„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ევროპელმა ლიდერმა, პოლიტიკოსმა თუ ევროსტრუქტურის წარმომადგენელმა გაითვალისწინოს, რომ სასაურველია მათ განცხადებებს მაკონსოლიდირებელი ეფეტქი ჰქონდეს, და არა ხელი შეუწყოს პროევროპულ ძალებს შორის პოლარიზაციას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქარაძე, რომლის განცხადებით, ჩვენი მოსახლეობის ურყევი არჩევანია ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით გააგრძელოს სვლა.
for.ge დავით ბაქრაძეს ესაუბრა.
ჯოზეფ დოლის პოზიციას ავითარებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ უმჯობესია საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღოს. რატომ არჩევნების შემდეგ და არა არჩევნებამდე? საერთოდ, რა კავშირშია არჩევნები ვიზა-ლიბერალიზაციასთან?
დავით ბაქრაძე: არასოდეს ამ მოთხოვნის წინაპირობა არ ყოფილა არჩევნები და არც ახლა არის. დღესდღეობით ისევე, როგორც ბატონმა დოლმა თავის განცხადებაში აღნიშნა, საქართველოს ამ მიმართულებით ბარიერი არ გააჩნია. საქართველომ 2015 წლის 18 დეკემბერს მიიღო დასკვნა, რომ დაასრულა ყველა მოთხოვნაზე მუშაობა, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ მიგრაციის პოლიტიკის, კორუფციასთან, ტრეფიკინგთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, საზღვრის კონტროლს, თავშესაფრის პოლიტიკას და ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელიც საქართველოსთვის, როგორც ევროპული ყაიდის სახელმწიფოსთვის, ისედაც მნიშვნელოვანი პროცესია და მოგვყავს ევროპულ სტანდარტში, რის შესახებაც ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. არჩევნები კი მათ რიცხვში არც მოიაზრებოდა და არც ახლა მოაზრება.
როგორ ფიქრობთ, რატომ აკავშირებენ ამ საკითხს არჩევნებთან თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი 2013 წელს ახალი ხელუსფლების მიერ დაისვა?
- მოდით გავყვეთ ქრონოლოგიას - 2008 წელს ვიზა-დაილოგი დაიწყო უკრაინამ, 2010 წელს მოლდოვამ და 2012 წლის ზაფხულში დაიწყო ვიზა-დიალოგი საქართველომ, რაც გამოცხადებას გულისხმობდა მხოლოდ. 2013 წლის იანვარში კომისარმა მანსტრონმა ჩამოიტანა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულება 2013 წლის დასაწყისიდან დაიწყო ქართულმა მხარემ და რეკორდულ დროში ძალიან მაღალი ხარისხით შეასრულა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიძლება უკავშირებდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, ან კონკრეტულად ბატონი დოლი ამ საკითხებს არჩევნებს, არ ვაპირებ ვარაუდების გამოთქმას და არც სპეკულაციას, გულწრფელად მინდა დავიჯერო იმისა, რაც ბატონმა დოლიმ თავად განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
მით უმეტეს, რომ ჩვენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დონეზე ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც მკაფიოდ იყო მხარდაჭერილი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი...
- დიახ და ჩვენ ამ კონტექსტში მხოლოდ მივესალმებით „სახალხო პარტიის“ როლს ამ პროცესში. რაც შეეხება რა გავლენა აქვს ბატონ დოლს „სახალხო პარტიაზე“ – „სახალხო პარტიის“ მმართველი გამგეობა 16 პირისგან შედგება, რომლის ხელმძღვანელობასაც სწორედ ბატონი დოლი ეწევა. აქ არის საქართველოს ევროინტეგრაციის და მისი ვიზა ლიბერალიზაციის ისეთი ქომაგები, როგორიც ბატონი ჰანია, ევროკავშირის პრეზიდენტი, ევროკომისიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, მჯერა, რომ ეს არ არის „სახალხო პარტიის“ მთლიანი მოსაზრება და ეს განმარტება გააკეთეს ევროპარლამენტის წევრებმაც, რომლებიც ამ დროს თბილიში იმყოფებოდნენ.
რამდენად სავარუდოა, რომ ამ განცხადების შემდეგ საქართველოს საკითხი ჩავარდეს ევროპარლამენტში? მით უმეტეს, დარჩა მხოლოდ საკითხის კენჭისყრაზე გატანა...
-პრინციპში, ჩვენ არასოდეს გვქონია რაიმე კონკრეტულ თარიღებზე საუბარი. თუ ვინმე ლაპარაკობს თარიღზე, ეს არის ევროპული მხარე და ჩვენ, სწორედ ევროპული მხარისგან მოვისმინეთ ის პოზიციები, რომ ზაფხულში უნდა ყოფილიყო საკითხი მიღებული, რაც ძალიან მისასალმებელია. რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურებს - დღესდღეობით ორი მიმართულებით მიმდინარეობს პარალელური პროცესი.
კომისიამ ეს საკითხი გადააგზავნა ევროპარლამენტში და ევროკავშირის საბჭოში.
