მსმენელის მსმენელი არ დაილევაო - ხელისუფლებასაც მოუწევს ტელეფონის ყურმილთან ენაზე კბილის დაჭერა
თვე არ გავა, ხელისუფლებამ ფარული სატელეფონო მოსმენის ჩანაწერები არ გაავრცელოს.
ვინ არ მოხვდა ამ ბადეში - დამნაშავეები, ბიზნესმენები, სპორტსმენები, ოპოზიციის ლიდერები და რა თქმა უნდა, ჟურნალისტები.
ჟურნალისტებს აღარ გვიკვირს, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ კიდეც, მაგრამ ხელისუფალთ უნდა უკვირდეთ, რომ მათ სატელეფონო საუბრებსაც ისევე უგდებენ ყურს, როგორც ისინი - ჩვენსას.
წინა კვირას ინტერნეტსაიტმა coroka. net-მა თავის ვებგვერდზე ქართველი ჩინოსნების სატელეფონო საუბრების მორიგი ჩანაწერები გამოაქვეყნა. სპეციალური ექსპერტიზის გარეშე დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომ ამ ჩანაწერებში ერთმანეთს სწორედ საქართველოს პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები ესაუბრებიან, ისევე, როგორც ხშირად ეჭვს იწვევს თავად ხელისუფლების მიერ გავრცელებული ჩანაწერები.
ამ ექვს ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლებიც რუსულმა საიტმა გამოაქვეყნა, საყურადღებო მხოლოდ ის კი არ არის, როგორ საუბრობენ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის დეტალებზე (თუ ეს ჩანაწერები ნამდვილია, გამოდის, რომ მათი ბედი სასამართლოს კი არა, სწორედ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს გადაუწყვეტიათ), არამედ ის ფაქტიც, თუ როგორ უსმენდნენ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს.
რუსულ საიტ coroka.net-ს პირველად არ გამოუქვეყნებია ჩანაწერები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე სერიოზულ მოვლენებს ეხებოდა.
2010 წლის მარტში ამავე საიტმა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორისა და მისი თანამშრომლის სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც "მოდელირებულ ქრონიკას" ეხებოდა. პირდაპირ ეთერში გასულმა ამ გადაცემამ მაშინ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პანიკური შიში გამოიწვია, რადგან მათ დაიჯერეს ახალი ომის დაწყება.
უფრო ადრე ინტერნეტით გავრცელდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრების 2007 წლის 7 ნოემბრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ქართველი მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ცრემლსადენი გაზის მიწოდებას სთხოვდა. იმედია, ბევრს კარგად ახსოვს, რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში...
2005 წელს მსმენელი "დატკბა" საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერით, რომელშიც იგი თანამოსაუბრეს ბელორუსიის მომავალზე ელაპარაკებოდა და ცნობილი პოლიტიკოსის შესაძლო ლიკვიდაციაზე მიანიშნებდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ ეს სატელეფონო საუბრები რეალურად არ გამართულა და ყველაფერი რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციაა.
ასეც რომ იყოს, ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: ხელისუფლება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს ძვირად ღირებული მოსასმენი და სათვალთვალო თანამედროვე სპეცაპარატურის შესაძენად, რათა რაც შეიძლება მეტი საკუთარი მოქალაქე გააკონტროლოს, რატომ არ ზრუნავს სათანადოდ იმაზე, რომ თავად მასაც არ მოუსმინონ?!
საქართველო დიდი ხანია იქცა ერთ დიდ სატელეფონო ყურმილად - ერთი, მცირე ნაწილი, მეორის, ფართო მასების, მიყურადებითაა დაკავებული!
თუმცა, ერთი ცნობილი ანდაზის პერიფრაზს თუ გამოვიყენებთ, როგორც ჩანს, მსმენელის მსმენელი არ დაილევა, ანუ ჩვენი ხელისუფლების წევრთა მოსმენაც შესაძლებელი ყოფილა.
თუკი უცხო სპეცსამსახურებს და პირველ რიგში, რუსულს, შეუძლიათ, თავისუფლად გაავრცელონ მასალა ნებისმიერ რეზონანსულ მოვლენასთან (სწორედ ასეთი გახლდათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა, "მოდელირებული ქრონიკა" თუ ფოტორეპორტიორთა საქმე) დაკავშირებით, უნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი შტოს სატელეფონო საუბრებს გამუდმებით უსმენენ და მასმედიაში იმ მასალას "აპარებენ" (სავარაუდოდ, ვებგვერდი ცოპოკა.ნეტ-ი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან), რომელიც მათ იმ მომენტისათვის აძლევს ხელს.