„ვიღაცისთვის სასურველია, შეიქმნას ვითარება, რომ ავტომატურად გავეხვიოთ ევრაზიული სივრცის ნაპირში“

„ვიღაცისთვის სასურველია, შეიქმნას ვითარება, რომ ავტომატურად გავეხვიოთ ევრაზიული სივრცის ნაპირში“

„ვიღაცისთვის სასურველია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მოხდეს ჩვენი ევროპული მომავლის დისკრიმინაცია, რომ ავტომატურად გავეხვიოთ ევრაზიული სივრცის ნაპირში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ქვეყანაში, სადაც მძიმე სოციალური ფონია, მოსახლეობის ნახევრაზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, წინა პლანზე იწევს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე მსჯელობა. როგორ ფიქრობთ, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომ მთავარი თემებიდან მოხდეს ყურადღების გადატანა?

სოსო ცისკარიშვილი: ჩემი აზრით, ამ პრობლემის ხელოვნური შემადგენელი უფრო მაღალია, ვიდრე რაიმე ინტერესი მის მიმართ. ცხადია, ჩვენი საზოგადოების პირველი აღშფოთება სრულიად დამაჯერებელია და ეს იყო სრულიად მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში დაუშვებელია. ყოველივე ამ აღშფოთების ტალღას გადაეფარა გამოძიებითი ორგანოების გარკვეული იდენფერენტულობა. გასაკვირი იქნებოდა მათი მაღალი პროფესიონალიზმი, თუ ისეთ ადამიანს დააკავებდნენ, რომელზეც ვერავინ იტყოდა, რომ ასეთ არაკაცურ საქმიანობაში იყო ჩართული.

მით უმეტეს, თუ ეს მის მიერ იყო მართული...

- რასაკვირველია. უკვე გამოძიების ეტაპზე ამ ადამიანების დაკავება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ეს თემა სიამოვნებით იჭიმება ხელისფლების მიერ, რათა ბევრი სხვა მწვავე პრობლემა არ გახდეს საზოგადოების ფართო განხილვის საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ნაწილი - ნაკლებად განათლებული, ნაკლებად ნაკითხი და ნაკლებად შემფასებელი რეალური ფასეულობებისა, ვისთვისაც ასეთი კადრები შეიძლება გართობის ახალი თემა იყოს. ცხადია, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც მიუღებელია ამ თემის არსებობა ქვეყანაში, არ აქვს საშუალება კონცეტრირდეს იმ გამოწვევების პასუხისთვის, რასაც ადგილი აქვს ჩვენი რეალური ცხოვრების ბევრ სფეროში.

ვის აწყობს გაუთავებელი შფოთი ამ საკითხზე?

- უპირველეს ყოვლისა, ეს არის შედარებით მდარე ხასიათის მქონე ქართული მედიის ნაწილი. მოწმენი ვართ იმისა, რომ ერთი და იგივე თემა თითქოსდა, ერთი დირიჟორის მიერ დაქნეული ჯოხისთანავე ავსებს უამრავ ელექტრონულ საიტს, რომელთა რაოდენობა გაუგებარი სისწრაფვით იზრდება. ასევე, როგორც ჩანს, ერთმანეთს ეჯიბრებიან ტელესივრცე იქნება თუ პრესა, ერთი და იმავე თემის გაჟღერებას. დიახ, ბევრად სერიოზული გამოწვევების პირობებში ვართ. მით უმეტეს, წარმოუდგენელი არ არის საფრთხე, რომ დღე-დღეზე სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოსკენ შეიძლება დაიძრას 10 000 დევნილი. ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად ვიყოთ, უნდა ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე.

საბედინიეროდ, დღეს, უშიშროების საბჭო ასრულებს თავის ფუნქციას. ბოლოსდაბოლოს უშიშროების და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ მათ ფასი არ გააჩნიათ. ასეთივე კომუნიკაცია გრძელდება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, მაგრამ საბჭოს მიერ განხილვადი საკითხები ბევრად უფრო ფართე წრეს მოიცავს, ვიდრე ის, რაზეც როგორც ვიცით, ისინი საუბრობენ.

მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს იმ ადამიანების გვარები, რომლებიც დააკავეს. ჩემთვის ერთი სახელი და გვარი, ამხანაგი ლილუაშვილისა საკმარისია დავრწმუნდე, რომ ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მისაღებია დღევანდელი ხელისულებისთვისაც, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ აქტიური ხელშემწყობი გახლდათ. ამაზე საუბრობდნენ ექსპერტები, მაგრამ ყური არავინ ათხოვა.

ახლა, როდესაც უკვე შს ყოფილი მინისტრის მოადგილეები არიან იდენტიფიცირებულები იმ ძალებთან, რომლებთაც ტერორიზმის გასაძლიერებლად საქართველოდან ადამიანები გადაჰყავდათ არაბული სამყაროს მიმართულებით, ადამიანები რომლებიც დღეს საქართველოს ერჩიან, მიმანიშნებელია იმაზე, რომ სიტყვა კოაბიტაცია სრულიად უკუღმად იყო გაგებული, ან შეგნებულად უკუღმად დაგეგმილი.

ქვეყანაში დაწყებულია წინასაარჩევნო წელი, ამ დროს საზოგადოება და ხელისუფლება მსჯელობს პირადი ცხოვრების კადრებზე. პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვება, შეიძლება შემაფერხებელი გახდეს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის კუთხით?

- ეს თემა არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდისთვის არის შემაშფოთებელი, არამედ, ეს თემა არის საფუძველი ვიფიქროთ, რა არის ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორი. შეიძლება თქვენი მკითხველი ამიჯანყდეს აქამდე როგორ ვერ გაიგეთ, რომ პროევროპულები ვართო, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად, მთელი განვლილი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შარშანდელი შემოდგომიდან დაწყებულია უთავბოლო შფოთი, რაც სრულიად ხელოვნურად ინერგება საზოგადოების ცნობიერებაში, რასაკვირველია, აფერხებს ჩვენი ევროპელი კოლეგების სურვილს, რომ მოხდეს ასეთ ქვეყანასთან ასოცირება.

რასაკვირველია, ბევრი მიღწევაა ამ მიმართულებით, მაგრამ როდესაც ხდება საჯარო დანაშაული და ამაზე მხოლოდ საზოგადოება საუბრობს და პირში წყალდაგუბებულია სხვადასხვა დროის ხელისუფლება, მიმანიშნებელია იმაზე, რომ ვიღაცისთვის სასურველია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ მოხდეს ჩვენი ევროპული მომავლის დისკრიმინაცია, რომ ავტომატურად გავეხვიოთ ევრაზიული სივრცის ნაპირში.

ამ ვითარებაში შეძლებს ხელისუფლება, რომ საზოგადოების ყურადღების მობილიზება მოხდეს რეალურ პრობლემებზე?

- ხელისუფლების ერთადერთი ინტერესი გახლავთ საკუთარი თავის დამკვიდრება მომავალ პარლამენტში. ამაზე დიდი საფიქრალი მათ არ გააჩნიათ. ასე იყო წინა ათეული წლების განმავლობაშიც, მაგრამ რაც უფრო მძიმდება სიტუაცია ქვეყანაში, მით უფრო მიუღებელია ფაქტი იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკუთარ თავზე ირგებენ პოლიტიკოსები. ეს ჩვენი საზოგადოების ბრალიც გახლავთ, რადგან ისინი გახლავან ძალაუფლება ჩვენი ქვეყნისა.

ხელისუფლება არის პარლამენტის და მთავრობის ხელში, მაგრამ ის, რაც კონსტიტუციურად ერგება ჩვენს მოსახლეობას - ეს გახლავთ ძალაუფლება. სწორედ ძალაუფლება შობს ამ მმართველობას და მის წინაშე უნდა იყოს ვალდებული ნებისმიერი პოლიტიკურად წარმატებული სუბიექტი. ასე არ ხდება, ეს არის საზოგადოების ბრალი და არა საკუთარ თავზე შეყვარებული პოლიტიკური ძალების. დიახ, ეს გახლავთ ჩვენი ბრალი, რადგან ვერ შევძელით ჩვენს ქვეყანაში ერთსა და იმავე ენაზე ალაპარაკებულიყო მისი დედაქალაქი თბილისი და მისი დედასოფელი ჭორვილა.