თამაზ მეჭიაური:

თამაზ მეჭიაური: "ნატო გვეუბნება უარს მიღებაზე და დავეტიოთ ჯერ ევროპაში“

2016 წლის 9 ივლისს, ვარშავაში ნატოს სამიტამდე ოთხი თვით ადრე, ოფიციალური თბილისის მოლოდინი საკმაოდ მცირეა. ამასვე ამტკიცებს ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის ინტერვიუ, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ალიანსის უფრო მეტად გაფართოება. გენერალური მდივანი აქვე განმარტავს, ნატოს ყოველთვის ექნება ღია კარის პოლიტიკა. ალიანსმა მონტენეგროს მოწვევა გადაწყვიტა, შემდეგი ეტაპი ეროვნული პარლამენტების მიერ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერაა, ამ ყველაფრის შემდეგ ნატო-ს 29-ე წევრი შეუერთდება.

გენერალური მდივანი არ საუბრობს თუ რა გადაწყვეტილება იქნება ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული. თუმცა, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი, როგორც მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატოში გაწევრიანება არის პროცესი და ამ პროცესში, საქართველოს ძალიან სერიოზული პროგრესი აქვს. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, სესიაშვილის განცხადებით, არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველო დღეს გაწევრიანდება ნატოში.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესში საქართველო მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს და გაწევრიანდება კიდეც. რაც შეეხება გენერალური მდივნის განცხადებას, ამ ეტაპზე საუბარია მონტენეგროზე და შემდგომ უკვე, რიგში არიან ასპირატი ქვეყნები - მაკედონია და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ამავე ჯგუფში განიხილება საქართველო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესში საქართველო კიდევ უფრო წინ წაიწევს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

for.ge-სთან საუბრისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე ამბობს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ნატოს. მისივე თქმით, განსაკუთრებული ეფექტურობით უნდა მოხდეს სამიტამდე დარჩენილი ვადის გამოყენება და შესაძლებელია, ბევრი დეტალების გარკვევა. მაგალითად, საქართველომ შესაძლებელია თავდაცვის სფეროში სერიოზული მხარდაჭერა მიიღოს ნატოსგან.

„საქართველოს თემა ბევრად უფრო მაღალი სივრცეა, ვიდრე MAP ან არა-MAP. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ნატოსთნ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია და საკმარის ძალისხმევას არ ატარებს პროგრესისის მისაღწევად ნატოს წევრ ქვეყნებში. მოდით, წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ, რა შეიძლება მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჯობია უფრო მეტი მივიღოთ, ვიდრე ველოდებით. თუმცა, მთავარი და გადამწყვეტი რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, გახლავთ ის, რომ ძალისხმევა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს ამ მთავრობას. სამწუხაროდ, ეს ძალისხმვა და სტრატეგია არ არის საკმარისი და კოორდინირებული, რაც არის სერიოზული პრობლემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძე.

ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ნატო მთლიანად გადართულია წევრი სახელმწიფოების დაცვაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე ახალი ვალდებულების აღება არ შეუძლია.

„ჩვენ დაგვრჩა MAP და ნატო-ში გაწევრიანება, დანარჩენი ყველაფერი მიღებული გვაქვს. გარკვეული მიზეზების გამო MAP-ს არ მოგვცემენ, რა არის ამაში გაუგებარი? ვერ ვიღებთ იმიტომ, რომ რამდენიმე ქვეყანა არის წინააღმდეგი. ვერ ვიღებთ თუნდაც იმიტომ, რომ აბსოლუტურად ჩაფლავებული ვართ ქვეყნებთან ურთერთბებში, ეს არის მარტივი სიმართლე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ნატოს გაფართოება გრძელდება და მონტენეგროს მიწვევაც სწორედ ამის დასტურია. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში ნატოს ჩართულობას, მუჩაიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობა ადასტურებს, რომ ნატოს ჩართულობა იზრდება.

„მესმის, რომ ყოველ სამიტზე არის გარკვეული მოლოდინები, ამ თამანშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით. ჯერჯერობით, წინასწარ გადაწყვეტილი არაფერი არ არის და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ სწორედ სამიტის განმავლობაში და ბევრჯერ, წინა დღესაც მიღებულა საბოლოო გადაწყვეტილება. ძირითადად, სამიტის პროცესში ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, წინასწარ ნუ ავჩქარდებით და ზედმეტი მოლოდინებიც ნუ გვექნება. არ შიძლება იმის თქმა, რომ ამ სამიტზე აუცილებლად მივიღებთ MAP-ს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პროგრესი ჩვენი ინტეგრაციის კუთხით დაფიქსირება, რაც ძალიან მტკიცე მხარდაჭერაში იქნება გამოხატული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ნატო-ზე უარი განაცხადოს. დეპუტატი ამბობს, რომ თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი, მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, უარს იტყვის ნებისმიერზე, რაც არ უნდა იყოს ის.

„ვერ ვხვდები, რატომ არის ამ საკითზე აურზაური. თავად ნატო გვეუბნება უარს მიღებაზე. დავეტიოთ ჯერ ევროპაში“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

იმ შემთხვევაში თუ მომრავლდა მსგავსი სახის განცხადებები, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება პარტნიორი ქვეყნებისთვის.

„ნატოს ინტეგრაციის კუთხით მმართველი პარტიის არაერთიანი პოზიცია, ხელს არ შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას და ეს ძალიან სენსეტიური თემაა. რამდენად სწრაფად წავალთ ნატოში ინტეგრაციის კუთხით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შევასრულებთ იმ ვალდებულებებს და იმ რეფორმებს, რომლის შესრულებაზეც არის დამოკიდებული ნატოს პარტნიორების მხრიდან პოზიტიური შფასება და შემდგომი ინტეგრაციის დაჩქარება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

დავით სიხარულიძე ამბობს, რომ შემაშფოთებელია უმრავლესობის წევრის განცხადება. მისივე თქმით, ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ნატოს.

„ვფიქრობ, რომ უაღრესად შემაშფოთებელია განცხადება, რომელსაც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს. მის განცხადებას უსმენენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეები. ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ნატოს. სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს. ქართული სახელმწოფოს განვითარებისთვის, აუცილებელია უსაფრთხოების ისეთი სისტემის წევრობა, როგორიც არის ნატო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.