7 ფრაქციისა და 88 წევრისგან შემდგარი კოალიცია დაიშალა. „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ფორუმის გასვლით საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება, თუმცა დღიდან მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.
ფორუმის გასვლით, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება. იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობიდან რესპუბლიკელებიც გავლენ, რომლებსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავთ, უმრავლესობა დაიშლება და ცვლილებები მოხდება მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ კოალიციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საპარლამენტო საქმიანობას ხელს არ შეუშლის. თუმცა, ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება გაჭირდეს.
უმრაველოსობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თითოეულ პარტნიორს თუ ყოფილ პარტნიორს, ბოლომდე აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანამ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აიღო.
„გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება გაჭირდეს იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. თავისთავად ცხადია, პოლიტიკური კონკურენცია გაიზრდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თუმცა, მე მჯერა ჩვენი პარტნიორების, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
უმრავლესობისგან განსხვავებით, კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ ახალი კონფიგურაციის პირობებში, უმრავლესობას საჭირო ხმების მოგროვება გაუჭირდეს. მათი აზრით, მყარი უმრავლესობის არარსებობა ოპოზიციისთვის იქნება ხელსაყრელი, რადგან იმ საკითხებსა თუ კანონპროექტებზე, რომელსაც აქამდე მხარდაჭერა არ ჰქონდა მმართველი გუნდის მხრიდან, ძალთა ახალი გადანაწილების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეიძლება მოიპოვონ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ რეალურად მყარი უმრავლესობა არ იარსებებს და ყველა შემთხვევაში ხმების მოგროვება ცალ-ცალკე გახდება საჭირო.
„ეს ურთულებს საქმეს მმართველ გუნდს და მეტ შანსს აძლევს ოპოზიციას, რომ ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ ამ დრომდე, მაგრამ უშანსოდ გამოიყურებოდა, ახალი კონფიგურაციის პირობებში შეიძლება, რომ გაცილებით წარმატებულად დაასრულონ“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ეროვნული ფორუმის“ გასვლით საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი რესპუბლიკელებიც გავლენ, ეს ნიშნავს, რომ არსებული უმრავლესობა უბრალოდ დაიშლება. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პრობლემა არა უმრავლესობის დაშლაა, არამედ ის, რომ მთავრობას არ ეყოლება უმრავლესობა, რაც საკმაოდ მძიმე ვითარებაში აყენებს ხელისუფლებას.
„კატასტროფა და კრიზისი არ იქნება. მაგრამ, თუ უმრავლესობის რაოდენობა ჩამოცდა 72-ს და დაიწყო უნდობლობის პროცედურა, ეს შექმნის არასტაბილურ ვითარებას. არ მგონია, რომ ეს პროცედურა წარმატებით დასრულდეს, მაგრამ ოპოზიცია დაიწყებს ამაზე მუშაობს, ვინაიდან შექმნის ქვეყანაში არასტაბილურობის განცდას. მხოლოდ პიარისთვის დაიწყება ეს პროცედურა. არჩევნებამდე დაიწყება არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, რაც სახიფათო იქნება. ალბათ, გამოჩნდებიან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ძალები, რომლებიც შეეცდებიან ვითარება ქაოსში გადაიყვანონ და სათავისოდ გამოყენონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ამ ეტაპზე სამთავრობო კრიზისს გამორიცხავს იურისტი ლევან ალაფიშვილი, თუმცა მიაჩნია, რომ მყარი უმრავლესობის არარსებობის პირობებში საკანონმდებლო საქმიანობაში პრობლემები შეექმნება პარლამენტს.
„მხედველობაში მაქვს, როგორც ჩვეულებრივი კანონების მიღება, ასევე ორგანული კანონების მიღება. აღარაფერს ვამბობ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, ეს ოცნების სფეროღა დარჩება. არის საბიუჯეტო პროცესი. მაისში მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ბიუჯეტის ანგარიში და მას დებატების შემდგომ პარლამენტი აფასებს დადებითად ან უარყოფითად. უარყოფით შეფასებას შესაძლებელია გაგრძელება მოჰყვეს მთავრობისადმი ნდობა-უნდობლობის საკითხში.
სექტემბერის ბოლოს მთავრობამ უნდა წარადგინოს ბიუჯეტი პარლამენტში და პარლამენტმა ის უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, იქ თუ არ იქნა მხარდაჭერა, ბუნებრივია, ბიუჯეტი ჩავარდება. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საკანონმდებლო პროცესია, მაგრამ ეს იმ საქმის საკანონმდებლო პროცესია, რომელიც გავლენას იქონიებს აუცილებლად მთავრობის ეფექტურობაზე და საქმიანობაზე. როდესაც პარლამენტში არ არის უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას უმაღლესი წარმომადგენლობითი არჩეული ორგანოს მიერ მხარდაჭერილი არ ექნება ყველა ინიციატივა, რაც თავისთავად პოლიტიკურ და სამთავრობო კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.