პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ირწმუნება, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა და „თავისუფალ დემოკრატებთან“ საარჩევნო ბლოკს ერთად არ შექმნის. დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტში რესპუბლიკელები ოპონირებას აპირებენ და ამას აქამდეც რომ არ აკეთებდნენ, სწორი არ იყო.
რა პირობას აძლევს ლევან ბერძენიშვილი for.ge-ს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:
მრეწველები მიიჩნევენ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია. თქვენ საწინააღმდეგოს აცხადებთ. კოალიცია დაიშალა თუ არა?
- მრეწველების განცხადების პათოსი მესმის, რადგან ისინი მოვლენებს წინ უსწრებენ. კოალიცია ფორმალურად დაშლილი არ არის და კოალიციური რეჟიმი ყველა ეტაპზე მოქმედებს. რესპუბლიკელი მინისტრები პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ემორჩილებიან და ამ საკითხში არანაირი პრობლემა არ არის. ასეთივე ვითარებაა პარლამენტშიც, რომელსაც როგორც სპიკერი, ასევე კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავს. კოალიცია ისევე ისე არსებობს, როგორც უმრავლესობა, რომელსაც თავისი ლიდერი ჰყავს. ამას გარდა, ქართული კანონმდებლობით, თუკი უმრავლესობა არსებობს, უმცირესობაც არსებობს. იურიდიულად უმრავლესობაც არსებობს და კოალიციაა. ის, რომ ეს ხალხი ჩვენს მეგობრებად თავს არ თვლის, ეს ძველია და გუშინ და გუშინწინ არაფერი არ შეცვლილა. ტყემალაძე და თოფაძე რესპუბლიკელების მეგობრები არასოდეს არ ყოფილან, უბრალოდ, ერთ კოალიციაში ვიყავით და ჯერჯერობით ვართ კიდეც.
მერვე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, უმრავლესობა რამდენად მყარი იქნება? ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ნოდარ ებანოიძე და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, წინ განსახილველი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური პროცესები უფრო დაიძაბება?
- ებანოიძე და ბესელია ერთმანეთს საკითხის გამო დაუპირისპირდნენ და არა იმიტომ, რომ სხვადასხვა პარტიები არიან. ასეთი დაპირისპირება ძალიან ბევრი მახსოვს. არ მგონია, რომ უმრავლესობა ვინმესთან პერსონიფიცირებული იყოს. დაპირისპირებები იყო და ყოველთვის იქნება.
თუმცა, ეკა ბესელიამ ებანოიძის შენიშვნები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა და განაცხადა - „ეს პოლიტიკური მოცემულობა როგორ ცვლის ხალხს, ამ კანონზე შეიძლება ასეთი რაღაცეები აკეთო?“...
- დიახ, ასე იყო, მაგრამ დასკვნებს ბესელიას ნათქვამის მიხედვით ხომ არ გავაკეთებთ? ჩვენ ხომ, ასეთი მარტივი ხალხი არ ვართ, რომ რადგან ბესელიამ პოლიტიკა ახსენა, თანამდებობებიდან გადავდგეთ?
იმ უმრავლესობაში თანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ, სადაც მხოლოდ ფორმალურად ხართ?
- პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობაში ჩვენი მინისტრები ძალიან მშვიდად იმუშავებენ და იქ არანაირი პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება პარლამენტს, როგორც აქამდე იყო, ისე იქნება. რაც მოგვეწონება, ვიტყვით, რომ მოგვწონს. რაც არ მოგვეწონება, ახლა უფრო მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მოგვწონს და ჩვენი შენიშვნები გვექნება. ადრე შესაძლოა, ბესელიას კანონპროექტზე ებანოიძეს ამდენი შენიშვნა არ ეთქვა, ახლა თქვა. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა არ არის. პარლამენტში ოპონირებას ვაპირებთ და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ოპონირებას აქამდე რომ არ ვაკეთებდით, ეს სწორი არ იყო, რადგან ნამდვილი კოალიცია კონკურენციის პირობებში არსებობს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის პოსტიდან გადაყენების მუქარებიც გაისმა. როგორც ნუკრი ქანთარიამ თქვა, თუკი უსუფაშვილი პარტიული ინტერესების გატარებას შეეცდება, მას პოსტიდან ისე გადააყენებენ, როგორც დაამტკიცეს...
- ქანთარიას შეუძლია ასე თქვას, მაგრამ ამავე დროს, მან არსებული ვითარება და კანონები უნდა გაითვალისწინოს, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხის ინიცირებას ხმების 1/3 სჭირდება, ხოლო გადაყენებას ნახევარზე მეტის ხმა. იანგარიშოს და თუკი ეს რაოდენობა აქვს, საკითხი დააყენოს. მე რომ ვიანგარიშე, ქანთარიას ნათქვამი ემოციური გამოვიდა, რადგან ბატონი ნუკრი, 76 ხმას ვერ აგროვებს. სხვათა შორის, პოსტიდან ქანთარიას გადაყენებაც შეიძლება, რადგან ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ამას კი, ნახევარი პარლამენტის ხმები არ სჭირდება. თუკი მისივე კომიტეტის თავმჯდომარე იტყვის, რომ ასეთი მოადგილე არ მინდაო, ამის გაკეთება უბრალო უმრავლესობით შეიძლება, სადაც უამრავი ნაციონალი და რესპუბლიკელიცაა. ასეთი საუბრებით არავის არ ვემუქრებით, თუმცა, ქანთარიას ეს მუქარა ფუჭი იყო, რადგან დავით უსუფაშვილს ვერავინ ვერსად ვერ გადააყენებს. პოლიტიკოსმა ანგარიში უნდა იცოდეს და თუ მოახერხებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, რადგან უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ არ დაბადებულა. მეგონა, რომ დეპუტატები უსუფაშვილის სპიკერობას გაუფრთხილდებოდნენ, მაგრამ რადგან ასეთი საუბარი წავიდა, ვთქვათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტად სპიკერობა დავით უსუფაშვილს შეეფერება, ხოლო ყველაზე ნაკლებად ამ თანამდებობას ის ადამიანები შეესაბამებიან, რომლებაც თავისი თავი უზრდელობითა და უვიცობით გამოიჩინეს.
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე განცხადება პირველად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა, რასაც პრემიერ-მინისტრის განცხადება მოჰყვა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ ინდივიდალურად ჩაერთვება. კვირიკაშვილის განცხადებამდე, კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა თქვენი გადაწყვეტილება შეაფასეს და „კონსერვატორმა“ გიგა ბუკიამ შეგახსენათ, რომ კოალიციის ბოლოს დატოვებას თქვენ აპირებდით. „ოცნებამ“ იმედები სხვებსაც გაუცრუა?
- ეს ჩემი პრობლემა არ არის, მაგრამ სხვებისგან სიტყვა - „მადლობას“ ველოდით, რადგან მათ ვითარება გავურკვიეთ. პოლიტიკური ვითარება სექტემბერში კი არ გავურკვიეთ, არამედ მათ გაცილებით ადრე იციან, რა და როგორ იქნება. ამის ნაცვლად, სრულიად უსაფუძვლო საყვედურები მივიღეთ. კარგად ვერ გავიგე, კოალიციიდან ჩვენი გასვლით ხელი ვის შევუშალეთ? როგორც ჩანს, თუკი ერთად დარჩებოდნენ, ყველას ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ ისე არ ხდება, რომ იჯდე, ბუზებს ითვლიდე და ამ დროს საჩუქრები მოგდიოდეს. ასე არც ამ შემთხვევაში არ მოხდა და ყველას საარჩევნოდ გარჯა მოუწევს. ჩვენ ხომ ურეიტინგო პარტია ვართ? - ვის რა რეიტინგი აქვს, ყველა ყველაფერს ნახავთ.
თუმცა, თქვენმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ბარიერის გადალახვის შანსი გაქვთ, რადგან თქვენ კოალიციაში ყოფნის პერიოდში, სახელისუფლებო რესურსების გამოყენებით გაძლიერდით...
- მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, სახელმწიფო რესურს ვინ გამოგვაყენებინებს?! ეს ის სახელმწიფო არ არის, რომლის პროკურატურაში იძიებდნენ, ჩვენი მინისტრი როგორ იქცეოდა? არ მგონია, ვინმემ რამე გამოგვაყენებინოს. ჩვენ ამომრჩეველზე ვიმუშავებთ და იმ იმედით ვიქნებით, რომ ბარიერს გადავლახავთ და მომავალ პარლამენტში ვიქნებით. ვინც ჩვენს დაბალ რეიტინგზე საუბრობს, საკუთარ რეიტინგებს ნახავს და ქართულ ანდაზას გაიხსენებს - „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.
თქვენს გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში შეფასებები უკვე მოჰყვა და რესპუბლიკელების პოზიციით ზოგი უკმაყოფილო დარჩა, ზოგი პირიქით. მოსაზრებები გამოითქვა, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კოალიციიდან წასვლა მანამდე ვერ მოიფიქრა, სანამ ისინი ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა არ გაუშვაო... ასევე იყო საუბრები, რომ კოალიცია იმის გამო დატოვეთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში სპიკერის პოსტი არ შემოგთავაზეს. შეგიძლიათ, გვითხრათ, გაგიშვეს თუ წახვედით?
- სპიკერის თანამდებობა მომავალი არჩევნების თემაა და ჩვენ არსად არ წავსულვართ. სპიკერის პოსტზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჩვენ დარწმუნებული არ ვართ, რომ სპიკერის პოსტზე ლაპარაკი ამ ძალებთან შედგება. 2016 წლის არჩევნები მარტივი არ იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ არავისთვის. რა ვიცი, იქნებ, ვინმემ იცის, სპიკერი ვინ იქნება? საქართველოს ინტერესებში იქნებოდა, რომ პარლამენტს უსუფაშვილისნაირი სპიკერი ჰყოლოდა, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე. ალბათ, სპიკერად ვიღაც ეგულებათ. ვიღაცამ ისიც თქვა, რომ კარგი სპიკერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა. თუკი უსუფაშვილს ღარიბაშვილი სჯობს სპიკერად, ასეთ ადამიანებთან საუბარი მეზარება. ამაზე მსჯელობა უსაგნო იქნებოდა. არ ვიცი, სპიკერად ვინ წარმოუდგენიათ ან ამ პოსტს ვინ ირგებს. ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩვენ იმაზე ვიმსჯელეთ, „რესპუბლიკური პარტია“ ცალკე უნდა გავიდეს თუ არა.
ჩვენი ერთადერი პარტნიორი „ქართული ოცნება“ იყო. სამწუხაროდ, დანარჩენების აზრი და ძალა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. წავიკითხე, რომ კოალიციიდან მრეწველებმა გაგვაგდეს, მაგრამ მრეწველების ყოფნა არა მარტო კოალიციაში, არამედ პოლიტიკაშიც უმნიშვნელო მგონია. არ ვიცი, ბარიერს გადავლახავთ თუ არა, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ მრეწველებზე ათჯერ მეტ ხმას მივიღებთ.
„თავისუფალ დემოკრატებთან“ საარჩევნო ბლოკს გამორიცხავთ?
- ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავდივართ და არჩევნების მერე რა იქნება, ამაზე საუბარი არ არის. არჩევნებში კოალიციურ ფორმატში არავისთან ერთად არ გავალთ.