პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებაში, „ოცნების“ ბუნდოვანი მომავალი და საყვედურები ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რა ვერ გაიყვეს პარტიებმა და ვინ დაშალა სინამდვილეში კოალიცია? რას ნიშნავს რესპუბლიკელების კვალზე მიყოლა - „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლა და ნელ-ნელა ოპონირების რეჟიმზე გადასვლა? ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში დაბალრეიტინგიანი პარტიები მოიყვანა, ახლა კი ისმის საყვედური მის მიმართ, რომ თავად ივანიშვილმა დაშალა კოალიცია და რესპუბლიკელებს კვალში „ეროვნული ფორუმიც“ მიჰყვა. ეს უმადურობაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუ კოალიციის დაშლა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა, რომელსაც მობეზრდა „პარაზიტულად მის მხრებზე მოკალათებული პარტიების“ თრევა?
- მანდ თუ შეიძლება ვილაპარაკოთ უმადურობაზე, ეს შესაძლოა, მხოლოდ რესპუბლიკელებს ეხებოდეს. „ეროვნულ ფორუმს“ რაც შეეხება, ეტყობა, უკვე მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება კოალიციის დაშლის თაობაზე და, როგორც ამბობენ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. უბრალოდ, ივანიშვილმა მისცა საშუალება, ასე თუ ისე, სახე შეინარჩუნონ ამ პარტიებმა, რათა სამომავლოდ მათ გაყრაზე კი არ იყოს ლაპარაკი, არამედ თვითონვე წავიდნენ კოალიციიდან.
ანუ ამ პარტიებს დასწრებაზე ჰქონდათ საქმე?
- რასაკვირველია, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რომ ყველას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი, მაგრამ აქ ერთი გაუგებრობაა. იგივე კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები, კოალიციას შემორჩენილი ეს ორი პარტია, უშუალოდ პარტიების სახით არიან იქ, თუ, უბრალოდ, ჟორჟოლიან-ძიძიგურის პერსონების სახით, რომლებიც მზად არიან, ოღონდ ახლა გავიდნენ პარლამენტში და ხელახლა გახდნენ „ოცნების“ წევრები? გამოდის, აღარ არსებობს სოციალ-დემოკრატების და კონსერვატორების პარტიები? თუკი შეთანხმდნენ, რომ ყველანი უნდა წავიდნენ, მაშინ ჟორჟოლიან-ძიძიგურიც უნდა გავიდეს კოალიციიდან. თუმცა ისინი გასუსულები არიან.
„ოცნების“ ხელმძღვანელობამ ირიბი თუ პირდაპირი გამონათქვამებით რესპუბლიკელებს არაერთხელ მიუთითა კარისკენ, განსხვავებით, „ეროვნული ფორუმისგან“. რესპუბლიკელები მაინც ჯიუტად იმეორებდნენ, რომ არ დათმობდნენ პოსტებს, მინისტრების სავარძელებსაც არ შეელეოდნენ. ამჟამად თინა ხიდაშელის ტონალობა უფრო რბილია. ის აცხადებს, რომ პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტამდე. ხომ არ ფიქრობთ, რომ მმართველ კოალიციასთან უთანხმოება „ეროვნულ ფორუმს“ საარჩევნო კვოტებთან დაკავშირებითაც მოუვიდა? თუ უნდა ვიფიქროთ, რომ აქაც იდეოლოგიური შეუთავსებლობა იყო?
-მე მგონი, კვოტების პრობლემა საწყის ეტაპზე იდგა. ამის შემდეგ, უკვე, პრინციპული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რატომ ვათრიოთ ეს კისერზე ჩამოკიდებული წისქვილის ქვები? რატომ ვაჩუქოთ ამ ადამიანებს ჩვენი ადგილები პარლამენტში? ამიტომ ყველამ თვითონვე სცადოს ბედი და შემდეგ თუკი საჭირო იქნება, უკვე გამარჯვებულთა კოალიცია შეიქმნება. ეს იქნება ევროპული სტილი და არა ის, რომ ცალ-ცალკე ვიყრით კენჭს და მერე შევქმნით კოლიაციას. ცალ-ცალკე თუ მაგათ კენჭი იყარეს და დამარცხდნენ, მაშინ ვერავინ გავა პარლამენტში და ვის რა ჭირად უნდა მაგათთან თანამშრომლობა?
