ტრაგედიიდან 27 წლის თავზე IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პირველად გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს შეეხება.
ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული ეს დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს და იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ მაშინდელ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარდგენილ ცნობებს.
როგორც საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, აშშ-ის ჩინოვნიკები ვაშინგტონს ინფორმაციას აწვდიან საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში არსებული განხეთქილების თაობაზე. ერთ-ერთ საინტერესო დოკუმენტად გამოყოფილია ქართველ დისიდენტს,ზვიად გამსახურდიასა და ლენინგრადში მოღვაწე შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცერს შორის გამართული დიალოგი, სადაც ზვიად გამსახურდია ღიად აკრიტიკებს იმდროინდელ საბჭოთა მთავრობას, პრეზიდენტ გორბაჩოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს, ორივეს საქართველოს მტრებად მოიხსენიებს და საუბარს იწყებს იმით, რომ „ქართველებს საფრთხე ემუქრებათ ბოროტების იმპერიისგან, რომელიც ცდილობს, მათი გენოციდი მოაწყოს“.
დოკუმენტების თანახმად, გამსახურდია ითხოვდა, შესრულებულიყო საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა - გაეროს ექსპერტების მიერ 9 აპრილის მოვლენების შესწავლის შესახებ, რადგან მთელი თბილისი მოწამლული იყო 9 აპრილს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით. იგი იმედოვნებდა, რომ აშშ-ის კონგრესი დაინტერესდებოდა და გამოგზავნიდა საგამოძიებო კომისიას თბილისში; ასევე, იმედოვნებდა, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოს სსრკ-ის მიერ უკანონოდ ანექსირებულად აღიარებდა.
საინტერესოა ისიც, რომ აშშ-სთვის მიწოდებულ ანალიტიკურ მასალებში ქართველ დისიდენტებს ნაციონალისტებად მოიხსენიებდნენ.
გრძნობდნენ თუ არა ქართველი დისიდენტები ამერიკის თვალს იმ წლებში? რა შეიცვლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუკი ამერიკელები უტყუარ ინფორმაციას მიიღებდნენ პირველწყარო საქართველოდან და არა- საბჭოთა ან საერთაშორისო პრესის მიერ წარდგენილი ცნობებიდან? უღირდა კი იმ წლებში დასავლეთს საქართველოს დაცვა იმ ფასად, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთთან მიმართებით?
„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დასავლეთმა თვალი დახუჭა 9 აპრილის მოწამვლის ფაქტებზე. იმხანად საპარლამენტო კომისიაში მოღვაწე ნოდარ ნათაძეს ახსენდება პერიოდი, როცა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მათ ღამით ჩამოიარეს ოჯახები, სადაც 16 დახოცილი მოწამლული მიცვალებული ესვენა და იმ უბედურების ჟამსაც კი „ერთი საზიზღარი დედაკაცი „წითელი ჯვრიდან“ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, უბრალოდ, ფული გადაუხადეს რუსებმა“, რადგან მექრთამეობა იმ წლებში ძალზე ხშირი იყო.
ნოდარ ნათაძის აზრით, ამერიკამ საქართველოსთან მიმართებით მაშინ თვალი დახუჭა იმიტომ, რომ ცალსახად დროის დახარჯვა დაენანა. მართალია, საბჭოთა კავშირის შიში დასავლეთს არასდროს ჰქონია, მაგრამ შეწუხება და ენერგიის დახარჯვა არ სურდა. მათ კარგად იცოდნენ, რაც ელოდა საბჭოთა კავშირს და არ ჩქარობდნენ.
