„რაკეტები და არა მოლაპარაკებაა მნიშვნელოვანი ირანის მომავლისთვის“,- მიიჩნევს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი და ამ განცხადებით საკუთარ ადრინდელ ნათქვამსაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ამერიკასთან ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ირანი კვლავაც რჩება „ქედმაღალი აშშ-ის ოპონენტად“.
ამჯერად საკუთარ ვებ-გვერდზე აიათოლამ გამოაქვეყნა კომენტარი, რომ ის სთავაზობს თავის მხარდაჭერას ირანის რევოლუციურ გვარდიას ბალისტიკური რაკეტების განვითარების სფეროში.
„ის, ვინც ფიქრობს, რომ ირანის მომავალი მოლაპარაკებაშია და არა რაკეტებში, ან უცოდინარი, ან მოღალატეა“, - ასკვნის ირანის უზენაესი ლიდერი. ასევე, იშველიებს რუსეთის განაცხადს, რომ ირანის მიერ რაკეტების გამოცდა სულაც არ ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რასაც დასავლეთის ქვეყნები რატომღაც ამტკიცებენ.
ცნობისთვის, ჰამენეის კატეგორიული განცხადება მას შემდეგ გახმიანდა, რაც აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა- საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გაეროს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართეს და მას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს ირანის მიერ რაკეტების გამოცდის საწინააღმდეგოდ.
რა თამაშს თამაშობს დასავლეთის მიერ შემორიგებული ირანი და რამდენად გაიზიარებენ ირანელები მათი სულიერი ლიდერის პოზიციას რაკეტებთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ამერიკასთან და დასავლეთთან დაახლოება?! მსგავსი მკვეთრი პოზიციების შემდეგ გადახედავს თუ არა დასავლეთი ირანთან ძლივს აწყობილ ურთიერთობებს?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, ირანს რაკეტებიც ექნება და ბირთვული იარაღიც. უბრალოდ, არავინ იცის, როდის მოხდება ეს-10-15 წელიწადში თუ უფრო გვიან. პირველ რიგში, ეს მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. თუკი ამერიკის ხელისუფლების სათავეში მოვა დონალდ ტრამპი, ის იმუქრება, რომ მეორე დღესვე გააუქმებს ირანთან ამ ხელშეკრულებას და კვლავაც აღდგება სანქციები.
„ძნელია იმის თქმა, ეს წინასაარჩევნო დაპირებაა თუ რეალობა, მით უმეტეს, ეს განცხადება ტრამპმა გააკეთა კალიფორნიაში ებრაული ლობისტური ორგანიზაციების წარმომადგენლობასთან შეხვედრისას და მათ შეჰპირდა, რომ გაუორმაგებდა ყოველწლიურ დახმარებას და 6 მილიარდამდე აიყვანდა ამ თანხას (ისედაც ყოველწლიურად ისრაელი ამერიკისგან 3 მილიარდ დოლარს იღებს დახმარების სახით). რაც მთავარია, როგორც კი პრეზიდენტი გახდება ტრამპი, დედაქალაქს გადაიტანს იერუსალიმში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა საბოლოდ გადაიკიდებს მთელ ისლამურ სამყაროს და, თუ ეს მოხდება, ეს გაზრდის რუსეთის შანსს ირანთან თანამშრომლობის კონტექსტში. მით უმეტეს, რუსეთი უკვე აწვდის ირანს თავდაცვით რაკეტებს. როდესაც ჰამენეი ლაპარაკობს რაკეტებზე, აქ იგულისხმება ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებისთვის საჭირო რაკეტები.
საერთოდ, ირანელი მოლები ძალზე პრაგმატულნი გამოდგნენ, ესენი არ არიან ფანატიკოსი მუსლიმანები, რომლებიც ყველაფერს ანგრევენ. თვითმფრინავიდან გადაღებული ალეპოს სურათები რომ ვნახე, მთელი ღამე არ მეძინა, რადგან ორჯერ ვარ ამ ქალაქში ნამყოფი და კარგად ვიცი, რომ ეს მსოფლიო კულტურის ბაჯაღლოა. პრაგმატული ირანელი მოლები კარგად ხედავენ, რომ დღეს დასავლეთისთვის ყველაზე დიდი დეფიციტია პოლიტიკური ნების, პრინციპულობის არარსებობა, ებრძოლოს რადიკალ ისლამიტებს. ამიტომ ირანი ხვდება, რომ მისი შემჩერებელი ვერავინ იქნება“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ ჰამენეი ავტომატურ რეჟიმში აიყოლიებს ირანელ ხალხს, რადგან 1979 წლიდან მოყოლებული, რაც ირანში რევოლუცია მოხდა, ირანელებისთვის მხოლოდ ერთადერთი ავტორიტეტი არსებობს - მათი სულიერი ლიდერის სახით, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს, იგი დედაქალაქშიც არ ცხოვრობს, არამედ ყუმში ცხოვრობს, შიიტების წმინდა ქალაქში. თუმცა ჰამენეის წარბის მოძრაობაზეა დამოკიდებული ნებისმიერი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნებით არჩეული პრეზიდენტისა და მთავრობის ბედი. მთავარია, ერთი სიტყვა თქვას ამ სულიერმა ლიდერმა, მთავრობა არ გვივარგაო და ირანელები ნაწილ-ნაწილ დაგლეჯენ მთავრობასაც და მის მეთაურსაც.
