2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით შვიდი თვე რჩება, მერვე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ოფიციალურად ამოწურვამდე 74 დღე. კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის ზღვარზეა, უმრავლესობას კი, ბეწვის ხიდზე გავლა ყოველ დღე უწევს.
საზოგადოების თვალში კოალიცია მარტივ-მამრავლებად დაშლილია, თავად კოალიციაში კი, როგორც ყოველთვის, ამ საკითხზეც აზრთა სხვადასხვაობაა. „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებამდე კოალიციის შენარჩუნებაზე აპელირებს, მრეწველები კი, საპირისპიროს ამტკიცებენ.
ერთია მტკიცება და მეორე ფაქტები, რომლებიც 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის 1-ელ აპრილამდე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას აჩვენებდა, თუმცა, „ჭირმა თავი არ დამალა“ და პოლიტიკურ კულუარებს გასცდა. ის, რაც სამწელიწადნახევრის მანძილზე, პარლამენტის კედლებსა და კაბინეტებში ფარულად ხდებოდა, ამჟამად, ტელეეთერებსა და პლენარული სხდომის დარბაზში ნათლად ირეკლება. პარლამენტის კედლებიდან დანახული რეალობით - კოალიცია პოლიტიკურმა ზიზღმა დაშალა და არა მხოლოდ იდეოლოგიურმა სხვაობამ. თუკი ნაციონალები „მგლების პრინციპით“ მოქმედებენ და ერთმანეთის ტყავის დახევის საშუალებას გარე პირს არ აძლევენ, ხშირ შემთხვევებში, კოალიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სწორედ ნაციონალებთან დასცინოდნენ, ან უკეთეს შემთხვევაში, აქილიკებდნენ კიდეც.
მაშინ, როდესაც კოალიცია „კოალიციობდა“ და სწორებას ერთობაზე აკეთებდა, უმრავლესობის წევრები საკუთარ თანაგუნდელებს ღიად უპირისპირდებოდნენ. „ქართულ ოცნებაში“ ამის მაგალითი დავით საგანელიძე და ზაქარია ქუცნაშვილი იყვნენ, კოალიციის ჭრილში - გოგი თოფაძე და თინა ხიდაშელი. მმართველ გუნდის წარმომადგენლებს პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევა კოალიციური ვალდებულებების ფარგლებშიც უჭირდათ და ამის გარეშე უმრავლესობის შენარჩუნება რამდენად მოხდება, ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსების ნერვიულ სისტემაზე, არამედ მიღებულ „დაპირებებსა“ და მოსალოდნელ შეთავაზებებზეც იქნება დამოკიდებული.
თუმცა, „გარკვეული ურთიერთობების“ შემდეგ, პარლამენტში კოალიციის წევრების პირველი დღე რთული აღმოჩნდა. კერძოდ, გასულ კვირას, ტრიბუნიდან, უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირების პოლიტიკური სეზონი ნოდარ ებანოიძემ და ეკა ბესელიამ გახსნეს. აღნიშნულმა დეპუტატებმა ერთმანეთს თითები უქნიეს, „ნერვების და თავის მოთოკვა“ მოსთხოვეს და განწყობების ცვლილება პოლიტიკურ მოცემულობას მიაწერეს. ბოლოს კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საკუთარ შემწყნარებლობაზე ისაუბრა, ებანოიძემ კი, ბესელიასთვის ბოდიშის მოხდის ფაქტი საერთოდ უარყო.
იქედან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ და ერთმანეთის კრიტიკას საჯაროდაც აღარ ერიდებიან, for.ge დაინტერესდა, უმრავლესობის წევრები 17 ივნისამდე, ანუ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, 74 დღეს როგორ განვლიან და შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას რიგგარეშე ფორმატში როგორ გააგრძელებენ?!
for.ge-სთან საუბარში ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის თანაცხოვრება ტკბილი და ბედნიერი არასოდეს იყო, მაგრამ მომავალში, ამა თუ იმ საკითხის გასატანად და ერთმანეთის დასარწმუნებლად კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო.
დეპუტატის თქმით, ტყემალაძეს მისი განცხადება ძალიან არ მოეწონა, რომ ორგანული კანონების ბედი და საკადრო საკითხები „რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე არ გადაწყდება.
