„სამართალმა პური ჭამა“ - გუბაზ სანიკიძე პოსტის გარეშე

„სამართალმა პური ჭამა“ - გუბაზ სანიკიძე პოსტის გარეშე

„ეროვნული ფორუმის“ წევრ გუბაზ სანიკიძეს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ზურაბ აბაშიძისთვის ჩამორთმეული ვიცე-სპიკერის თანამდებობა არ შერჩა. თუკი გასულ წელს, ვიცე-სპიკერის პოსტი სანიკიძემ თავად მოითხოვა, მას ამ თანამდებობის დატოვება საკუთარი სურვილითვე მოუწევს.

საქმე იმაშია, რომ „ეროვნული ფორუმი“ კოალიციას და უმრავლესობას ტოვებს, რაც რეგლამენტის შესაბამისად, მათთვის უმრავლესობის კვოტით დაკავებული საპარლამენტო პოსტების ჩამორთმევას ითვალისწინებს. სანამ ისტორია განმეორდებოდა და „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, სანიკიძესა და მის თანაგუნდელებს თანამდებობებს ჩამოართმევდნენ, მანამდე გუბაზ სანიკიძემ მოვლენებს დაასწრო და განაცხადა, რომ შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე პოსტებს დატოვებენ.

ამ მოწვევის პარლამენტში, სანიკიძესთან შედარებით, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ, მაგრამ თავის დროზე, საქმიანობით „თავისუფალი დემოკრატებიც“ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ისინი უმრავლესობამ არ დაინდო და პოსტების გარეშე დატოვა. მართალია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებიდან საკუთარი ნებით წავიდნენ, თუმცა, მათ პროტესტს წინ უმრავლესობის გადაწყვეტილება უსწრებდა, როცა ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ზურაბ აბაშიძე გადააყენეს და სანაცვლოდ, თანამდებობა გუბაზ სანიკიძეს ჩააბარეს. უფრო სწორად, თავად სანიკიძემ „მოითხოვა“ და „მიიღო“ კიდეც. კერძოდ, გასულ წელს, for.ge კოალიციის პოლიტსაბჭოს იმ სხდომის თაობაზე წერდა, სადაც უმრავლესობას აბაშიძის კუთვნილ პოსტზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო კიღურაძის დანიშვნა სურდა, თუმცა, სანიკიძემ ვიცე-სპიკერის პოსტი თავისთვის მოინდომა.  სხვათაშორის, მოგვიანებით, გუბაზ სანიკიძის განცხადებამ, რომ მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა უმრავლესობამ შესთავაზა, მაშინდელი უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაანაწყენა და მან არ დამალა, რომ სანიკიძემ ეს პოსტი თავად მოითხოვა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ეროვნული ფორუმი“ თუ რა შედეგს აჩვენებს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში „ეროვნული ფორუმი“ გაცილებით პასიური იყო, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიციაში. თუკი ოპოზიციაში ყოფნის დროს გუბაზ სანიკიძე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა, მერვე მოწვევის პარლამენტში, მან საზოგადოებას თავი რამდენიმე შინაარსიანი გამოსვლით და პლენარულ სხდომაზე მძინარე სურათით დაამახსოვრა, რომელიც სააკაშვილმა ტელევიზიის საშუალებით გაავრცელა და მისთვის ჩვეული ხერხებით ოპონენტის გაკრიტიკების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

წინასაარჩევნოდ გუბაზ სანიკიძე  თუ როგორ გამოიჩენს თავს და დაიბრუნებს თუ არა „წარსულის დიდებას“, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ პარტიის სიის პირველი ნომერი სავარაუდოდ  კახა შარტავა იქნება, რომელიც საზოგადოების, მათ შორის, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობითაც სარგებლობს.

რაც შეეხება უმრავლესობიდან „ეროვნული ფორუმის“ გასვლით შექმნილ პრობლემებს, ასეთი პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ იკვეთება, რადგან უმრავლესობა შენარჩუნებულია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, „ქართულ ოცნებას“ ტაბლოზე 82 ხმის ანთება შეუძლია, თუმცა, „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებამ „რესპუბლიკური პარტიის“ ათი ხმა დააფასა, რომელთა ნებაზეც უმრავლესობის სიმტკიცე დგას. იმ შემთხვევაში თუკი, რესპუბლიკელები უმრავლესობას დატოვებენ, „ქართულ ოცნებას“ „პორტირებული ნაციონალებიც“ ვეღარ უშველიან და უმრავლესობა დაიშლება.

პრინციპში, უმრავლესობა დაშლილია თუ შენარჩუნებული, ამ თემის გარშემო კოალიციაში დარჩენილი პარტიები ჯერ კიდევ დაობენ. „მრეწველები“ ფიქრობენ, რომ უმრავლესობა დაშლილია და შესაძლოა, მომავალში, თემებრივი უმრავლესობა შეიქმნას, რაც იდეაში საპარლამენტო საქმიანობას გაართულებს, რადგან ორგანული კანონებისა და საკადრო ცვლილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება, პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში კი, ხმების ამ რაოდენობის მოპოვება ძნელი იქნება.

for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „მრეწველების“ წევრი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ კოალიცია და უმრავლესობაც დაშლილია.

მისი თქმით, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ თუ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება, ისინი საკითხს მხარს დაუჭერენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  - არა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობის წევრები არ არიან, რადგან ამბობენ, რომ  უმრავლესობაში რომ უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმას არ დავემორჩილებით და გადაწყვეტილებას ჩვენით მივიღებთო. ანუ, ისინი მონაწილეობას თემატურ გადაწყვეტილებებში მიიღებენ. როგორც ჩანს, თემატური უმრავლესობა შეიქმნება“, - განაცხადა ტყემალაძემ, რომლის საწინააღმდეგოს ამტკიცებს  ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ტყემალაძისეული თეზისი დადასტურებული არ არის, რომ კოალიცია და უმრავლესობა დაშლილია.

მისი მოსაზრებით, ახალ რეალობაში, თითოეული ფრაქცია მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მეტ ფასს დაადებს და ამ თვალსაზრისით, „მრეწველები“ გამონაკლისი არ იქნებიან.

„მგონი, ის ამას მეტაფორულად ლაპარაკობს, რადგან უმრავლესობა სამართლებრივი ტერმინია და თუკი პარლამენტში 76 კაცი არის, მაშინ ეს უმრავლესობა შესაბამისი უფლებამოსილებებით და ტექნიკურად აღჭურვილია. რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს“, ეს პარტია ნორმალურად  და სწორად მოიქცა.  გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ რესპუბლიკელების გადაწყვეტილებამ „ფორუმის“ დღის წესრიგი შეცვალა. ის, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებდნენ, ამის მოლოდინი გვქონდა. შარტავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი სტრუქტურებს პრობლემებს არ შეუქმნიან. ყველას კარგად გვახსოვს, რომ არჩევნებია, მაგრამ საარჩევნო პერიოდშიც სახელმწიფო ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს“, - დასძენს ბერძენიშვილი.

უმრავლესობის დაშლაში საფრთხეს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ვერ ხედავს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ძირითადად, ყოველთვის თემატური უმრავლესობა იყო, მაგრამ ეს მმართველ გუნდს ხელს არ უშლიდა, რომ საკითხების გადაწყვეტაში ერთიანი ყოფილიყო.

დეპუტატის მოსაზრებით, შესაძლოა, წინა საარჩევნოდ ბევრი ისეთი საკითხი გაჩნდეს, რომელიც მეტ შეთანხმებას მოითხოვს.

„უმრავლესობის დაშლას საფრთხედ არ მივიჩნევ, თუმცა, ეს არავის ინტერესებში არ შედის. უმრავლესობა ფორმალურად შენარჩუნებული იქნება, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე აქტიური განხილვები მოგვიწევს“, - აღნიშნავს კვაჭანტირაძე.

ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ თემობრივი უმრავლესობის შექმნაზე მინიშნება რესპუბლიკელემა მაშინ გააკეთეს, როცა განაცხადეს, რომ პარტიული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ.

ძიძიგურის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი რაღაც პირველად ხდება. მათ შორის, პირველადაა ასეთი პროცესებიც.

„ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ვფიქრობ, რომ რაც მიდის, დემოკრატიული პროცესებია, რომელიც ყველა სუბიექტისთვის გამაძლიერებელი იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.

თემატური უმრავლესობის შექმნაში პრობლემას „ქართული ოცნების“ წევრები ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, ისინი პრობლემას ვერც უმრავლესობის დაშლაში ვერ ხედავენ და ამის დადებით მხარეებზე აპელირებენ.

როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, კოალიციას ჯერჯერობით სათანადო ხმები აქვს იმისთვის, რომ უმრავლესობის ფორმატი შეინარჩუნოს, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება შეძლებს, რომ არჩევნებამდე სტაბილურად მივიდეს და ქვეყანაში განსაკუთრებული რყევები და კრიზისი არ იყოს.

„თუკი პარლამენტს უმრავლესობა არ ჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ უმცირესობაც არ ჰყავს და შესაძლოა, ამაში დადებითიც დავინახოთ. ეს საკითხი განსაკუთრებულად მტკივნეული საკითხი არ არის, თუმცა, ჯერჯერობით, უმრავლესობის ფორმატი შენარჩუნებულია. რაც შეეხება „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას, ყველა პარტიას თავისი ტაქტიკა აქვს. ოპონირების რეჟიმში უნდა გადავიდეთ, მაგრამ აგრესიული ფორმები, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო და რასაც ვეწირებოდით, უნდა დასრულდეს. გუშინდელი პარტნიორები დღეს ცივილური ოპონენტები უნდა ვიყოთ და დისკუსია ყოველგვარი თავდასხმებისა და აგრესიის გარეშე უნდა შევძლოთ. საქართველოში ის პერიოდი უნდა დასრულდეს, როცა ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ ძალიან აგრესიული იყო და ამას ქვეყნის ინტერესები ეწირებოდა“, - აცხადებს კობახიძე, რომლის მსგავსად, „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება ნუკრი ქანთარია.

როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, როგორც ჩანს, „ეროვნულმა ფორუმმა“ ჩათვალა, რომ დარჩენილი დრო მათ პარტიას წაადგება.

დეპუტატი არ ფიქრობს, რომ „ეროვნული ფორუმი“ განსაკუთრებულ ოპონირებას დაიწყებს, რადგან მათ ერთიანი წარსული აკავშირებთ.

„ალბათ, რაღაც საკითხებზე ხმას მოგვცემენ. არ მგონია, რომ სიტუაცია გააცხელონ. მათ წმინდა პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საკუთარი ამომრჩეველი მზადყოფნაში მოიყვანეს. უმრავლესობა მყიფე იყო და ეს ხელოვნურობა შეიმჩნეოდა, ეს გამოჩნდება, მაგრამ პასუხისმგებლობა გვეყოფა, რომ დარჩენილი 10-12 სხდომა ღირსეულად გავიაროთ“, -  აცხადებს ქანთარია, რომლის მსგავსად, ფრაქცია „ქარული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ უმრავლესობა არ იშლება.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, დეპუტატებმა იმ საკითხებს არ უნდა შეუქმნან პრობლემა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური სასწორზე უნდა შედგეს და მათი წონა უნდა გაიგონ მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება.

„ეროვნულმა ფორუმმა“ ამ პოლიტიკური მიზნისთვის გადაწყვიტა, რომ მისთვის საჭირო ესაა. არავითარი წყენის გამო ეს არ მომხდარა. ეს იმ ხალხის პარტიული ინტერესია, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენა სურთ და განვითარებას ცდილობენ. რაც შეეხება იმ საკითხებზე თანამშრომლობას, რომელიც ერთად გვაქვს განსაზღვრული, აქ კონტექსტში ეროვნული ინტერესები შემოდის“, - დასძენს ვოლსკი.