„ძალზე მძიმე გუნებაზე ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ გვიკიდებდა ფეხზე „წითელი ჯვარი“. აშშ-ში ჩვენს ეროვნულ მოძრაობას უყურებდნენ, როგორც სასურველ მოვლენას, თუმცა კვალიფიკაციით მაშინ არ გამოვირჩეოდით, ძალზე მოწყვეტილნი ვიყავით პოლიტიკური კვალიფიკაციის წყაროებს. რა შედარებაა ბალტიისპირეთთან, 40 კაცი გახლდით ჩასული ბალტიისპირეთში, ლატვიური ეროვნული მოძრაობის ყრილობაზე და გავოცდით, იქ ჩასული რამდენიმე ასეული ევროპელი და ამერიკელი დიპლომატი, პოლიტოლოგი, იურისტი ბალტიისპირელ კოლეგებს ისე ხვდებოდნენ, როგორც პირად მეგობრებს, მათ ეხმარებოდნენ, სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ. ეს უდიდესი ფაქტორი იყო. ჩვენც რომ გვქონოდა ეს ფაქტორი, ბევრად უფრო წინ წავიწევდით იმ წლებში. ჩვენ არც მეგობრები გვყავდა და არც ახალი ემიგრაცია. ჩვენდამი გამოვლენილ გულგრილობაში ჩვენი ბრალი თითქმის არ ყოფილა. უბრალოდ, არ იყო დაინტერესების ხარისხი საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ და უკრაინის მაგალითი გაიხსენა, როცა 1991 წლის ივლისში უფროსი ბუში ჩავიდა კიევში და უკრაინის პარლამენტს მიმართა, რად გინდათ დამოუკიდებლობა, ბიჭებოო. ამას მოჰყვა საზოგადოებრივი აზრის აფეთქება ამერიკაში, დაიწერა, რომ ბუშის გამოსვლა არც შევარდენის სიტყვას ჰგავდა, არც მტრედის სიტყვას, ეს წიწილას სიტყვა იყო.
„ჩიქენ სპიტჩ“ - აიგდეს ბუში მასხრად და მაშინ ისიც იძულებული გახდა, შეეცვალა მოქმედების წესი, ბუშმა მიიწვია მრავალმილიონიანი უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები აშშ-ში და გააჟონინა ინფორმაცია, თუ თქვენ 1-ელ დეკემბერს რეფერენდუმზე აღიარებთ დამოუკიდებლობას, მაშინ მე თქვენ ისე გცნობთ, რომ გორბაჩოვს არაფერს დავეკითხებიო. ამით გორბაჩოვი „გაფარჩაკდა“ და „თავის ხროვასთან“ ერთად იძულებული გახდა, მოეწვია შეკრება ბელოვეჟში და, სანამ ამერიკელები გამოაცხადებდნენ ყოფილი რესპუბლიკების აღიარებას, თვითონვე დაეშალა საბჭოთა კავშირი.
ნოდარ ნათაძის თქმით, ამერიკულ-რუსული ურთიერთობების კულუარული ისტორიიდანაც ნათლად ჩანს, რომ უფროსი ბუშის მმართველობისას არავითარ პატივს არ სცემდნენ არც გორბაჩოვს, არც - შევარდნაძეს, მასხრად იგდებენ ამ ადამიანებს, განსაკუთრებით, გორბაჩოვს მოიხსენიებდნენ სასაცილო კარიკატურად, პუტჩის წამქეზებლად, რომელმაც რევანში მოინდომა და პუტჩისტები დაქოქა. უფრო მეტიც, გორბაჩოვი რომ ნებით დემოკრატი არ იყო, ეს ამერიკელებისთვის თავიდანვე ცხადი იყო და არც მალავდნენ, რომ გორბაჩოვი დემოკრატობანას იძულებით თამაშობდა. რაც შეეხება შევარდნაძეს, ნოდარ ნათაძის აზრით, თავისი ცხოვრების განმავლობაში რისი გაფუჭებაც შეეძლო, ყველაფერს აფუჭებდა.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი დახურული სივრცე იყო აშშ-ის ნულის ტოლფასი აგენტურით. შესაბამისად, ამერიკელებს არ ჰქონდათ მოვლენებზე საკუთარი თვალით დაკვირვების შესაძლებლობა. ისინი მხოლოდ იმ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომელსაც მედია ავრცელებდა, ან დისიდენტები გადასცემდნენ. თუმცა აშშ-ს უფრო მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა საქართველოსთან მიმართებით, სურათი მაინც არ შეიცვლებოდა, რადგან ამერიკელებს არ ჰქონდათ ბერკეტები, ანუ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა.