„საუბარია, რომ კოალიცია დაშლილია. თუკი კოალიცია არ არსებობს, ზვიად კვაჭანტირაძე დეპუტატებს რატომ აგროვებს, რომელსაც მანქანა ემსახურება და უმრავლესობის ლიდერის ხელფასს იღებს? ვოლსკი და კვირიკაშვილი ამბობენ, რომ კოალიცია არის. მგონი, ტყემალაძესა და თოფაძეს სხვა მოლოდინები ჰქონდათ და დაბნეულები იყვნენ. თოფაძეს ეგონა, რომ არიქა, ჩვენ წავიდოდით და მაგათ დატოვებდნენ. კოალიცია როგორც პოლიტიკური კოალიცია შენარჩუნებულია, საპარლამენტო უმრავლესობა ჯერჯერობით არსებობს. საარჩევნო ფინიშზე გავდივართ და თითოეული პარტია ამ საარჩევნო მარათონს დაადგება“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკელებს ყოფნა კოალიციაშიც შეუძლიათ და მის გარეშეც, რადგან ოპოზიციაშიც იყვნენ და ხელისუფლებაშიც, რის გამოც არაფრის ეშინიათ.
„ჩვენ საარჩევნო მარათონს დავადგებით, ეს გადაწყვეტილება კი სხვებისთვის მოულოდნელი იყო. თუკი ეკა ბესელია მისი პარტიის ლიდერად გიორგი კვირიკაშვილს ცნობს, უკეთესი იქნება, მან პარტიული სტილის შესაბამისად ისაუბროს. რაც შეეხება ნუკრი ქანთარიას, მას სიტყვა გაექცა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებაზე ისაუბრა. ვოლსკიმ საკუთარი პოზიცია ძალიან კვალიფიციურად გამოხატა და თქვა, რომ ფრაქციის სახელით საუბრობს. როცა 47 ხმა გაქვს და ამა თუ იმ პირის თანამდებობიდან გადაყენებას 76 ხმა სჭირდება, ეს ვერ უნდა დაიკვეხნო. ამ განცხადებას არ ავყევით, რადგან მათ კვირიკაშვილისა და უსუფაშვილის შეხვედრის პერიპეტიები და საჯაროდ გაკეთებული განცხადებები შესწავლილი არ ჰქონდათ. კვირიკაშვილი რესპუბლიკელებთან კონფრონტაციას არ აპირებს, როცა ფიქრობს, რომ საკუთარი პარტია განაახლოს და არჩევნებზე ისე გაიყვანოს“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომელსაც მრეწველების წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება.
როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, ბერძენიშვილი და სამნიძე ამბობენ, რომ ისინი საკითხებს მხარს პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე დაუჭერენ. ტყემალაძეს მიაჩნია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ თავისი ინტერესების შესაბამისად, კოალიციას გაემიჯნა.
„მათი განცხადებები რას ნიშნავს, დაშლას არ ნიშნავს? მრეწველების მხრიდან უმრავლესობას არანაირი პოზიცია არ ექნება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ და საკითხს ისე არასოდეს არ ვაყენებთ, ჩვენს პარტიულ ინტერესებში თუ არ შედის, მხარს ისე არ დავუჭერთო“, - განაცხადა ტყემალაძემ.
კანონმდებელი ქანთარიასეულ იდეას ეხმაურება და ამბობს, რომ დავით უსუფაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული სპიკერია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რომ პარლამენტის რომელიმე წევრს მსგავსი სურვილი გაუჩნდეს“, - დასძენს ტყემალაძე.
ფრაქცია მრეწველების თავმჯდომარე გოგი თოფაძე თანაპარტიელისგან განსხვავებით, კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ვრცელ შეფასებას არ აკეთებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის იდეა მის პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნის.
„თქვენ რომ იცოდეთ, დიდი ხნის წინ საკითხი დავაყენეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ცალ-ცალკე მიგვეღო, როგორც ეს ევროპაშია. ვინც ბარიერს გადალახავს, კოალიცია მათ უნდა შექმნან. სწორი ნაბიჯია და პრობლემა არ გვექნება, რომ პარლამენტში მოვხვდეთ“, - ამბობს თოფაძე.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, „ეროვნული ფორუმის“ წევრი თემურ მაისურაძეც ფიქრობს, რომ უმრავლესობაში თანაცხოვრება ძალიან რთული იქნება.
როგორც for.ge-ს მაისურაძემ განუცხადა, კოალიცია ჯერჯერობით არსებობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პარტნიორებთან ურთიერთობებზე. მისი თქმით, კოალიციის ყოფნა-არყოფნას რომელიმე ერთი პარტია ვერ განაგებს.
„თუკი ერთი პარტია ამბობს, რომ კოალიციაში რჩება, ამაზე თანხმობა უნდა იყოს, მაგრამ დარჩენა თავის თავში ბევრ რამეს გულისხმობს. რას ნიშნავს „ვრჩები“ და „არ ვრჩები“? არ ვიცი, „რესპუბლიკური პარტია“ რას აპირებს და მათ რა მოლაპარაკებები ჰქონდათ, მაგრამ დეპუტატობის პერიოდში არაერთხელ ვნახე, რომ ხშირად, სიტყვა და საქმე ერთმანეთს ცდება. ანუ, ამბობენ ერთს და მეორე ხდება“, - აღნიშნავს მაისურაძე.
დეპუტატი უსუფაშვილის საქმიანობასაც აფასებს და ამბობს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეებიდან ერთ-ერთი კარგი სპიკერია.
„შეიძლება ითქვას, რომ წინამორბედებს შორის უკეთესიცაა. მის მიმართ შენიშვნები თუ ვინმეს ჰქონდა, ეს მანამდე უნდა გამოეთქვათ. თუკი მომავალში უსუფაშვილი წინ პარტიულ ინტერესებს დააყენებს, მაშინ მისი საკითხი „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ უსუფაშვილს ეს საკითხი შეეშალოს, რადგან მას პარტიული და სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის ესმოდა და ის ამ განსხვავებას ყოველთვის აკეთებდა. ამას ყველა პარტიის წევრზე ვერ ვიტყვით. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც სამშობლოზე გესაუბრებიან, მაგრამ როცა ორი ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, წინ პარტიულ ინტერესებს აყენებენ. უსუფაშვილს საბაბი არ მოუცია, აქამდე მეფიქრა, რომ ის წინ პარტიულ ინტერესებს აყენებს“, - აცხადებს მაისურაძე.
უმრავლესობაში მშვიდ პოლიტიკურ თანაცხოვრებას არც კონსერვატორები ელიან. for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ამბობს, რომ უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, რომ უმრავლესობიდან გასვლას არავინ არ აპირებს და მათი მხრიდან უმრავლესობას დაშლის საშიშროება არ ემუქრება.
„კოალიციური თანაცხოვრება მშვიდი არასოდეს არ ყოფილა და დახურულ ფორმატებში ბევრად უფრო მწვავე გამოსვლები გვქონდა, ვიდრე ეს ტელევიზიით დანახულა. არ მგონია, დაპირისპირება იმ ზღვარს გადავიდეს, რაც ჩვეულებრივი კოალიციური მმართველობის დროს მიმდინარეობდა. კოალიციაში შემავალ სუბიექტებს ის პასუხისმგებლობა დანახული ღრმად გვაქვს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩავატაროთ და ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს და რა რაოდენობით. არჩევნებამდე სტაბილურობა ქვეყანასა და ხელისუფლებაში ყველას ინტერესშია“, - დასძენს ბუკია.
კანონმდებელი პროგნოზირებს, რომ უსუფაშვილი იმ დიდ მოვალეობას გაართმევს თავს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია.
„დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა“, - დასძენს ბუკია.
საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დავით უსუფაშვილის პარტიას ხშირად უპირისპირდება და აკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ის for.ge-სთან საუბარში დავით უსუფაშვილს ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსად მოიაზრებს.
„არ მგონია, უსუფაშვილმა რაიმე ისეთი პრობლემები შექმნას, რაც პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას პრობლემებს შეუქმნის. არ მგონია, მისი პოსტიდან გადაყენები საკითხი დადგეს“, - ამბობს მეჭიაური.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ კოალიცია ფორმალურად შენარჩუნებულია, მაგრამ ის რამდენად მყარია, ეს სხვა თემაა.
„ალბათ, საკითხების უმეტესობაში უმრავლესობა შენარჩუნებული იქნება, მაგრამ იქნება საკითხები, სადაც უმრავლესობის შენარჩუნება გაჭირდება. რესპუბლიკელებმაც განაცხადეს, რომ პარტიული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. ალბათ, გადაწყვეტილების მიღება ზოგჯერ გაჭირდება, ზოგჯერ - არა“, - დასძენს მეჭიაური.
დავით ბერძენიშვილი უსუფაშვილ-კვირიკაშვილის შეხვედრის პერიპეტიებში რას გულისხმობდა, ამის კონკრეტიკა რთულია, მაგრამ თუკი მხარეებს შორის უმრავლესობის შენარჩუნებაზე შეთანხმება მიღწეულია, ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ წაადგება, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი, უმრავლესობას „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ დატოვებენ, „ოცნება“ არათუ ორგანული კანონების მიღებას ვერ შეძლებს, არამედ ხშირ შემთხვევაში, კვორუმსაც ვერ შეავსებს, რაც ამ მოწვევის პარლამენტში ტრადიციულ პრობლემად იქცა. არადა, „ქართულ ოცნებას“ მისაღები საკონსტიტუციო ცვლილებები აქვს, რომელიც მათი ინიციატივით მომზადდა და კონსტიტუციაში ქორწინების განსაღვრას ეხება.