თქვენ ახსენეთ გამარჯვებულთა კოალიცია, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არჩევნების შემდეგ ისეთ პარტიებთან კოალიციის შექმნა დააანონსა, ვისაც პროდასავლური კურსი ექნება, მაგრამ რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების გარდა, არსებობენ კი ასე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ძალები? ზოგიერთი ძალა ჩვენში ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, ზოგი კი-პრორუსულობას.
- თუ ჩვენ ფასეულობებსა და ღირებულებებს მივსდევთ, მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ძალა საქართველოში დღეს არც არსებობს.
ასეთებად არც რესპუბლიკელები და არც „ეროვნული ფორუმი“ მიგაჩნიათ?
-არსებობს პროდასავლური ორიენტაცია და არა ძალა. განსხვავება სწორედ ამაშია. შეიძლება, მე პროდასავლური ორიენტაცია მქონდეს, მაგრამ არ ვიყო პროდასავლური ძალის მატარებელი ჩემი ფასეულობებითა და ღირებულებებით. მაგალითად, მინისტრად დანიშვნის შემდეგ ალასანიამ თავისი ახლო წრით დააკომპლექტა სამინისტრო. ცხადია, ეს არ არის პროდასავლური ფასეულობა. ასევე, რესპუბლიკელები როგორც იქცევიან მთელ რიგ საკითხებში, ეს არ არის პროდასავლურობა. ბევრს ჰგონია, პროდასავლურია, თუკი გეიაღლუმებს დაუშვებს და თავისუფალ სადისკუსიოდ გახდის ერთსქესიანთა ქორწინებას. თუმცა პროდასავლური, პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობაზე ზრუნვა, დახმარებები, სამუშაო ადგილების შექმნა, ხელმომჭირნეობა. ეს პროდასავლურობის ნიშანია ღარიბი ქვეყნისთვის. როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება ლუფტი ღარიბებსა და მდიდრებს შორის, ტრივიალურად რომ ვთქვათ, მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან, ეს უკვე პროდასავლური მთავრობა არ არის.
კოალიციის დაშლისა და პოლიტიკური კრიზისის შემცველი ნიშნების შემდეგ პარტია „ქართულ ოცნებას“ რამდენად ექნება საშუალება, მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შევიდეს, თუ მათაც გაუჭირდებათ ჯანსაღ საარჩევნო გარემოში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, როგორც ამას არმაზ ახვლედიანი წინასწარმეტყველებს? მით უმეტეს, „ოცნებას“ ძლიერი პარტიული სტრუქტურებიც კი არ აქვს შექმნილი, განსხვავებით, რესპუბლიკელებისგან.
- საკონსტიტუციოზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პარტია „ქართული ოცნება“ თავისუფლად გადალახავს ბარიერს და არითმეტიკული უმრავლესობა გარანტირებული ექნება. ის, რომ თითქოს, ისინი ვერ მიაღწევენ დამაჯერებელ გამარჯვებას, ეს კეკლუცობაა, ვინაიდან მაგათ ხელშია უკვდავი „კაშეი“-ადმინისტრაციული რესურსი. როდესაც 150 ათასი ჩინოვნიკი გყავს სამ მილიონიან ქვეყანაში, ეს 150 ათასი გაამრავლე ხუთზე ან შვიდზე - ანუ, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები და მორჩა, მოგებული აქვთ ყველა არჩევნები. რას მაიმუნობენ, რას კეკლუცობენ, ასეთი საარჩევნო კანონით და ასეთი ცესკოთი ყველაფერს მიაღწევენ. მით უმეტეს, ასეთი ცესკოს თავმჯდომარით, რომელიც, როგორც წერენ, 200 ათას ლარს მარტო პრემიებითა და დანამატებით წელიწადში იჯიბავს. ამიტომ ნურავინ ნუ კეკლუცობს, არიქა, ისეთი დემოკრატიული ქვეყანა შევქმენით, რომ ჩვენც კი გაგვიჭირდება არჩევნების მოგებაო. ეს ხომ თამაშია.