„ასე რომ, მსოფლიოს დამოკიდებულება ირანის თამაშის მიუხედავად, ვერ შეიცვლება. დასავლეთი ვერ გააკეთებს ამას, რადგან ამ ყველაფრის უკან პრაგმატიზმია. მსოფლიო დონის ოლიგარქებს სულაც არ ადარდებთ, რა მოხდება 30-40 წლის შემდეგ, მათთვის მთავარია მოგება. მით უმეტეს, ირანის ნავთობის ექსპორტზე მიბმულია უკვე ნავთობის საერთაშორისო კომპანიები, რომელთაც ირანული უმაღლესი ხარისხის ნავთობის წარმოებაც და ტრანსპორტირებაც იაფი ჯდება. ეს მათ ასეულობით მილიარდ დოლარიან მოგებას ჰპირდება. ამიტომ ჰამენეიმ იცის, რა შინაარსის განცხადებები გააკეთოს, ის არც ჟირინოვსკია და არც რომელიმე პოპულისტი პოლიტიკოსი“.
ექსპერტი ვალერიან გორგილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცდები, რომელსაც ირანში ატარებენ, საშუალო რადიუსისაა. ჰამენეის მკვეთრი განცხადებები კი, პირველ რიგში, გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობით. კერძოდ, სირიასთან ერთად, ირანი პრაქტიკულად ერთადერთი დამაბალანსებელი ძალაა სუნიტურ სამყაროში. ირანს გააჩნია საკუთარი ინტერესები სირიაში და ირანი ახდენს თავისი სამხედრო პოტენციალის დემონსტრირებას. ამ პოტენციალის დემონსტირება უპირველესად მიმართულია საუდის არაბეთისა და თურქეთისკენ, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა აქტიურ მეტოქეობას უწევს ირანს. ამას ემატება ისიც, რომ სირიის კამპანია გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება - პალმირა გათავისუფლებულია, რაკაზე ხორციელდება შეტევა, ბაშარ ასადი სულ უფრო იმყარებს პოზიციებს. ამასთან, ასადი უარს ამბობს სირიის ფედერალიზაციაზე და, ამ თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას. პარალელურად, რუსეთის პოზიცია სულ უფრო კომპრომისული ხდება და ეს კერის ვიზიტმაც დაადასტურა.
„ირანი, ალბათ, გარკვეულ სიგნალს აძლევს ბაშარ ასადს, რომ არ დატოვებს მას პირისპირ სუნიტებთან. ამით შეიძლება აიხსნას ირანის მხრიდან საკუთარი სამხედრო პოტენციალით გააქტიურებული თამაში. ფორმალურად, ეს არ ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რომელიც გააჩნია უშიშროების საბჭოს, ირანმა შეაჩერა ურანის გამდიდრების ატომური პროგრამა, ამ პრინციპს არ არღვევს და, ფორმალურად, სრული უფლება აქვს განახორციელოს ცდა ამ ტიპის შეიარაღებაში“, - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ და განმარტა, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება ირანთან მიმართებით არ გადაიხედება.
ამის მიზეზი კი ევროპელების დაინტერესებაა 80-მილიონიან ირანთან თანამშრომლობით. ირანი მიმზიდველი ბაზარია სხვადასხვა კორპორაციისთვის და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა მცირედით უკვე აისახა ევროპის ეკონომიკურ ზრდაზეც. ასე რომ, როგორც კი წარმატებით დამთავრდა ბირთვულ დოსიესთან მოლაპარაკებები, გერმანიიდან შთამბეჭდავი დელეგაცია ეწვია ირანს, შემდეგ იყვნენ ფრანგებიც და ეს ტრადიციული სავაჭრო კავშირებია.