„ნაციონალებს ვთხოვ, გაიხსენონ, რომელ ოქტომბერს გაიმართა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები“

„ნაციონალებს ვთხოვ, გაიხსენონ, რომელ ოქტომბერს გაიმართა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები“

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა, შესაძლოა, პოლიტიკურ ძალებს შორის მორიგი კონფლიქტის საფუძველი გახდეს.

არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ქვეყნის პირველმა პირმა არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი განსაზღვრა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლების „ფოკუსად“ მიიჩნევს, არასამთავრობო სექტორი კი, სამართლებრივ გაუგებრობად აფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობა არჩევნების თარიღის დასახელებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულს ახსენებს, პრეზიდენტის გამოცემული სამართლებრივი აქტი კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უკვე გადაეგზავნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს.

მთავრობის ხელმძღვანელს დოკუმენტზე ხელის მოწერისთვის ათდღიანი ვადა აქვს და ის, თუ რას იზამს, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, განმარტებების გაკეთება პრეზიდენტსაც მოუწევს, რომელმაც განკარგულების ძალაში შესვლის ვადად 8 აგვისტო განსაზღვრა. ანუ, წინასაარჩევნო პროცესი სტარტს ოფიციალურად სწორედ 8 აგვისტოს აიღებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღის წინასწარ გამოცხადებას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხსნის და ირწმუნება, რომ ამ ფორმით პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო კამპანია უკეთესად დაგეგმონ.

მარგველაშვილის ადმინისტრაციის პოზიციას უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე არ ეთანხმება და ხელისუფლებას ურჩევს, „ასეთი ტიპის ფოკუსებს“ თავი დაანებოს.

ბაქრაძის შეფასებით, არჩევნების თარიღის გამოცხადება მორიგი აბსურდია, რითაც „ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ და რა სისულელეც არ უნდა გამოაქვეყნონ, ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს. ამიტომ მათ ვურჩევ, ხალხის მოტყუებას თავი დაანებონ და ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს თანაბარ არჩევნებში გადააბარონ, რომელიც დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა” იქნება”, - აცხადებს ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „თავისუფალ დემოკარტებში“ არჩევნების თარიღის წინასწარ გამოცხადებაში პრობლემას ვერ ხედავენ. როგორც for.ge-ს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნა არანაირ პრობლემას არ წამოადგენს გარდა იმისა, რაც აქტის ამოქმედების ვადებმა შექმნა.

მისი მოსაზრებით, თარიღის დასახელება მეტი სიცხადისთვის უკეთესია.

„ვიცოდით, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდებოდა და „თავისუფალ დემოკრატებს“ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არჩევნები 8 ქტომბერს ჩატარდება თუ 20 ოქტომბერს. არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყანაში მეორე ტურები ჩატარდეს. ამიტომ, ვინც ხელფასზე დარდობს, მას ვეტყვი, რომ შესაძლოა, ხელფასის აღების ვადები გაუგრძელდეს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ვარდება და ალბათ, მათი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული“, - აღნიშნავს აბაშიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, თარიღების დასახელებაში პრობლემას ვერც ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ ხედავს. for.ge-სთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძე თარიღის დასახელების მიზეზებს განმარტავს და ვარაუდობს, რომ ალბათ, არჩევნები 8 ოქტომბერს იმიტომ დაინიშნა და არა 18 ოქტომბერს, რომ არჩევნებისთვის აგვისტო პოლიტიკურად პასიურია, რადგან მოსახლეობა დასვენებაზეა ორიენტირებული.

მისით თქმით, რეალურად, პარტიებს პოლიტიკური კამპანიის წარმოებისთვის სექტემბერი რჩებათ.

„ამაში ტრაგიკული არაფერია, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები 18 ოქტომბერს ჩატარდება თუ 8 ოქტომბერს. მათი რეიტინგი ძალიან დაბალია და ეჭვი მეპარება, რომ მათ რეიტინგის გაუმჯობესება შეძლონ, რადგან ეს ეკონომიკურად მძიმეა წელია. ჩვენთვის თარიღის დასახელებით არაფერი არ იცვლება, ძველებურად, ვიმუშავებთ“, - ამბობს ჯაფარიძე.

