ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას, სადაც მთავარი საარჩევნო სუბიექტი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
„გამორიცხული არ არის, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი, ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას როცა მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ამას გაიგებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბარამიძემ.
ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, გაიმართა თუ არა რაიმე სახის კონსულტაცია რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან და აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. უბრალოდ, ბარამიძე აღიარებს, რომ ნაციონალებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მუდმივად აქვთ დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“. „ქართულ ოცნებასთან“ მათი ურთიერთობა კი იმით შემოიფარგლება, რომ „ოცნებას“, როგორც ხელისუფლებას, „ნაციონალების არც ერთი მითითება არ შეუსმენია“.
ვისთან გაერთიანდებიან ნაციონალები და რას მოუტანს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს მათთან ერთად ერთ კოალიციაში გაწევრიანება მორალური და ღირებულებითი თვალსაზრისით?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს რეალობაში არსებობს უიმედო პარტიათა ჯგუფი, რომელთაც საარჩევნო ბარიერის გადალახვის ალბათობა ძალზე დაბალი აქვთ. ამიტომ გასაკვირი არაა, ასეთი პარტიების ჯგუფი ვიხილოთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში. სავარაუდოდ, ლაპარაკია პარტია „საქართველოს ევროპელ დემოკრატებზე“ (ლიდერი პაატა დავითაია), ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეზე, რომელსაც, ასევე, აქვს პოლიტიკური ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, არ გამოირიცხება, ასევე, „ახალი მემარჯვენეები“, რომლებიც შესაძლოა, აღმოჩნდნენ ნაციონალების მახლობელ ორბიტაზე, ედპ და სხვები.
„ასეთ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი დაბალი აქვთ. შესაძლოა, მათ ნაწილს 4%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეს. მათთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება, თუკი ნაციონალებთან ერთად შექმნიან კოალიციას. თავად ნაციონალებისთვისაც, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ეს მომგებიანი იქნება, ოღონდ რამდენად მომგებიანი იქნება მთლიანობაში, ეს სხვა საკითხია.
დღეს ნაციონალებს სტაბილური ამომრჩეველი მაინც ჰყავთ და ეს პარტიები მათ რას შემატებენ, ცოტა ძნელი სათქმელია. ზოგადად, კოალიცია მაინც კოალიციაა და ამომრჩეველზე მაინც იმოქმედებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნაციონალებს ცოტა რთულად აქვთ საქმე. თორემ, სხვა შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ კოალიცია კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება შეკითხვას, მორალური თვალსაზრისით, რამდენად წამგებიანი იქნება თუნდაც დაბალპროცენტიანი პარტიებისთვის ნაციონალებთან გაერთიანება, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში არსებულ იმიჯს, გარკვეულწილად, ჩამოირეცხავს, რადგან 2016 წლის შემდეგ სულ სხვა პრობლემები იქნება ხალხისა და ქვეყნის წინაშე და არა -„ნაციონალური მოძრაობისადმი“ გამოკიდება. ამდენად, ცალკეულმა პარტიებმა უკვე ოთხი წელი დაკარგეს, ისინი არ არიან პარლამენტში. შესაბამისად, თუკი კიდევ ოთხი წელი აღარ იქნებიან, ეს მათ გაქრობას თუ არა, დეგრადაციას მაინც გამოიწვევს. ამიტომ, მათ ისედაც დიდი არჩევანი არ აქვთ და, ალბათ, უღირთ ნაციონალებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბება.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია For.ge-სთან საუბარში გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებს და მათთან ერთად ერთიან კოალიციაში შესვლას. ის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, შევა პარლამენტში, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პროდასავლური ძალების მიერ იყოს გამოყენებული ეს ფლანგი. შესაბამისად, საფიქრალია დასავლური ძალების გაძლიერებაზე, დასავლური პოლიტიკური პარტიების კოალიციაზე. ამიტომ დასავლურ ფლანგში შეიძლება მოვიაზროთ ყველა ის პარტია, რომლებიც აღიარებენ, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა.
მანანა ნაჭყებიას თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მას, როგორც პოლიტიკოსს, მიაჩნია, რომ, თუკი დასავლური პოლიტიკური ძალები მოახერხებენ კონსოლიდირებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ბევრად უკეთესი კონფიგურაცია შეიქმნას და საუბარი იყოს უმრავლესობით მოსვლაზე.
„2016 წლის არჩევნები შემთხვევით არ უხსენებია კარასინს. მან კარგად იცის, რომ საქართველოში საპარლამენტო გადატრიალება შეიძლება მოხდეს არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვებით, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს საგარეო ვექტორი. ამიტომ, ამ საკითხზე დაფიქრება აუცილებელია. თუმცა ჩვენ წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ოპონენტები ვიყავით და მათთან კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ. იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ბევრი ძალა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ლოიალურად იყო განწყობილი ადამიანის უფლებების დამრღვევი ნაცმოძრაობის მიმართ, რომელმაც დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინა“, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
For.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნო კოალიციის შექმნა, უბრალოდ, ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის პირადი მოსაზრება და სავარაუდო დაშვებაა, თორემ მათ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკურ საბჭოს ამის შესახებ არ უსაუბრია. აქედან გამომდინარე, სავარაუდო კოალიციის წევრები ბუნებაში არ არსებობენ.
„საერთოდ, ძალზე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ასეთი კოალიციის მიმართ. არავისთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კოალიციის შექმნის შესახებ. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ უმრავლესობა იშლება პარლამენტში, უმრავლესობის მიმართ ნდობა დაშლილია მთლიანად ქართულ საზოგადოებაში და იმასაც კარგად ვამჩნევთ, რომ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნებში და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს კიდეც“, - გვითხრა ნუგზარ წიკლაურმა.