტში შესაყვანი თავიანთი წევრები ეყოლებათ და იმაზე არ დარდობენ, პარლამენტში რამდენი რესპუბლიკელი იქნება, ან არ იქნება. ეს ძმები ბერძენიშვილებისა და უსუფაშვილის სადარდებელია. „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოწვევები აქვს. 2012 წლის გამოწვევა ხელისუფლებიდან სააკაშვილის მოშორება და მისი საპყრობილეში მოთავსება იყო. ერთი გავაკეთეთ, ხოლო მეორე - ვერა.

ხელი რამ შეგიშალათ?

- ეს ივანიშვილს მოკითხეთ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ამ ადამიანის მიერ სასამართლოს სიმბოლოდ მურუსიძეა დასმული. სააკაშვილი ციხეში რატომ არ ზის და სახელმწიფო გადატრიალებით რატომ გვემუქრება, ეს სხვებს მოკითხეთ. ამ ხელისუფლების უნარია, გვითვალთვალონ და მოგვისმინონ. „თავისუფალ დემოკრატებს“ ყველგან დაგვსდევენ. ფარული ჩანაწერები ვისი გამოგდებულია, კაცმა არ იცის. რაც უფრო დრო გავა, ხალხი დაინტერესდება, ამ ყველაფერში ხელისუფლება ხომ არ არის ჩარეული. გამოძიება მიმდინარეობს და შედეგიანი ვერაფერი ვერ მოვისმინეთ. სააკაშვილის დროს ფარული ჩანაწერების წარმოება მოხდა, ხოლო ამ ხელისუფლების დროს - ტირაჟირება. ამ პროცესებში ერთიც დამნაშავეა და მეორეც. პასუხისმგებლობის ზღვარს ასე გავავლებდი.

რამდენად მოსალოდნელია, რომრესპუბლიკური პარტიისადათავისუფალი დემოკრატებისმონაწილეობით საარჩევნო ბლოკი შედგეს?

- მოდური გახდა, რომ ვინმესთან ძალით დაგვაქორწინონ. კონსტიტუციაში ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრის მომხრე ვართ, მაგრამ სხვასთან ძალადობრივი ქორწინების მომხრე არ ვართ. არჩევნებზე გასვლას ცალკე ვაპირებთ. ჩვენს მიმართ უამრავი სიბინძურე გადმოინთხა. დამკვიდრებული წესია, რომ ძლიერებს ებრძვიან. არჩევნებზე მარტო გავალთ, მოგება-წაგება ჩვენი იქნება და ვერავინ ვერაფერს დაგვაყვედრის, რომ თურმე, მოვიდა და გადაგვარჩინა. ჩვენი „გადამრჩენელი“ ჩემს გვერდით არც 2004 წელს მინახავს, არც 2010 წელს და არც 2013 წელს. „ქართული ოცნების“ სახე მარიკა ვერულაშვილია, რომელიც ხალხს ემუქრებოდა, რუსები შემოვლენ და გაგაუპატიურებენო. ეს ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან, მე ისევ ოპოზიციაში ვარ და სასამართლოს კართან ვარ აყუდებული, რომ ხუთი კაცი მართმსაჯულებას ხელიდან გამოვგლიჯო.