პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღის ადრე გამოცხადება ყველაზე დადებით გავლენას იქონიებს, რადგან პოლიტიკურ სუბიექტებს შეეძლებათ, გაცილებით უკეთ დაგეგმონ საკუთარი კამპანია და უკეთ მოემზადონ. ამასთან, დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს მეორე ტურის ჩატარებას.
„გასათვალისწინებელია ორი რამ, პირველი - საქართველოს კონსტიტუცია ოქტომბერს განსაზღვრავს, როგორც საპარლამენტო არჩევნების თვეს და მეორე - საარჩევნო ბარიერი ავწიეთ 50%-მდე, რაც ნიშნავს, რომ მეტ ოლქშია მოსალოდნელი მეორე ტური. მეორე ტურის ჩატარებას სულ მცირე ორი კვირა სჭირდება. ასე რომ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ძირითადი არჩევნების თარიღი შესაძლოა, ამითიც იყოს გამართლებული, რომ ოქტომბრის განმავლობაში მოესწროს მეორე ტურების ჩატარება“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებენ „თავისუფალი დემოკრატები“. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ოქტომბრის არჩევნებზე მეორე ტური მეტ ოლქშია მოსალოდნელი.
„ჩვენ ვამბობდით, რომ 50%-იანი ბარიერის დაწესება თავისთავად კარგია. თვისობრივად შეცვლის მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ადგილას დაინიშნება მეორე ტური. ამიტომ, ლოგიკურად მეჩვენება პარლამენტის თავჯდომარის განცხადება, რომ ამ მხრივ თარიღი 8 ოქტომბერი დადებითად იმოქმედებს, რადგან ბევრ ოლქში საჭირო იქნება მეორე ტურის დანიშვნა და დრომ არ უნდა შეგვზღუდოს, რომ ყველაფერი ერთად მოვასწროთ, ვგულისხმობ მთავრობის ფორმირებას და საპარლამენტო კონფიგურაციის ჩამოყალიბებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე ვაუდობს, რომ უმეტეს ოლქში დაინიშნება მეორე ტური, რადგან არც ერთი პოლიტიკური გუნდი არ საერგებლობს 50+1 მხარდაჭერით.
„ამას ადასტურებს, გნებავთ სოციოლოგიური კვლევები, გნებავთ ის შეგრძნებები, რომელიც საარჩევნო თემატიკაში გამოცდელ ადამიანებს გვეუფლება. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ საარჩევნო მარათონში პირველ ადგილს დაიკავებს „ნაციონალური მოძრაობა“.
ჩვენ ამ იმედის საფუძველს გვაძლევს ის სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც ჩვენ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ატარებენ. ასევე, ის მზარდი უკმაყოფილების მუხტი, რომელიც ყოველდღურად იზრდება. ივანიშვილმა მოატყუა ხალხი და ამაზე საუბრობენ ამომრჩევლები“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თევდორაძე.
იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევა მოხდა, დაახლოებით 30-35 საარჩევნო ოლქში მეორე ტურს ვარაუდობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, 30%-ანი კვოტის შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა საკმაოდ დაბალია.
„ჯერ-ჯერობით რთულია გადაჭრით საუბარი, რადგან პროცესები ჯერ კიდევ მიდის. მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდება და დასრულდება დაშლა-არმოშლის პროცესი, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ შედეგებზე. თუმცა, მაინც მგონია, რომ უმრავლესობით მოსვლის დიდი შანსი „ქართულ ოცნებას აქვს“.
ვნახოთ, რა მოხდება ყრილობაზე, სადაც ახალ სახეებს და სამოქმედო პროგრამას წარადგენენ. თუკი არჩეული იქნება სწორი სტრატეგია, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობით მოსვლის საკმაოდ დიდი შანსი აქვთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
მეორე ტურის ალბათობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ახალ პარლამენტში მაქსიმუმ 6 სუბიექტი თუ მოიყრის თავს.
„უკვე იკვეთება შემდგომი კოალიციის კონტურებიც. ყველაზე მარტივად შესაძლებეელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიზიდოს პარლამენტში აღმოჩენილი პოლიტიკოსთა ჯგუფები, იგივე სურვილი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. ალბათ უკვე ხვდებიან ისინი, რომ დამოუკიდებლად, ასე, პირდაპირ, უმრავლესობის ჩამომყალიბებელი ისინი ვერ იქნებიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.