მთავრობაში ტურიზმის გაძვირების საფრთხე იგრძნეს

მთავრობაში ტურიზმის გაძვირების საფრთხე იგრძნეს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ბიზნესმენებს მოუწოდებენ, რომ ფასების ზრდისგან წელს თავი შეიკავონ. რამდენადაც ამ მიმართულებით რეგიონში კონკურენცია მაღალია, საქართველომ ვიზიტორები არ უნდა დააფრთხოს.

ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის სექტორს ურჩია, ფასებთან მიმართებაში სიფრთხილე გამოიჩინოს, რადგან საქართველოს ჰყავს ბევრი კონკურენტი მეზობელი და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ფასის და სერვისის შესაბამისობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით, საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. „წელს ტურიზმიდან შემოსავალს გაცილებით მეტს ველით, ვიდრე შარშან იყო. შარშან ტურიზმიდან მივიღეთ 1 935 000 000 დოლარი, რაც 148 000 000 დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2014 წელს.

წლევანდელი პირველი სამი თვე გვიჩვენებს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იქნება. რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით, მოთხოვნა საქართველოზე მკვეთრად გაზრდილია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო და ჩვენს ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კონკურენტი ჩვენი მეზობელი და შესაბამისად უნდა გვახსოვდეს, რომ ფასი და სერვისის  შესაბამისობა იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის სტუმრები, ვისაც ქვეყანაში ჩამოსვლა სურს.

მისივე ინფორმაციით, აქტიურად მუშაობენ არაერთ ავიაკომპანიასთან იმისათვის, რომ საქართველოში ბევრი სტუმარი შემოვიდეს  და ფასები იყოს დაბალი. „ჩვენ ვმუშაობთ არაერთ ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი. ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში. 31 ივნისს ჩვენ პრაქტიკულად გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ისეთ პროექტებს, როგორიცაა “ჩექ ინ ჯორჯია”, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს კურორტებზე დასვენება რომ ძალიან ძვირი ღირს, ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. პრობლემა ისაა, რომ სასტუმროები ფასს თითქმის ყოველ სეზონზე ზრდიან. სწორედ ეს აფიქრებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, რომელიც თხოვს სასტუმროებს, წელს მომსახურების გაძვირებისგან თავი შეიკავონ.

“იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი გრძელვადიანი პროექტია, ჩვენ აქცენტი მხოლოდ ამ სეზონზე არ უნდა გავაკეთოთ. თურქეთთან და რუსეთთან გამოვლენილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არა მოკლევიადიან, არამედ გრძელვადიან ჭრილში უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. ეს არის რეალური შანსი, რომ მსოფლიო ბაზარზე ადექვატურ ტურისტულ მიმართულებად დავმკვიდრდეთ. რაც შეეხება სასტუმროებს, რადიკალური ცვლილებები ფასში არ არის მოსალოდნელი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ წლევანდელ სეზონზე ამოიღოს ის დაბანდებული ფული, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის მიერაა ჩადებული სასტუმრო ბიზნესში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს წლევანდელი სეზონის ხარჯზე არ მოხდეს. ვიყოთ კიდევ უფრო მოთმინებით აღსავსე და გპირდებით, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო მეტის მომცემი იქნება ჩვენთვის”, - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი.

წლევანდელი საზღვაო სეზონი, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება. კონკრეტული თარიღის დასადგენად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად მუშაობენ.