არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად გააქტიურდნენ იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები. ისინი ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვენ. მთელი 4 წლის განმავლობაში ამ ადამიანების მდგომარეობა ოდნავადაც არ შემსუბუქებულა, ამიტომ ისინი პროტესტის მწვავე ფორმებს მიმართავენ.
იპოთეკით დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. მათ მთავარი სურვილია, რომ შეხვდეს გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა იპოთეკარების პრობლემა გადაიჭრას “ჩვენ მზად ვართ, პრემიერს დეტალებზე და გადაჭრის გზებზე ვესაუბროთ”, - განაცხადა “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენელმა, ალექსანდრე კობაიძემ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, რომელზეც იპოთეკით დაზარალებულებმა გამართეს.
“პრობლემის მოგვარების გზა არის ის, რომ მოგვეცეს გრძელვადიანი სესხები, სახელმწიფო ჩაგვიდგეს გარანტად და ინდივიდუალურად მოხდეს კონკრეტული პრობლემის შესწავლა. თუ პრემიერის თანხმობა იქნება, ჩვენი რესურსით მივაწვდით თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად”, - განაცხადა კობაიძემ.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს ამირან გვაზავას შეხვდნენ, მაგრამ შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. “შეგვხვდა ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვაზავა, მაგრამ ვერ დავინახეთ, რომ მთავრობას მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოში საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტისა” და კოალიცია “სახალხო ტრიბუნების” თავმჯდომარემ, მამისა ჯაფარაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ შეტანილია კანონპროექტი კანცელარიაში, პარლამენტსა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლებშიც დამცავი მექანიზმები არის ჩამოთვლილი..
იპოთეკარები ითხოვენ, რომ ქვეყანაში გამოცხადდეს ფორსმაჟორული სიტუაცია, შეწყდეს ყველანაირი გამოსახლება, დაიდოს სრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს საკუთარ მოსახლეობას იმისგან, რომ იპოთეკურმა კრიზისმა არ წაართვას სახლები.
საბანკო კრედიტებით დაზარალებულები საპროტესტო აქციას ხშირად მიმართავენ ორიოდე კვირის წინ ხმაური იყო პრეზიდენტის რეზიდენციასთან. “ერეკლე მეორის საზოგადოებამ” იპოთეკით დაზარალებულებთან და ე.წ. “ატსტუპნიკებთან” ერთად აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა პრეზიდენტის რეზიდენციის გაყიდვა და ამ თანხებით იპოთეკარების პრობლემის გადაჭრა.
ამასობაში ხელისუფლება ბანკების დაზარალებული კლიენტების მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახალ კანონპროექტებს განიხილავს. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს. დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვას შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
ვოლსკის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ სახლს იმავე ფიზიკურ პირს - ყოფილ მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს.
„საზოგადოება და ბანკების” ეკონომიკური ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი ამბობს, რომ ვოლსკის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ძალიან მცირე ეფექტი ექნება. ადამიანი, რომელიც კარგავს უძრავ ქონებას, ესე იგი მას არ შეუძლია სესხი დაფაროს. ამის შემდეგ კი რთულად წარმოსადგენია, რომ ვინმემ შეძლოს თავისი ბინის უკან გამოსყიდვა.
2015 წლის მონაცემებით, სულ რეალიზებული იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი 1410 ერთეული უძრავი ქონება, საიდანაც ნახევარი ფიზიკურ პირებზე, ე. წ. მევახშეებზე მოდიოდა, დაახლოებით, 45% მოდის ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. რამდენ ადამიანს აქვს უკან გამოსყიდული ქონება, ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის.