„მშრომელებისგან“დაწუნებული ნაციონალები ზვიადისტებმა შეიბრალეს

„მშრომელებისგან“დაწუნებული ნაციონალები ზვიადისტებმა შეიბრალეს

„ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციის შექმნაზე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა. როგორც ირკვევა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „ედპ“-სთან და „ევროპელ დემოკრატებთან“. თუმცა, ნაციონალებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ალიანსი ვერ შედგა, რადგან კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ კოალიციას მუხრან ბურჭულაძის „ლიბერალ-დემოკრატებთან“ ქმნის.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ნაციონალებთან კოალიციაზე უარი განაცხადეს „ლეიბორისტებმა“. „მშრომელთა“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებსა“ და „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, ეს პარტიები ნაციონალებთან კოალიციის შექმნაზე კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნის შანსს თეორიულადაც ვერ ხედავს, შესაბამისად ამ საკითხზე საუბარი აბსურდია.

„ვიცი მხოლოდ ის, რა განცხადებაც გააკეთა ბარამიძემ. სხვა არაფერი არ გამიგია. ზოგადად, დღევანდელი არჩევნები ისეთია, რომ ზოგს ბარიერის გადალახვა სურს, ზოგს კი ხელისუფლებში მოსვლა. მე ვთვლი, და ეს ჩემი პირადი აზრია, რომ კოალიციის გარეშე მიზნის მიღწევის შანსი პარტიებს არ აქვთ. რაც შეხება „სამოქალაქო ალიანსს თავისუფლებისათვის“, ჩვენ განვიხილავთ არა რომელიმე კოალიციაში გარეთიანების იდეას, არამედ საერთოდ აქვს თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი. თუ არ ექნა აზრი, შეიძლება სულ არ ღირდეს მონაწილეობის მიღება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ხარატიშვილი.

საპარლამენტო არჩევნებზე ალიანსის სახით გეგმავს გასვლას „ახალი მემარჯვენეები“. თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან გეგმავენ ალიანსს უცნობია. ცნობილია მხლოდ ის, რომ ეს არ იქნება ყოფილი და მოქმედი მმართველი გუნდი.

„ვაპირებთ და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გავიდეთ ალიანსის სახით. მოვიაზრებთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას ვინც იზიარებს ჩვენს იდეოლოგიას, მსოფლმხედველობისა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის მიმართულებით. ჩვენ ყველას მოვიაზრებთ მომავალ პარტნიორად. ერთად-ერთი უნდა ავღნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით რთულად მოვიაზრებთ მოქმედ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებს“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კოალიციის შექმნაზე კონსულტაციები რომ მიმდინარებოდა, ამას ადსტურებს გია ბარამიძის განცხადება, რომელიც მან გასულ კვირას გააკეთა. ბარამიძის განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურნენ მისივე კოლეგები და აღნიშნეს, რომ მსგავსი მოლაპარაკება არც ერთ პარტიასთან არ ყოფილა.

„გამორიცხული არ არის, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას. მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“. არჩევნებამდე ინტენსიური იქნება სხვადასხვა პარტიას შორის კონსულტაციების პროცესი“, - აღნიშნა გია ბარამიძემ.

რატომ ვერ შედგა „ნაციონალური მოძრაობისა“ და წვრილ-წვრილი პარტიების ერთობა, გაუგებარია ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგებარია, რატომ ვერ შედგა ეს ერთობა. როგორც ჩანს, ნაციონალებმა საბოლოო ჯამში ჩათვალეს, რომ ის ფასი, რომელიც უნდა გადაეხადათ ამ პარტიებისთვის, ამად არ უღირდათ. პრინციპში, ესეც შეიძლება გავიზიაროთ. რაც შეეხება შედარებით საინტერესო სუბიექტებთან გაერთანებას, ეს შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ელიტაში კეთროვანის პოზიციაშია. ყველას ესმის, რომ მას ვერდიქტი გამოტანილი აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკა ისეთი რამ არის, შეიძლება პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოულოდნელი და არაორდინალური სვლა გააკეთონ. ასეთი სვლის გაკეთების შანსი ყველა პოლიტიკურ პარტას აქვს. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციასა და „ნაციონალური მოძარობის“ ურთიერთობას, საყვარელიძის განცხადებით, ეს პარტიები ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან იმთავითვე იყვნენ ასოცირებულნი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის დროდან ვიცოდით და ვამბობდით, რომ თავად შექმნეს ეს პარტიები, როგორც საკუთარი ოპოზიცია. ასე რომ, ეს პარტიები არსებითად ახალ ელექტორატს ვერ მოიზიდავენ, რადგან მათ ელექტორანტი „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვარულებისგან ჰყავთ შექმნილი.

ბურჭულაძესთან კოალიციას რაც შეეხება, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ ძირითადი მიზანი ზვიად გამსახურდიას მომხრეების ხმების მოზიდავა იქნება. ამით მეტ-ნაკლებად გაიზრდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგები. რიცხობრივი ელექტორატის რაოდენობის თვალსაზრისით, ამ ალიანსს აზრი აქვს, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ალიანსს სრული უაზრობაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“  მიერ კოალიციის შექმნაზე საუბარი უფრო წინასაარჩევნო პოლიტტექნოლოგიის ნაწილია, ვიდრე რეალობა. მისივე თქმით, ასეთი მოლაპარაკებების არსებობა იმის მანიშნებელია, რომ ნაციონალები უფრო მკაფიოდ აღიქვამენ არსებულ ვითარებას.

„ნებისმეირ პარტიასთან მიერთება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი, ამას 8 ოქტომბერს გავიგებთ, მაგრამ რასაკვირველია სრული მზაობაა იმისა, რომ შემდგომაზე თუნდაც ასეთი კოალიციით აღმოჩნდეს პარლამენტში. ამ გაერთიანებით არათუ მოიმატებს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა რაოდენობა, არამედ არსებულ მომხრეთა რაოდენობის შემცირება უფრო დამაჯარებელია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სიახლეს ვიგრძნობთ საპარლამენტო სივრცეში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.