„პრეზიდენტს უთხრეს, რომ ის არის დიქტორი, რომელიც ახალი ამბების გამოცხადებას აკეთებს“

„პრეზიდენტს უთხრეს, რომ ის არის დიქტორი, რომელიც ახალი ამბების გამოცხადებას აკეთებს“

ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის შეცვლას არ აპირებს,  თუმცა, შექმნილი სამართლებრივი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს, რომელიც  პრეზიდენტის მიერ გამოცემულმა განკარგულებამ და მისი ამოქმედების ვადებმა შექმნა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნით კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ განკარგულების გამოცემის თვალსაზრისით, ის მთავრობის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.

საარჩევნო პროცედურების გარშემო დაწყებული დავის თაობაზე, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა გოგორიშვილს ესაუბრა:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება ძალაში 8 აგვისტოს შევა, რაც პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამართლებრივ გაუგებრობას. შეგიძლიათ, გვითხრათ, პრეზიდენტის მხრიდან შეცდომა სად იქნა დაშვებული?

- განცხადება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან თავდაპირველად გაკეთდა, აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს უფლება აქვს არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ნებისმიერ დროს გამოსცეს. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესწორება და გარკვეული ნაბიჯების უკან გადადგმა დაიწყო. როგორც ჩანს, პრეზიდენტს მთავრობის წევრებმა ის პრობლემები მოგვიანებით აუხსნეს, რაც თარიღის ოფიციალური დანიშვნის შემთხვევაში, ხელისუფლებას ექმნება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი მთავრობის შეთავაზებას დათანხმდა და საკუთარ გადაწყვეტილებაში უკან დაიხია, რომელიც მანამდე გააკეთა. მან თქვა, რომ თარიღის დანიშვნის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს ინფორმაცია ჰქონდეთ და მათ წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვა შეძლონ.

ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც კონტრასიგნაციისთვის მთავრობას გადაეგზავნა, ახალი პუნქტი „გაჩნდა“, რომელიც განკარგულების ამოქმედების ვადას განსაზღვრავს. კითხვის ნიშნებს სწორედ ეს იწვევს, რადგან „საარჩევნო კოდექსის“ მეექვსე თავში წერია, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან, ანუ, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კამპანია იწყება და განმარტებებულია, კამპანია რას ნიშნავს და ხელისუფლების ძალებს როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე თუ რა შეზღუდვები უწესდებათ. შეზღუდვების  ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა, როგორც ჩანს, ამის გაცნობიერება მას შემდეგ მოხდა, რაც განკარგულება გამოსცეს.

ანუ, პრეზიდენტმა და პრემიერმა სამართლებრივი კუთხით, ჯერ შეცდომა დაუშვეს და ეს შემდეგ აღმოაჩინეს?

- ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა, მაგრამ მთავრობის მოთხოვნისა და ზეწოლის შედეგად მთავრობას დაუთმო. რაც შეეხება განკარგულების ამოქმედების ვადას, ეს სამართლებრივად ძალიან სადავოა. როცა განკარგულებას აქვეყნებ და მისი ამოქმედების ვადად 8 აგვისტოს უთითებ, ეს განპირობებული რითია, ძალიან კარგად მესმის. ეს ყველაფერი რა საბიუჯეტო სახსრებთან არის დაკავშირებული, ამის დათვლა მას შემდეგ მოხდა, რაც განცხადება გაკეთდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტიც ამაზეც დაითანხმეს.

არსებულ ვითარებაში ყველაზე განსაკუთრებული ის ვალდებულებებია, რომლებიც ტელეკომპანიებს უჩნდებათ და ამას ვერაფერი შეცვლის. ნებისმიერ შემთხვევაში, განკარგულების შემდეგ, ეს რეგულაციები ამოქმედდება. შექმნილ ვითარებაში ძალიან უცნაურია ცესკო-ს ხელმძღვანელების განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლება. რა-რა და, ეს ადამიანები საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა ერკვეოდნენ. თუკი არაფერი არ იცვლება, მაშინ ეს განკარგულება რას ნიშნავს და რა პროცესი მიმდინარეობს? ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო თარიღის ანონსირება მოახდინა, რაც მას ეს ისედაც შეეძლო და პრობლემა არ იქნებოდა. ამ ქმედებებით ერთი რამის დემონსტრირება მოხდა - პრეზიდენტს უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ის არ არის, ის  ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი არ არის და ის ჩვეულებრივი დიქტორია, რომელიც ახალი ამბების გამოცხადებას აკეთებს.

ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, მთავრობის მოთხოვნებს პრეზიდენტი რატომ დათანხმდა? პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია და მას ხშირად პრეტენზია აქვს, რომ ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებს...