ევროპარლამენტში ამ საკითხს განიხილავს საშინაო საკითხთა კომიტეტი „ლიბე“, რომლის მომხსენებლი მარია გაბრიელი აგვარებს ამ საკითხს.10 დღის წინ მქონდა მასთან შეხვედრა და შემიძლია გითხრათ, რომ ის ამზადებს საკითხს, რომ გაიტანოს კომიტეტის სხდომაზე და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში საკითხი გავა კომიტეტის სხდომაზე, რის შემდეგაც ევროპარლამენტი უყრის კენჭს. პარალელური პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოში, იუსტიციისა და შს საქმეთა მინისტრები განიხილავენ ამ საკითხს, კვალიფიციური უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას და დაახლოებით, 20 დღეში გადაწყვეტილება შედის ძალაში.
თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ევროპელი ლიდერების თითოეულ სიტყვას. რამდენად სწორი და ადექვატური იყო ბატონი დოლის მესიჯები? უმრავლესობის ლიდერი და ასევე დეპუტატი ვიქტორ დოლიძე თვლიან, რომ ეს განცხადება თანხვედრაში მოდის რუსეთის პოზიციასთან...
- ჩემივე განცხადებით დავიწყებ, მართლაც ამ კონკრეტულმა განცხადებამ დაადასტურა, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეულ სიტყვას, რომელიც ითქმება ევროპაში ევროპელი ლიდერების მხრიდან და ვფიქრობ, და იმედი მაქვს, რომ ასეთი განცხადებები მომავალშიც ყოველთვის მიმართული იქნება საქართველოს ევროპული არჩევნის მიმართ არსებული პოზიციების კონსოლიდირებისკენ, პროევროპული პოზიციების კონსოლიდირებისკენ და არა პოლარიზებისკენ და ამ კუთხით კითხვების დასმისკენ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიდში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ევროპელმა ლიდერმა, პოლიტიკოსმა თუ ევროსტრუქტურის წარმომადგენელმა გაითვალისწინოს, რომ სასაურველია მათ განცხადებებს მაკონსოლიდირებელი ეფეტქი ჰქონდეს, და არა ხელი შეუწყოს პროევროპულ ძალებს შორის პოლარიზაციას. ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, თუ რაიმე მკაფიო გამოიკვეთა, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ურყევი არჩევანი გააგრძელოს ევროპული და ევროატლანტიკური სვლა. მიმაჩნია, რომ ამ კონტექსტში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება დროული, სწრაფი და რაც მთავარია, დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება.
პრემიერ- მინისტრმა ძალიან მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ძირეულ საკითხებზე სჭირდება კონსოლიდირება. აქედან გამომდინარე, სასურველია ევროპელი ლიდრების განცხადებები ევეროპული გზის მხარდამჭერი საზოგადოების გამაერთიანებელი იყოს, ხელი შეუწყოს არა უფსკრულის გაღრმავებას, ან გაჩენას, არამედ პირიქით, პოზიციების დაახლოებას. ვფიქრობ, ვიზა ის საკითხია, რომელზეც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს, მხარს უჭერდეს და იმედი მაქვს, რომ ასეც არის.
უმადური საქმეა წინასწარ ვადებზე საუბარი, მაგრამ შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას, რომ ზაფხულში უკვე ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით?
- ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომაც უნდა შევიკავოთ თავი თარიღებზე საუბრისგან, რომ ჩვენ, გარდა ჩვენი აქტიურობისა და საუბრისა ევროპელ კოლეგებთან, სხვა გავლენის მექანიზმი არ გაგვაჩნია. ეს არის პროცედურები, რომელიც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ევროპულ სტრუქტურებს და საქართველოს საკითხით დაკავებულ ევროპელ ჩინოვნიკს ძალიან კარგად ესმით საქართველოს სპეციფიკა და მნიშვნელობა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ პროცედურულად ეს საკითხი არ გაიწელება და თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა.
9 ივლისის გაიმართება ნატოს ვარშავის სამიტი, რა მოლოდინები გაქვთ, რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაში?
პრემიერ-მინისტრი განცხადებით, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ინტერესების წინააღმდეგ მივდივართ...
- რა თქმა უნდა, ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია საქართველოს ევროპული და დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ. რაც უფრო მკაფიოდ და მეტად მოვახდენთ ამის დემონსტრირებას, მით უფრო მეტი მიღწევა გვექნება ევროპული არჩევანის აღსრულების თვასაზრისით.
რაც შეეხება ნატოს, მოგეხსენებათ, რომ ვარშავის სამიტზე მოხდა მონტენეგროს მოპატიჟება, რაც ნიშნავს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და საქართველო, რომელიც პარტნიორობის კალათიდან წევრობის კალათაშია გადასული, გააგრძელებს სვლას თავის მიზნისკენ. ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. ანუ ასახვას იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ჩვენ ველოდებით თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებას. რაც მთავარია, დეკემბრის მინისტერიალზე აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისთვის.
თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ წევრობისთვის მოემზადოს. მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს MAP, რომელიც წევრობისთვის მოსამზადებელი მთავარი ინსტრუმენტია...
- MAP ეს არის წევრობითვის მოსამზადებელი პრაქტიკული ინსტრუმეტი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ნატოს წევრები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.
რა თქმა უნდა, MAP არავის გაუუქმებია ამ გზაზე, რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად. როდესაც, საქართველოს გაწევრიანებაზე პოლიტიკური კონსესუსი იქნება მიღებული ნატოს წევრებში, იმ მომენტში, უკვე, ამოქმედდება ეს ინსტრუმენტიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო და პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის.