ოკეანდალეული

ოკეანდალეული

მართალია, მისი გონება ცოდნასაა დაწაფებული, ხოლო  ჯიბე – საპარლამენტო ხელფასს (ნეტავ, ოდესმე ვეღისრებით, ჯერ ისწავლონ და მერე წამოასხდნენ, რა თქმა უნდა, სკამებს?), მაგრამ მისი სულ-გული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ქორივით დასტრიალებს. 

ჰოდა, რაკი ქორივით დაწრიალებს, თუმცა ოკეანის გაღმაა, ქ-ნი საჯაია პაატა ზაქარეიშვილის რუსეთის მიმართ გამოთქმულ მკვეთრ განცხადებებს გამოეხმაურა და არც შეფასება დაგვამადლა (ოკეანის გაღმა ნასწავლი მაინც სულ სხვაა!). ერთი ისაა, სოციალური ქსელით (საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ხელფასშენარჩუნებული კონკრეტული ხალხის რჩეული, სანამ ყველა უმაღლეს სასწავლებელს არ მოივლის დასავლეთში, პარლამენტის შენობაში ყელსაბამიც რომ შეუგდო, ახლოს არ გაეკარება!). კერძოდ, აგვიხსნა: „ზაქარეიშვილის რიტორიკის ცვლილება იმითაა გამოწვეული, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების თბილისში გამეორების საშიშროება იგრძნო.“

თუ გავიხსენებთ, რომ გამჭოლ ლოგიკურობას მაინცდამაინც ვერ დავაბრალებდით, ამჯერად სათქმელი რიტორიკული შეკითხვების კასკადის სახით ჩამოაყალიბა (მომყავს ციტატა, სხვა რა გზა მაქვს, როცა მისი ბაგეებით თქმულს ვერა და ვერ ვეღირსე?!): „გამახსენეთ, ეს ის მინისტრი არ არის, რომელიც ამბობდა, ჟენევის ფორმატი კარგია, მაგრამ, არაეფექტური და, ამიტომ, ჯობია, პირისპირ, ერთი-ერთზე ველაპარაკოთ რუსეთსო?! ეს ის მინისტრი არ არის, რომ ამბობდა, რა ვქნათ, „გამყოფმა“ (რეალურად კი – საოკუპაციო) ხაზმა რომ გამოიწიაო; რუსი ჯარისკაცი ტუალეტში რომ შევა, იმაზეც ხომ არ გამოვეკიდებითო?! და რომლის სამინისტრომაც შემოიტანა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება?!“

სიმართლე გითხრათ, პირადად მე მიჭირს, მივყვე ამ ჩვენი ცოდნასმოწყურებული დეპუტატის აზრთა დინებას, თუმცა, მისი დიდაქტიკური გაფრთხილების ბოლო ფრაზას თუ გავიხსენებთ: „ჰოდა, ცოტა გაფრთხილდნენ“, როგორც ჩანს, ოკეანის წყალმა თვითდაჯერებულობა შეჰმატა.

მართალია, კვლავაც ვერ დამიდგენია, რა დამსახურებისთვის ვუხდით სადეპუტატო ხელფასს, დანამატ-სატრანსპორტო ხარჯიანად, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიები 23 წლამდე ასაკის მძღოლებს ავტომანქანებს არ უზღვევენ (იმიტომ რომ ზარალში არ აღმოჩნდნენ, რამეთუ, 23 წლამდე მოქალაქეს თავში უქრის), 21 წლის დეპუტატის არსებობის ფაქტი მოწმობს, რომ ქვეყნის კანომდებლობის ბედს თვით ავტომანქანების უსაფრთხო მომავალთან შედარებითაც კი ჩალის ფასი ჰქონია!