- პრეზიდენტს ჰკითხეთ, ჯერ განცხადება რატომ გააკეთა და შემდეგ უკან-უკან ნაბიჯ-ნაბიჯ რატომ იხევს?! პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადების გარეშე ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე შეუძლია.

შექმნილ სამართლებრივ ვითარებაში, გამოსავალს რაში ხედავთ? პრემიერი ამბობს, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. პრეზიდენტმა განკარგულება უკან უნდა გაიწვიოს?

- მესმის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენა გამორიცხული და შეუძლებელია. რამდენიმე მომენტი იკვეთება. პირველ რიგში, სახელისუფლებო შტოებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ და ამასთნავე, კვალიფიკაციის პრობლემაც იკვეთება. სამართლებრივ პროცედურას რომ გავყვეთ, მთავრობას პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციისთვის ათდღიანი ვადა აქვს, რომ დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან დოკუმენტი პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უნდა დაუბრუნოს. რას ნიშნავს მოტივირებული შენიშვნები თარიღთან დაკავშირებით? ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ თქვას, არჩევნები 8 ოქტომბერს კი არ იყოს, არამედ 29-ში. პრეზიდენტი შენიშვნებს ან ეთანხმება, ან - არა. არდათანხმების შემთხვევაში, პრეზიდენტი იგივე საკითხზე კონტრასიგნაციისთვის მთავრობას ექვსი თვის მანძილზე ვეღარ მიმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებს პრობლემა ექნება. ამიტომ ორი ვარიანტია. თეორიულად, მთავრობა შეთავაზებულ ვარიანტს დაეთანხმება, რაც არის და იმედია, რადიკალურ ზომებზე არ წავა, რომ არჩევნებს პრობლემებს არ შეუქმნის, ან პრეზიდენტს ალტერნატიულ თარიღს შესთავაზებს, რომელსაც ის დაეთანხმება. სამართლებრივად მხოლოდ ეს ვარიანტი არსებობს.

უმრავლესობა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, არჩევნების თარიღს გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე იგებდნენ, რაც პრობლემას წარმოადგენდა. თქვენთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის თარიღის ექვსი თვით ადრე გაგება, რამდენად მნიშვნელოვანია?

- ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. ეს პრობლემას მხოლოდ ხელისუფლებას უქმნის, რადგან ყველა შეზღუდვა, რომელიც არჩევნების თარიღის გამოცხადებას ეხება, ხელისუფლების საქმიანობაზე მოქმედებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინისტრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამუშაო საათებში საქმიანობა ეკრძალებათ. ერთადერთი, ვისაც თარიღის გამოცხადება არ აწყობს, ხელისუფლებაა, რადგან პრობლემები და შეზღუდვები მას ექმნება.

როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნო პროცესი როგორ წავა?

- შეუძლებელია, ამ ხელისუფლების პირობებში რაიმე პროგნოზი გააკეთო, რადგან არანაირ ლოგიკურ ნაბიჯებს არ დგამენ. ასე, რომ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ხელისუფლების ქმედებები როგორი იქნება. გარდაბნის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ, სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოს. ხელისუფლებას არჩევნებში ძალიან გაუჭირდება. მათ ეს არჩევნები წაგებული აქვთ. არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უფრო ადრე წავა.

არჩევნებს ვინ იგებს -  თქვენ?

- არჩევნებს ვინ იგებს? - ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“.

ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- ამის თქმის საფუძველს ის განწყობები მაძლევს, რაც რაიონებშია. ჩვენ საკუთარ კაბინეტებსა და დაბურულ ავტომობილებში არ ვიმალებით. ჩვენ ხალხის აზრი და განწყობა ვიცით. დღევანდელ ხელსუფლებას მხარდაჭერა არ აქვს. ის, რომ „ქართული ოცნების“ საქმე კარგად ვერ არის, ეს შემიძლია თამამად გითხრათ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი სახეების წარდგენა როდის მოხდება და ძველ სახეებს, რა ბედი ეწევათ, რომელთა თაობაზეც ამბობენ, რომ სიაში აღარ იქნებიან?

- არ ვიცი, ეს თქვენ ვინ გითხრათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ძველ სახედ აღვიქმები. ახალი სახეები და ახალი სისხლი იქნება. შემიძლია, კონკრეტული გვარები დაგისახელოთ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების წაგების შემდეგ შემოუერთდნენ. სიის შედგენა საჭიროებას ეფუძნება. სია დაკომპლექტდება - გამოცდილებით, ცოდნით და უნარებით.

თქვენ საარჩევნო სიაში იქნებით?

- ამას ვერ გეტყვით, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. ჩვენ ძალიან ძლიერი წარმომადგენლობა გვეყოლება, რომელიც პარლამენტში მთავარი სიტყვის მთქმელი იქნება. დღეს ოპოზიციაში ვართ და მთავარი სიტყვა მაინც ჩვენ გვეკუთვნის.