საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარდება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია, მაგრამ უცნობია რა გუნდით წარსდგებიან ამომრჩევლის წინაშე „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში გადაინაცვლებენ დევნილთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები.
რაც შეეხება „რესპუბლიკელ“ მინისტრებს, პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიაში იქნებიან თავდაცვის, გარემოს დაცვისა და შერიგების საკითხებში მინისტრები. თუმცა, როგორც პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე პარტია მუშაობას აგრძელებს. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები საარჩევნო სიაში იქნებიან, მინისტრების პოსტებს დატოვებენ.
„ვიცით, რომ ოფიციალურად საარჩევნო კამპანია 60 დღით ადრე დაიწყება, მაგრამ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია, უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში არიან. მომავალ ხედვებზე იწყება საუბარი, მსჯელობა მიდის, ვინ იქნებიან კანდიდატები, როგორ იქნება სიები წარდგენილი. „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰყავს პარტიული ლიდერები, რომლებიც პარტიის მიერ წარდგენილი მინისტრები არიან.
„რესპუბლიკური პარტია“ სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესს მინისტრებთან შეთანხმებით გადაწყვეტს - იქნებიან თუ არა ისინი საპარლამენტო კანდიდატები პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით. ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ არის. უახლოეს მომავალში, როდესაც პარტია ჩამოყალიბდება, ამის შესახებ გაცნობებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ისინი იქნებიან კანდიდატები, ეს ნიშნავს, რომ დატოვებენ მინისტრების პოსტს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
იმ მინისტრებმა, რომლებიც საარჩევნო სიაში იქნებიან, ორგანული კანონის თანახმად თანამდებობა ორი თვით ადრე უნდა დატოვონ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მინისტრების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება ორგანული კანონით და იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი აპირებს არჩევნებში მონაწილებას, ლოგიკურია, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს .
„რა შუაშია დაპირისპირება?! თუ მინისტრი მონაწილეობს არჩევნებში, უნდა დატოვოს თანამდებობა და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს. ერთადერთი, ვინც არ ტოვებს თანამდებობას, ეს არის პრემიერ-მინისტრი. ორგანული კანონის თანახმად, ის მინისტრებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, არჩევნებამდე ორი თვით ადრე უნდა დატოვონ თანამდებობები. არჩევნები დაინიშნა 6 თვით ადრე, პრაქტიკულად დაიწყო საარჩევნო კამპანია და რა აზრი აქვს არჩევნებამდე ორი თვით ადრე გადადგომას?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის შემდეგ, წინასაარჩევნო აგიტაცია თავდაცვისა და შს მინისტრებს ეკრძალებათ.
„ბოლო პერიოდში საზოგადოების მსჯელობის საგანი იყო მინისტრების და თვითონ პრემიერის საპარლამენტო სიებში ყოფნა-არყოფნის და, იმავე დროს, თანამდებობაზე მისი დარჩენის საკითხი. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არ წყდება, თუმცა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები უკვე შეიძლება იყოს საზოგადოების და სახელმწიფოს ზრუნვის საგანი. ეს შეეხება იგივე მინისტრების წინასაარჩევნო აგიტაციას, იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მოსყიდვას, რაც მკაფიოდაა გაწერილი საარჩევნო კოდექსში.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის შემდგომვე, ანუ უახლოეს დღეებში, მინისტრებს და არც პრემიერს არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია, გამონაკლისია მხოლოდ ორი მინისტრი - თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მათ არ შეუძლიათ და ეს პირდაპირაა გაწერილი საარჩევნო კოდექსში“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნების“ ჩანაფიქრში არ შედის სამთავარობო ცვლილება, თუმცა აცხადებს, რომ თვითონ „რესპუბლიკური პარტიისთვის“, რომელმაც საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, გარკვეული დისკომფორტის შემცველია მინისტრებისთვის თანამდებობის შენარჩუნება.
„ასეთი პოზიტიური დღის წესრიგით არჩევნები ქართველი ამომრჩევლისთვის გასაგები არ არის. გარკვეული პოზიციონირება „რესპუბლიკურ პარტიას“ სჭირდება. მთავრობა გახლავთ სოლიდარული პასუხისმგებლიბის სისტემა. შესაბამისად, ცოტა გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის, რატომ უნდა მისცეს ხმა „რესპუბლიკურ პარტიას“, თუ ისინი ბოლომდე არ ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.