„არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ“, - აცხადებს მთავრობის მეთაური, რომლის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაცა არის ჩართული. მეორეს მხრივ, პრემიერი აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს.
„ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადაიხადოს მარტო იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი. არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს, თუ რატომ 8 ოქტომბერი. ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოთხოვნის მიუხედავად, განკარგულების გაწვევას არ აპირებს პრეზიდენტი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის მოტივაცია, რომ 6 თვით ადრე გამოცხადებულიყო არჩევნების თარიღი, განპირობებული იყო პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოს შექმნის იდეით, რომ პარტიებს რამდენიმე თვე ჰქონოდათ მოსამზადებლად. ასევე, გათვალისწინებულიყო ადმინსიტრაციული და საბიუჯეტო ნაწილი.
„არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი - არ შეიცვლება! ასევე, არ მოხდება საარჩევნო კოდექსის დარღვევა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე და არა 8 აგვისტოს“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.
მთავრობის მეთაურის პოზიციას არ იზიარებენ საპარლამეტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობნის“ წევრი, სერგო რატიანი ირწმუნება, რომ პრეზიდენტიც და პრემიერიც გაუგებრობაში არიან. რადგან, მისივე თქმით, მარტივი რაღაც ვერ გადაწყვიტეს ისე, რომ არ დაერღვიათ კანონი.
„ნამდვილად, ეს იქნებოდა სასაცილო, სავალალო მდგომარეობაში რომ არ ვიყოთ. საქართველოს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერი და პრეზიდენტი, შეხვდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს რაღაც, გააკეთეს განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით და ვერ დაფიქრდნენ და ვერ შეუსაბამეს ეს ყველაფერი მოქმედ კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, უუნარობის და არაპროფესიონალიზმის სრულიად ცხადი მაგალითი რომ არ იყოს. ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, თორემ საქართველო რაღაც უბედურებას გადაეყრება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
„ახალი მემარჯვენეების“ წევრი, მამუკა კაციტაძე, არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნაში კატასტროფას ვერ ხედავს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ თარიღის დასახელებამდე პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაცია რომ გაემართა, უმჯობესი იქნებოდა.
„თარიღზე ჩემთვის, რომ ვინმეს ეკითხა ალბათ სხვა რჩევას მივცემდი, თუმცა მოკლებული ვარ პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემას. 8 ოქტომბრის აქეთ, რომ გადმოვთვალოთ, ორი თვე, როცა საარჩევნო კამპანია უნდა იყოს წარმოებული, ძირითადად პლაჟებზე და აგარაკებზე მოგვიწვეს საარჩევნო კამპანიის წარმოება, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ როცა ასეთი მოცემულობაა, უნდა აუღო ალღო“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
ოპონენტებს პასუხობს დევნილთა და განსახლების მინისტრი, რომლის განცხადებით, სულ რომ გაუქმდეს არსებული კალენდარი და ინკების ან აცტეკების კალენდარი შემოიღონ, ვერ მოინახება ისეთი თარიღი, რომელიც ოპონენტებს დააკმაყოფილებს. სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების თარიღი არის გამოცხადებული და ეს არის ძალიან კარგი, როცა პარტიებმა ექვსი თვით ადრე იციან, როდის იქნება არჩევნები.
„როცა მწვრთნელმა, რომელიც გუნდს ოლიმპიადისთვის ამზადებს, თარიღი ზუსტად იცის, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას სპორტსმენი და იმ დროს იყოს პიკში. ასევეა პარტია, რომელმაც იცის, როგორ დაგეგმოს საარჩევნო კამპანია ექვსი თვით ადრე. ეს ძალიან კარგია ნებისმიერი პარტიისთვის - ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ისეთი პარტიებისგან ისმის პრეტენზიები, რომ ეს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას აწყობდა, რომლებისთვისაც მართლა არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან მათ არავითარი შანსი არ აქვთ. სულ რომ გავაუქმოთ ეს კალენდარი და ინკების ან აცტეკების კალენდარი შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ იმ თარიღს, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პარტიების უმრავლესობისთვის ცნობილი იყო, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში ხედავენ პარტიები პრობლემას.
„რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს და 7 მილიონი ბევრია თუ ცოტაა, სახელმწიფომ რომელმაც ნებისმიერ მოქალაქეზე უკეთ იცის თავისი ფინანსები, დაითვალოს, რა უღირს საარჩევნო კამპანია სახსრების თვალსაზრისით და ამის მიხედვით დანიშნოს კონკრეტული თარიღი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პრემიერის პოზიციას არ იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ ხდება არჩევნების თარიღის ფინანსებთან დაკავშირება, შესაბამისად, ხუხაშვილი განმარტებებს ითხოვს.
„დღეს, საარჩევნო კამპანიაში შესვლა და შეზღუდვების დაწესება, ქვეყანას გაცილებით მეტი ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავალსაზრისით, შეზღუდვები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ამით, უზრუნველყოფილი იქნებოდა ჯანსაღი და კონკურეტული საარჩევნო გარემო. ამიტომ, არ მესმის, რას ნიშნავს დამატებით ხარჯებზე საუბარი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.