„ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
„საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატო-ს მისიებში.
ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ნატო-ს კვირეული, რომელიც საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება, სწორედ ის პროექტია, რომელიც საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესახებ. for.ge-სთან საუბრისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქარაძე აცხადებს, რომ მთავრობის პრიორიტეტული ამოცანაა საზოგადოების ინფორმირება.
„არაერთი წლის მანძილზე ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, განვახორციელეთ შესაბამისი რეფორმები, გაძლიერდა შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ინსტიტუტები. ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. რაც მთავარია დეკემბრის მინისტერიალზე აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნატოს კვირეულის ფარგლებში საუბარი იქნება ნატო-ს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზას და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე. მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი იქნებიან. თუმცა, მოხსენებამდე, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის ამოცანაა, ვარშავიდან ისეთი ტიპის შეთანხმება წამოიღოს, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.
„ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ვითხოვთ, ვინაიდან დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატო-სკენ. საქართველოს ერთადერთი მოთხოვნა ნატო-ში გაწევრიანებაა, მანამდე კი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის.
ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა ის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მამოძრავებლად ნებისმიერი საუბრის, შეთანხმების, სამიტის თუ მინისტერიალის შედეგებზე მუშაობის დროს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მთავრობის პოზიცია გაუგებარია გიორგი ბარამიძისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ გაუგებარია მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მან ჯერ უნდა მიიღოს MAP.
„პირობა უნდა შესრულდეს, რომ ფორმალურად მივიღოთ MAP, ვინაიდან შინაარსობრივად უკვე 2008 წლის შემდეგ გვაქვს MAP -ზე უფრო მეტი. თუ არადა ვარშავის სამიტზე ის მაინც უნდა მივიღოთ, რომ ამ სამიტმა გააბათილოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და თქვას, რომ საქართველოს აღარ სჭირდება MAP იმისთვის, რომ მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა ნატო-ს წევრობა, თუმცა ეს ფორმალობები არის დასაცავი და თუ ლოგიკას არ გავყევით ალიანსის წევრი ვერ გავხდებით“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. აღნიშნულს ადასტურებენ პარტნიორი ქვეყნები და ამას ადასტურებს ის მოქმედებები და თანამონაწილეობა იმ ოპერაციებში, რასაც საქართველო ნატოსთან ერთად ახორციელებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე თვლის, რომ საქართველომ მუდმივად უნდა მოითხოვოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP, რომელსაც სჭირდება სამთავრობო ძალების თანმიმდევრული და მიზანმიმართული მუშაობა, რადგან საკმარისი არ არის მხოლოდ თადაცვის ძალისხმევა.
„ეს არის უფრო პოლიტიკური საკითხი, ვიდრე სამხედრო საკითხი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელიც არასაკმარისია ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დიპლომატიური აქტივობა და აქტიური საგარეო პოლიტიკა. მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ 28 ქვეყნის მიერ მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტლება და თუ, ჯერჯერობით, მზაობა ამ გადაწყვეტილებისთვის არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეჩერებულია. ჩვენ უნდა განვაგრძნოთ მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პაკეტი ავიღოთ, რომ საქრთველო გახდება ნატოს წევრი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული მექანიზმების განმტკიცებაც. მაგალითად, თვდაცვის სფეროში დახმარება, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ საფუძველზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძე.
მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანამ ვარშავის ნატოს სამიტიდან წამოიღოს პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის, ასევე, ის პრაქტიკული კომპონენტი, რაც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
„ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა. არ იქნება სწორი, რომ ნატოში პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად საქართველომ ძალისხმევა შეასუსტოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართლებით აქტიური საგარეო პოლიტიკა, აქტიური კონსულტაციები ყველა ნატოს წევრ ქვეყანასთან. ვფიქრობ, რომ დღეისთვის ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის. მხედველობაში მყავს არა მხოლოდ გერმანია, არამედ აუცილებელია ყველასთან მუშაობა. მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც აშკარად და ცალსახად მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
ასევე მნიშვნელოვანია, უფრო ღრმა კონტაქტი იმ ქვეყნებთან, რომლებიც ვადებთან დაკავშირებით შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი. აუცლებელია, რომ ვარშავის სამიტამდე დარჩენილ საკმაოდ მცირე პერიოდში, არსებობდეს კოორდინიერებული სამთავრობო სტრატეგია, თუმცა, დღეისათვის ვერ ვხედავ კოორდინირებულ სამთავრობო სტრატეგიას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ინტეგრაციის დინამიკა, რადგან საქართველოს მიერ შესრულებული საშინაო დავალება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ინტეგრაციის სიჩქარეს.
„მეტი უნდა ვიმუშავოთ პარტნიორ ქვეყებთან, რომ უზრუნველვყოთ ნატოში ინტეგრაცია. ევროპა გვინდა, მაგრამ კონკრეტული გზავნილების გაჟღერება თავდაცვა და საგარეო მიმართულება იქნება, ამ მხრივ ტაქტიკური კომუნიკაციების საკითხი არ გვაქვს მოგვარებული. გაწევრიანება რჩება მთავარ მიზნად, უბრალოდ უნდა ვიყოთ რეალისტურები და არ უნდა გავუზარდოთ უსაფუძვლო მოლოდინები მოსახლებოას, რომ სამიტზე მოგვცემენ MAP-ს.
გასაგებია, რომ ეს საკითხი სამიტზე წყდება, მაგრამ იმისათვის, რომ ნატოში ინტეგრაციის შანსი გაიზარდოს, აუცილებელია, ინტენსიური მუშაობა, ჩვენი რეფორმების უფრო სწრაფი განხორციელება. მხოლოდ თავდაცვის რეფორმებზე არ არის აქ საუბარი, არამედ საუბარია სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფაზე და ა.შ. რადგან, ამ მხრივ მყარად ვერ ვდგავართ, ოდნავ მოვიკოჭლებთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.