საპარლამენტო კულუარებში „ოცნების“ საარჩევნო სიის სავარაუდო კანდიდატები სახელდება

საპარლამენტო კულუარებში „ოცნების“ საარჩევნო სიის სავარაუდო კანდიდატები სახელდება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ექვსი თვე რჩება, პარტია „ქართული ოცნება“ კი, ახალი სახეების წარდგენას არ ჩქარობს. ამ დროისთვის, საარჩევნო სიის პირველი ნომერი ცნობილია, დანარჩენი პირების ვინაობა კი - მკაცრად გასაიდუმლოებული.

უმრავლესობა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „ოცნების“ სიას სათავეში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუდგება, რომლის გამოც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის და მას პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, დაკავებული თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ დაზუსტებულ ინფორმაციას არათუ ახალი სახეების შესახებ არ ფლობენ, არამედ ისიც კი არ იციან, პარლამენტის არსებული შემადგენლობიდან ვის მოუწევს მანდატისთვის ბრძოლა. თუმცა, საპარლამენტო კულუარებში იმ სავარაუდო პირების ვინაობა მაინც სახელდება, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რიგებიდან საპარლამენტო არჩევნებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

for.ge-ს ინფორმაციით, პოლიტიკაში წასვლა „აირზენას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, იასე ზაუტაშვილს სურს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატურა შეთავაზა და ყვარელში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დაყენების სურვილი გამოთქვა.

წყაროს ცნობით, ზაუტაშვილის მსგავსად, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობა ვალერი გორგოძემაც მოინდომა, რომელიც კერძო ბიზნესში საქმიანობს.

ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში ბელგიაში მცხოვრები ქართველის ანა ბალამწარიშვილის  ჩასმა სურდა, რომელსაც პრობლემები საკანონმდებლო კუთხით შეეხო, რადგან მას საქართველოში ბოლო ორი წელი ნაცხოვრები არ აქვს.  

რაც შეეხება კოალიციაში შემავალ პარტიებს, საპარლამენტო კულურებში იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, „კონსერვატორებს“ „ქართულ ოცნებაში“ ინდივიდუალური შესვლა შესთავაზონ და ისინი მეცხრე მოწვევის პარლამენტში ამ ფორმით მოხვდნენ.

for.ge-მ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურს მიმართა, რომელმაც ჩვენს ინფორმაცია კატეგორიულად არ უარყო.

დეპუტატის თქმით, მას ამ საკითხზე  პასუხის გაცემა ძალიან მარტივი დეტალის გამო არ შეუძლია.

„კონსერვატორიული პარტიის“ ორგანიზაციები მთელ საქართველოშია, 10 ათასზე მეტი  წევრი გვყავს და ევროპელი „კონსერვატორების“ წევრები ვართ. შეუძლებელია, რაიმე გადაწყვეტილება ამ ფორმებთან დაკავშირებით სპონტანურად მივიღოთ. ამ ამბავში რეგიონალური ლიდერების ჩართვა დაგვჭირდება და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. მედიაში საუბრებია, რომ სიებში ჩავჯდებით, ან ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - აცხადებს ძიძიგური, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი გიგა ბუკია.

როგორც for.ge-ს ბუკიამ განუცხადა, კოალიციური ერთობა წარმატებული იყო და სასურველი იქნებოდა, რომ კოალიცია 2016 წელსაც წარმდგარიყო.

დეპუტატი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან არჩევნებში ინდივიდვალურ მონაწილეობაზე საუბარი არ ყოფილა.

„არჩევნების ფორმატი არის სიახლე და ყველაფერს ღრმა ანალიზის შემდეგ გადავწყვეტთ“, - დასძენს ბუკია.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება“ 14 მაისის ყრილობისთვის ემზადება, თუმცა, ლიდერები აცხადებენ, რომ ახალი სახეების წარდგენა მანამდე ეტაპობრივად მოხდება.