უცხოურ და რუსულ პრესაში იბეჭდება, რომ „ოცნება“ დაშლის ზღვარზეა, შესაბამისად, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, „ოცნება“ არაფერს კარგავს?
- რას ნიშნავს, „ოცნება“ დაშლის ზღვარზეა? შეიძლება, დაიშალოს უკვე არსებული კონსოლიდაცია, მაგრამ „ოცნება“ არც ყოფილა შეკრული, „ოცნება“ არასოდეს ყოფილა კონსოლიდირებული. „ოცნება“ იყო ხელოვნური კონგლომერატი, პირადი სიმპათია-ანტიპათიებით, პირადი მეგობრობა-ნათესაობით დაკომპლექტებულ ადამიანთა ჯგუფი. როგორც კი პატარა სიო დაუბერავდა, ეს კონსტრუქცია უნდა დაშლილიყო. ამისთვის ივანიშვილი მუდამ მზად იყო, მაგრამ ეს მისი კლიენტების პრობლემა იყო.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დისტანციურ მართვაზე ბევრს ლაპარაკობენ, რომ ეს ჯანსაღი გარემო არ ყოფილა. რა შეცდომები დაუშვა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა?
- ივანიშვილის პირველი შეცდომა ის იყო, რომ, თუკი ის აპირებდა ხელისუფლებაში მოსვლას, ცოტა ადრე უნდა მოსულიყო. არა მჯერა, რომ მან ბოლო წუთას მიიღო გადაწყვეტილება. მას უნდა შეექმნა საკუთარი პარტია სრულიად ახალი სახეებით, ვინაიდან არც ერთ ამ პარტიას, რომელიც ივანიშვილმა შემოიკრიბა, არ ჰქონდა ქართველი ხალხის ელექტორატის ელემენტარული პატივისცემის გრძნობაც კი.
მაგრამ ივანიშვილთან თავმოყრილი გამოუცდელი ძალები მოახერხებდნენ კი ნაციონალების დამარცხებას? რესპუბლიკელები და დემოკრატები ხომ საჭირონი იყვნენ პროდასავლური კეკლუცობისთვის?
- თქვენ თუ გგონიათ, რომ „ოცნების“ გამარჯვებაში რაიმე წვლილი შეიტანეს რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა ან სოციალ-დემოკრატებმა. 100%-ით ერთი კაცის რესურსმა დაამარცხა ნაციონალები, რადგან ფონი იყო ძალზე ხელსაყრელი ოპოზიციური ძალისთვის - საერთო უკმაყოფილება. უკანასკნელი სასიკვდილო დარტყმა ნაციონალებისთვის იყო ციხეების ისტორია, რომლის ნამდვილი არსიც ჯერ კიდევ შესასწავლია. ამიტომ კოალიციას არ დაუმარცხებია ურჩხული. ელემენტარულად, კოალიციამ ვერ შეძლო ქვეყნის მართვა. ეს არ იყო ჯანსაღი სიტუაცია. ხელისუფლებიდან თუ მიდიხარ და მერე შენი თანამშრომლები, დაცვის უფროსები მინისტრებად ინიშნებიან, რომლებსაც ხალხი არ იცნობს, ეს უკვე აღარ ნიშნავს წასვლას. ამის დანახვას ცოტა ისტორიული დისტანცია სჭირდება.
ამის გამოძახილიც ხომ არ არის ის ფაქტი, რომ ყოფილი კოალიციის წევრები ისევ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ კოალიციის დაშლაში? ისრების სროლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ალბათ, კოალიციის შექმნისთანავე მოსალოდნელი იყო.
- მოსალოდნელი ის იყო, რომ ეს ხალხი ქვეყანას ვერ მართავდა ნორმალურად. ნგრევა ადვილია, მაგრამ ცუდის ნანგრევებზე კარგის აშენებას მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება. ნებისმიერ ნგრევას არანაირი პროფესიონალიზმი არ სჭირდება. აიღეთ ისტორიული პარალელი, ისლამურმა რევოლუციამ ნახევარი პალმირა დაანგრია, მაგრამ ისლამისტებს შეუძლიათ, მათ მიერ დანგრეული თუნდაც ერთი ძეგლის მაგვარის აშენება? არ შეუძლიათ. სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა, ძალზე შორს იყო ევროპულ ფასეულობებთან - ქონების წართმევა, ღამით რაღაცის გადაფორმებები. კი, ეს ყველაფერი გაუქმდა, მაგრამ ამათ უკეთესი ვერ შექმნეს, სრული ქაოსია. როგორც მერი და მეურნე ძალზე ცუდი იყო უგულავა, ის უფრო პოლიტიკოსი იყო, ვიდრე მეურნე, მაგრამ უგულავა შეიცვალა საშინელებით, გაუგებრობებით. იგივე გრიგოლ ვაშაძეც არც ტალეირანი იყო, არც ბისმარკი, მაგრამ დღევანდელი საგარეო საქმეთა მინიტრის გვარი ნახევარმა საქართველომ კი არა, დედაქალაქის მაცხოვრებელთა 90%-მაც არ იცის, ეს საშინელებაა.
მაშინ რას ემსახურება განცხადებები, რომ არჩევნების შემდეგ ისეთ პარტიებთან შექმნიან კოალიციას, რომელსაც პროდასავლური კურსი ექნება? ეს გულდასამშვიდებლად კეთდება მათთვის, ვისთვისაც კოალიციის დაშლა ნიშნავს აპოკალიფსის მოახლოებას?
- უბრალოდ, რუსეთთან ურთიერთობა მათ არ გამოსდით. შიშით თუ შანტაჟით, ეს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას ვერ არეგულირებს, ამიტომ დასავლეთმაც თუ მაგათზე ხელი აიღო, ეს უკვე კატასტროფა იქნება. ამიტომ რას ნიშნავს პროდასავლური ორიენტაცია, აგვიხსნას მანანა კობახიძემ. ეს მათთვის ცარიელი ფრაზაა. პროდასავლური ფასეულობა ის არის, შენ რომ პარლამენტის ლიდერი ხარ, შენზე არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს. შენ არ უნდა გჭირდებოდეს პროკურატურის გამართლება. ეს ყოველთვის არადამაჯერებელია საქართველოში. საქართველოში კიდევ ას და ორას წელიწადს არ მოხდება, რომ პროკურატურამ მოქმედი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ რაღაც ფაქტი აღმოაჩინოს, ეს ხომ ზღაპარია. ამიტომ რომელ პროდასავლურობაზე ლაპარაკობენ იგივე რესპუბლიკელები?! რომელი პროდასავლურობაა, ქმარი იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, ცოლი - თავდაცვის მინისტრი?! ამიტომ მხოლოდ კეკლუცობენ, როცა ამბობენ, რომ რუსებს ურჩევნიათ ევროპელები. რასაკვირველია, ყველას ურჩევნია ევროპელები, სვანეთის მთებში თუ კახეთის ვენახებში ყველა იტყვის, რომ სიტყვიერად ევროპა ურჩევნია ამერიკას, მაგრამ ევროპელობა ცოტა რთულია, ვიდრე რუსობა.
არჩევნების მერე შეიქმნება ახალი კოალიცია, მაგრამ აპრიორი, განმეორდება იგივე შეცდომები, რაც ერთხელ უკვე დაუშვეს-კულუარული მართვა და სხვა?
- ამას შეცდომასაც ვერ დავარქმევთ, ესენი განწირულნი არიან არაეფექტურობისთვის. ეს უკვე წინასწარ დაპროგრამებული არაეფექტურობა იქნება. საქართველო ერთი ციცქნაა, სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ეს არ არის 40-მილიონიანი ქვეყანა, სადაც სელექცია შეიძლება. როდესაც შენ ახლობლობა-ძმაკაცობაზე გაქვს კურსი აღებული, გარანტირებული გაქვს, რომ ყველა ნათესავი გენიოსი გყავს?!
როგორც ამბობენ, პრემიერზე ბევრი რამაა დამოკიდებული. შეცვლის სურათს ახალი პრემიერი?
- არა მგონია, ჩვენში პრემიერზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. კი, არის რაღაც დამოკიდებული, მაგრამ არა-ბევრი რამ. სადაც ყველაფერი დამოკიდებულია ერთ ადამიანზე, არ შეიძლება, იქ მეორე ადამიანზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. ესეც გარანტირებული არაეფექტურობა იქნება ახალია კოალიციისთვის.