მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მთავრობამ შესაბამისი რეფორმა მოამზადა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტს წარუდგინა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრი მოქალაქეების გამწამებელი და ნერვების მომშლელი აღარ იქნება და ის საზოგადოების მოკავშირე გახდება.
მინისტრის ცნობით, ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის პრობლემა არსებობდა, დღესაც არსებობს და სახელმწიფოს ისეთი ცვლილებების განხორციელება სჭირდება, რომელიც ახალ პრობლემებს არ მოიტანს და არსებულს გადაჭრის.
წულუკიანის ცნობით, საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25 პროცენტია დარეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდება.
„რეფორმამ მოქალაქეები უნდა წაახალისოს და მათ საჯარო რეესტრში ის დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რომელიც სახლში უდევთ და ნაკვეთის დასარეგისტრირებლად არ მიდიან, რადგან პრობლემა ექმნებათ. არსებული კანონმდებლობით, თუკი ორი საბუთი გაქვს, ხუთს მოგთხოვენ, ხოლო თუ ხუთივე საბუთი გაქვს, მაშინ ერთი ბეჭედის არარსებობის გამო დოკუმენტაცია მთლიანად დაგიხარვეზდება. დიდი გზა უნდა გაიარო იმისთვის, რომ მიწაზე იმ საკუთრების რეგისტრაციას მიაღწიოს, რომელზეც არც მეზობელი და არც სახელმწიფო არ გედავება, რომ შენია. მინდა, რომ ასეთი ადამიანები წავახალისო“, - განაცხადა წულუკიანმა.
გამოსვლისას მინისტრმა უკმაყოფილება აზომვით სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიმართ გამოთქვა და აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევაში, ხარვეზიანი ნახაზის გამო, მოქალაქეებს ბარიერები ექმნებათ.
წულუკიანის განმარტებით, რეფორმა ამ ტიპის საქმიანობასაც შეეხება და საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი შემუშავდება, ხოლო პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან.
„ზოგიერთ საამზომველო ფირმას არა მხოლოდ ცოდნის პრობლემა აქვს, არამედ იმ პრობლემის წყაროა, რასაც საამზომველო საქმიანობის საფასური ჰქვია. სოფელ ხრეითში, ამზომველმა ერთი ჰექტარის აზომვისთვის 500 ლარი მოითხოვა. ირკვევა, რომ ზოგიერთი კომპანია ერთ ჰექტარს 50 ლარად ზომავს, ზოგიერთი 250 ლარად ან 500 ლარად. მიწის აზომვის საფასურს მთავრობა დაადგენს“, - აღნიშნა მინისტრმა.
აღნიშნულ რეფორმაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საჯარო რეესტრის მიდგომების გარდაქმნა იქნება. კერძოდ, წულუკიანის განმარტებით, სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში დაეხმარება.
„დღესდღეობით, მოქალაქე ვალდებულია, მიწის რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოს სრული დოკუმენტაცია წარუდგინოს, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს. დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი ქონების რეგისტრაციაზე უარს ამბობს. თუკი ამჟამად, საჯარო რეესტრის ჯადოსნური სიტყვები - „ხარვეზი“ და „შეჩერებაა“, მომავალში, უწყება მიწის რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება და მოქალაქეს დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის მოძიებაში დაეხმარება. საჯარო რეესტრის მთავარი სლოგანი - „ხარვეზი“ და „შეჩერება“ აღარ იქნება“, - აცხადებს მინისტრი.
წულუკიანი ვარაუდობს, რომ მესაკუთრეებს ორი წელი დასჭირდებათ, რომ მიწები დაირეგისტრირონ.
„საჯარო რეესტრი იქნება არა გამწამებელი და ნერვების მომშლელი, არამედ როგორც პარტნიორი“, - დასძენს მინისტრი, რომელიც ყურადღებას რეფორმით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც ამახვილებს.
მინისტრის განცხადებით, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება და ხარვეზიანი დოკუმენტებიც ნაღიარები იქნება, თუკი ის მეორე ხარისხოვანია.
„ისეთ დოკუმენტებს არ დავახარვეზებთ, როგორიცაა: მებაღის წიგნაკი, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.“, - ამბობს მინისტრი.
რეფორმის გატარების მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი არ ფიქრობს, რომ დავები მაინც აღარ გვექნება.
„ილუზიაში არ ვართ, რომ დავები აღარ იქნება, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ დავები ნაკლები იქნება. შეიძლება, სამეზობლო დავა მაინც იყოს. სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება და მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს არჩევანი ექნება - მედიაციით ისარგებლოს, თუ სასამართლოს მიმართოს, სადაც საკუთრების უფლებას დაიცავს“, - განმარტავს წულუკიანი.
მინისტრის ინფორმაციით, რეფორმის გატარებისთვის დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები, როგორიცაა: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ შესრულდება“, - აცხადებს წულუკიანი, რომლის მიერ მომზადებული რეფორმით უმრავლესობა კმაყოფილია, ოპოზიცია ტრადიციისამებრ - უკმაყოფილო.
როგორც for.ge-ს მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს საკმაოდ სერიოზული სამუშაო აქვს გატარებული და უწყების მიერ შენიშვნებიც გათვალისწინებულია.
მისი თქმით, ის საკითხები, რომელიც კანონით ვერ დარეგულირდება, მთავრობის დადგენილებით, მოსახლეობას მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა.
„სვანეთში ის პრობლემაა, რომ ადამიანებს ისტორიულად მიწები გადაცემული აქვთ, მაგრამ ფაქტობრივად, ის მიწები მათი არ არის. რეალობაში, ადამიანებს ამ მიწების ბანკში ჩადება რომ დასჭირდეთ, ვერ ჩადებენ“, - დასძენს ჯაფარიძე.
მომზადებული ცვლილებების მნიშვნელობაზე აპელირებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული. for.ge-სთან საუბარში სამხარაული აცხადებს, რომ საფუძველი მნიშვნელოვან რეფორმას ეყრება, რადგან ქვეყანას ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებს.
დეპუტატის განცხადებით, ამ რეფორმების შედეგად მყარი საფუძველი შეიქმნება, რომ მოქალაქემ მინიმალური დანახარჯებით მიწის დარეგისტრირება მოახდინოს და არსებული ხარვეზები გამოასწოროს.
„საჯარო რეესტრი მეგობრული იქნება და ის მოსახლეობას ხარვეზების აღმოფხვრასა და დოკუმენტების მოძიებაში დაეხმარება. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როცა არქივი განადგურებულია, შესაძლოა, ამ შემთხვევაში საჭირო მთავრობის დადგენილება გახდეს, რომელიც მესაკუთრეებს მიწას თუნდაც სიმბოლურ ფასად გადასცემს“, - აღნიშნავს სამხარაული.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, აღნიშნულ რეფორმას ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ სკეპტიკურად უყურებს და ვარაუდობს, რომ ეს რეფორმა მიწის რეგისტრაციასთან არსებულ პრობლემებს ვერ უპასუხებს.
როგორც for.ge-ს „გირჩის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს საბუთები არ აქვთ, რითაც მიწის საკუთრებაში არსებობას დაასაბუთებენ, ეს კანონი კი, ამ პრობლემას ვერანაირად ვერ აგვარებს.
„იუსტიციის მინისტრისგან სადღეგრძელო მოვისმინეთ, რომელსაც უმრავლესობის მხრიდან ქება-დიდება მოჰყვა, რომელთა უმრავლესობას კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და არ იციან, რა ხდება. საუბარია მორიგება და მედიაცია როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა უსაბუთობაა. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ ისევ ისე დარჩება. პირიქით, კორუფციული გარიგებების საფრთხე იკვეთება, რადგან გამგეობებთან უფლებების დამდგენი რაღაც კომისიები შეიქმნება, რომლებიც დიდი ალბათობით კორუფციულ გარიგებებში გაეხვევიან. ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს, რომ ქვეყანაში მიწების კონკრეტული მფლობელებს არსებობენ, რომელთაც ამ მიწევს არავინ არ ედავება. შესაბამისად, სახელმწიფომ ეს მიწები უნდა აიღოს და ამ საკითხს წერტილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვას“, - აცხადებს ჯაფარიძე.
პარლამენტმა ცვლილებებზე მსჯელობა დღეს დაიწყო და მას პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას განიხილავს.