„ამერიკელებს არც დღეს გააჩნიათ რეალური ბერკეტები, მით უმეტეს, მაშინდელ დახურულ სივრცეში საერთოდ არ ჰქონდათ რეალური ბერკეტი ჩვენს შიდა ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად და ამ პროცესებში ჩასართავად. უბრალოდ, მათ შეეძლოთ, გარედან მოეხდინათ ზეწოლა საბჭოთა ხელისუფლებაზე და ამას ახორციელებდნენ კიდეც, როცა საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივი ქმედებების შეზღუდვაში ეფექტურ მონაწილეობას ღებულობდნენ. საქართველოს ეროვნული მოძრაობისთვის ეს უდიდესი დახმარება იყო.
აშშ იყო ერთადერთი, რომელიც საბჭოთა კავშირისგან ჩვენი სიცოცხლის დაცვას მოითხოვდა, როცა ჩვენ, ახალგაზრდა დისიდენტებს, 1978-ში, 1981-ში ან 1983-ში გვიჭერდნენ. თუკი ჩვენ ცოცხლები გადავრჩით საბჭოთა ციხეებში, სწორედ ამერიკის დამსახურება იყო. ამერიკელებმა აიძულეს გორბაჩოვი, შეემცირებინა დაჭერები, დარბევები. ჩვენი დიდი ძალისხმევა იყო, 9 აპრილს გადაღებული ვიდეომასალა გაგვეშვა დასავლეთში. ვინც ეს მასალა გაიტანა, სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა ეს საქმე“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ და განმარტა, რომ 1991 წლისთვის ამერიკა დახმარებას შეპირდა საქართველოს ხელისუფლებას, თუკი საქართველოშიც განხორციელდებოდა ისეთივე რეფორმები, როგორც ბალტიისპირეთში (ანუ იქნებოდა საჯარო სივრცე, დემოკრატიული მდგომარეობა, ლუსტრაცია, ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება). თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა, თორემ საქართველო ჩაჯდებოდა იმ მოთხოვნების ნუსხაში, რომელიც დასავლეთმა წარუდგინა გორბაჩოვს და, რომელიც დაკმაყოფილდა ბალტიისპირეთის ქვეყნების სახით.
ცნობისთვის, 1989 წლის გაზაფხულის მოვლენების შესახებ ვაშინგტონისთვის გაგზავნილ ანგარიშში აშშ-ის ჩინოვნიკები ეხებიან შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებს:
• დოკუმენტი 1. 1989 წლის 6 აპრილი – „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“
• დოკუმენტი 2. 1989 წლის 7 აპრილი – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია; თბილისში დემონსტრაციები გრძელდება”
• დოკუმენტი 3. 1989 წლის 8 აპრილი – „საქართველოს რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი იწყება“
ასევე, 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზი:
• დოკუმენტი 4. 1989 წლის 10 აპრილი – „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“
• დოკუმენტი 5. 1989 წლის 11 აპრილი – „საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია“
• დოკუმენტი 6. 1989 წლის 12 აპრილი – „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა“
• დოკუმენტი 7. 1989 წლის 15 აპრილი – „საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი“
• დოკუმენტი 8. 1989 წლის 26 აპრილი – „პროტესტის კონტროლისთვის თბილისში მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს“
დოკუმენტებში შედის ასევე, ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი:
• დოკუმენტი 9. 1989 წლის 27 მაისი– “საუბარი ქართველ დისიდენტთან“
დოკუმენტში კარგად არის ასახული ეროვნული მოძრაობის ლიდერის დამოკიდებულება 9 აპრილის დარბევის, საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივებისა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.