მწარმოებლები მოჭარბებულ იმპორტთან საბრძოლველად ერთიანდებიან

მწარმოებლები მოჭარბებულ იმპორტთან საბრძოლველად ერთიანდებიან

ქართული კომპანიები მთავრობისგან მეტ ყურადღებას და ხელშეწყობას ითხოვენ. ადგილობრივი მწარმოებლები ხელისუფლებასთან საკომუნიკაციოდ და მთავრობისთვის საკუთარი პრობლემების გასაცნობად გაერთიანდნენ. მწარმოებელთა ფედერაციის მეშვეობით ისინი მოჭარბებული იმპორტის განეიტრალებას შეეცდებიან.

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, თითქმის ყველა დარგის ძირითადი პრობლემა არასამართლიანი იმპორტი და არაკონკურენტული პირობებია. ამ ფონზე კი ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად შემუშავებული კანონპროექტების მიღება ჭიანურდება. ფედერაცია ამ ეტაპზე 50-მდე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ასევე კაბელების, ფოლადისა და ცემენტის მწარმოებელი კომპანიები.

მწარმოებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან სილაგავა  აცხადებს, რომ ქართულმა კომპანიებმა ახალი ფედერაცია სწორედ იმპორტის ჩანაცვლების მიზნით შექმნეს. რამდენადაც ყველა სექტორს იდენტური პრობლემა აქვს, გადაწყდა მძლავრი ფედერაციის შექმნა, რომელიც პრობლემების კონსოლიდაციას მოახდენს და იზრუნებს მათ გადაჭრაზე სწორი რეგულაციებით და სწორი საკანონმდებლო ბაზით.

„დღეს ყველა დარგს აქვს ერთი პრობლემა – ეს არის სწორი კონკურენციის ნაკლებობა ბაზარზე. დღეს იმპორტი არის 80%, ადგილობრივი წარმოება კი - 20%. სავალალო სტატისტიკაა, რომელიც, თუ არ შეიცვლება, ნამდვილად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ბიუჯეტზე და ადგილობრივ მწარმოებლებზე, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს”, – განმარტავს სილაგავა.

მისივე თქმით, იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია აღიარებულია მთავრობის მიერ და ფედერაცია იქნება ამ მიმართულებით მათი პარტნიორი. აუცილებელია სპეციალური კანონების შემუშავება, რადგან  დღეს არსებული კანონმდებლობით ადგილობრივი წარმოება იჩაგრება. ფედერაციის წევრები სასათბურე პირობებს არ ითხოვენ და სურთ თანაბარი კონკურენცია, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია მიღებული.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კონკურენციის შესახებ კანონი არ არის საკმარისი, რადგან ის თავისი არსით მხოლოდ შიდა ბაზრებზე კონკურენციის შედარებას ახდენს, ანტიდემპინგური კანონი იმპორტირებულ ბაზრებსა და ადგილობრივ ბაზრებს შორის შედარებას მოიცავს, ვაჭრობაში დაცვის შესახებ კანონი კი იცავს ადგილობრივ მწარმოებლებს არათანაბარი კონკურენციისგან.

“სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც წარმოების განვითარებაზე ორიენტირებულია, კარგია, თუმცა თუკი ბაზარი სწორად დალაგებული არ იქნება, მწარმოებლებს არ ექნებათ  პროდუქციის რეალიზაციის საშუალება და დაიჩაგრებიან  იმპორტისგან.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცენტულება შევცვალოთ ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ, სწორი კონკურენციის პირობებში. დღეს საქართველოში ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს აწუხებს დემპინგი და ის პროდუქცია, რომელიც იმპორტის სახით შემოდის დაბალ ფასად. ჩვენ არ ვითხოვთ სასათბურე პირობებს, ვითხოვთ თანაბარ კონკურენციას. რაც საბოლოო ჯამში ავითარებს წარმობას, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ეკონომიკას”, – აღნიშნა “კომერასნტთან” ლევან სილაგავამ.

მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თენგიზ სვანიძე კი ყურადღებას   დემპინგურ ფასებზე ამახვილებს. “დემპინგური ფასი ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო და რჩება დარგის განვითარებისთვის. რითი უნდა შევეჯიბროთ იმპორტირებულ პროდუქციას? რა თქმა უნდა, ხარისხით და ვადებით, ანუ მომხმარებლისთვის ახალი პროდუქციის მიწოდებით. ამჟამად არც ერთი მიმართულებით არაფერი ხდება. ამიტომ ჩვენ ვეცდებით ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშაოთ”, - განაცხადა სვანიძემ.