დეპუტატის ცნობით, მისი გუნდი 16 აპრილს დამფუძნებელ ყრილობას გამართავს, სადაც ახალი სახეები გამოჩნდებიან და პროგრამაზე ისაუბრებენ.

„გირჩი“-ს სიის პირველ ნომერ ჯაფარიძეს საკუთარი იდეების, პრინციპებისა და გამარჯვების რწმენა აქვს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა არჩევნების თარიღის წინასწარ გამოცხადებას პოზიტიურად აფასებს და 8 აგვისტოს აქტის ძალაში შესვლაშიც პრობლემას ვერ ხედავს.

როგორც for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, ის, რომ არჩევნებში ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ეს გადაწყვეტილება თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის პირობებში მიიღო.

ხმალაძის შეფასებით, აგვისტოში ის ისვენებს, ვისაც დასვენების უფლება აქვს, ხოლო ვინც არჩევნებში მონაწილეობს და არჩევნების შედეგები აინტერესებს, ის ამ პროცესში აგვისტოშიც ჩართულია.

„ნაციონალებს ვთხოვ, გაიხსენონ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები რომელ ოქტომბერს გაიმართა? - 1-ელ ოქტომბერს. წინა ორი თვე რომელი თვე იყო? აგვისტო არ იყო? როცა არჩევნები ოქტომბერში იმართება, მაინცდამაინც ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს, რომ წინასაარჩევნო კამპანია სექტემბერსა და ოქტომბერს მოიცავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგვისტო იქნება“, - აცხადებს ხმალაძე.

კანონმდებელი იმ პერიოდსაც იხსნებს, როცა ოპოზიცია არჩევნების თარიღს არჩევნებდამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იგებდა და შესაბამის პროცედურებს სამ დღეში სწრაფად გადიოდა, რათა არჩევნების მიღმა არ აღმოჩენილიყო.

„სააკაშვილის ხელისუფლებას თარიღი სრულიად გასაიდუმლოებული ჰქონდა და არჩევნები როდის გაიმართებოდა, ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. სტარტზე ვიდექით, რომ ის მოქმედებები განგვეხორციელებინა, რაც არჩევნების გამოცხადების შემდეგ აუცილებელია. ჩვენი მიზანი იყო, პროცედრის შესრულება არ დაგვეგვიანა, რის გამოც არჩევნების მიღმა აღვმოჩნდებოდით. მუდმივი მოთხოვნა იყო, რომ არჩევნების თარიღი გონივრულ ვადაში დასახელებულიყო“, - დასძენს ხმალაძე, რომლის მსგავსად, თარიღებში პრობლემას ვერ ხედავს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

for.ge-სთან საუბარში ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არჩევნები 15 ოქტომბერს რომ დანიშნულიყო, მაშინ ოპოზიცია იტყოდა, 15 ოქტომბერს რატომ დაინიშნა და არა 8 ოქტომბერსო.

„არჩევნები ხუთი თვით ადრე დაინიშნა, მაგრამ ოფიციალური საარჩევნო კამპანია, ვინ როგორ უნდა აწარმოოს, ეს კანონითაა განსაზღვრული და ეს რეგულაციები ორი თვით ადრე იწყება. ვინც ამ ყველაფერზე საუბრობს, სჯობს, კანონში ჩაიხედოს“, - დასძენს ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციას, ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების პროცესი სპონტანურად და არათანამიმდევრულად წარიმართა, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა.

მათი განმარტებით, „საარჩევნო კოდექსით“ ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული წესები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, გაუგებრობას ქმნის გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით, რომ კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტო განისაზღვრა და არა არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნება.

„წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უკავშირდება და არა მისი ძალაში შესვლის თარიღს. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, არჩევნები დანიშნულად ჩაითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) რეჟიმი აქტის გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდება. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, ოფიციალური განმარტებები გააკეთონ, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა ორგანული კანონით?“, - ინტერესდებიან ორგანიზაციაში.