„საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული“

„საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული“

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საჯაროდ, ოფიციალურად აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველო ინტენსიურადაა მოქცეული როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთისა და სხვა რეგიონული მოთამაშეების ინტერესთა არეალში.

for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ბატონო ზაალ, როგორ ახსნით უსაფრთხოების ხელმძღვანელის განცხადებას, რომ საქართველოში არამარტო რუსული, არამედ სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურიც არის შემოსული. გამოდის, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესები აქვს საქართველოში?

ზაალ ანჯაფრიძე: ნიშნავს ზუსტად იმას რაც ითქვა, რომ საქართველოში მარტო რუსული სპეცსასამხურები არ მოქმედებენ. გასაგებია, რომ მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ძირითადად, აქცენტი გაკეთებულია რუსულ სპეცსამსახურებზე, რადგან რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, ეს ურთიერთობები რა მძიმე მოვლენებით იყო დახუნძლული. ასე რომ, რუსული სპეცსამსახურების როლი საქართველოში რომ საზოგადოების, საექსპერტო წრეების და მით უმეტეს უსაფრთხოების სამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ეს გასაკვირი არ არის.

გომელაური პირველი ხელმძღვანელია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში, რომელმაც პირველად საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსასამხურებიც აქტიურად მოქმედებენ და მან დააკონკრეტა კიდევაც, რომ არიან როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყნები, ასევე ჩვენგან დაშორებული ქვეყნები. მგონია, რომ გამგები გაიგებდა, რასაც გულისხმობდა ჩვენი უსაფრთხოების ხელმძღვანელი.

რაც შეეხება მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებს, გამოდის, რომ რეგონალური მოთამაშეების ინტერესიც მაღალია საქართველში?

- საქართველო მომეტებული ინტერესების ფოკუსშია მოქცეულია როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთისა და სხვა რეგიონული მოთამაშეების ინტერესში, იგივე თურქეთის და ირანის რომლებსაც ასევე აქვთ საქართველოში საკუთარი მნიშვნელოვანი ინტერესი.

ასევე არიან სხვა ქვეყნებიც, რომელთაც საქართველოში, მისი გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, აქვთ საკუთარი ინტერესები. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი სპეცსამსახურების მეშვეობით გააძლიერონ საკუთარი გავლენები საქართველოში, მოიპოვონ გარკვეული ინფორმაციები, შეიძინონ მხარდამჭერთა ჯგუფები. ანუ ყველაფერი ის, რაც კომპლექსურად ახასიათებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მუშაობას, პრაქტიკულად სახეზეა.

ეს არის სხვადასხვა სტრატეგიული ინტერესები?

- რა თქმა უნდა, და ეს არავისთვის არ არის დაფარული. უბრალოდ, მთელი რიგი დელიკატური გარემოებებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა სტრატეგიულ მოკავშირეებთან და მათ სპეცსამსახურებთან, მაგრამ არც იმის იგნორირება შეიძლება, რომ მათ სპეცსამსახურებს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ საქართველოში. თუნდაც ის, რომ ისინი საქართველოში უპირისპირდებიან რუსულ სპეცსამსახურებს.

რუსული პროპაგანდის ფონი რომ გაზრდილია ქვეყანაში, ეს თვალსაჩინოა. გამოდის, რუსეთი ღიად მოქმედებს, ხოლო სხვა ქვეყნის სპეცსასამხურები ფარულად?

- რუსეთის სპეცსამსახურები ღიად არ მოქმედებენ. რუსეთი მეტნაკლებად ღიად მოქმედებს საკუთარი „რბილი ძალის“ მეშვეობით და ეს რბილი ძალა წარმოდგენილია იმ ორგანიზაციებით, პერსონალიებითა და წრეებით, რომელთა ვინაობა ლამის, მთელმა საზოგადოებამ იცის. შეიძლება ამის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც კორექტირებას უკეთებენ მათ საქმიანობას და სტრატეგიულ მიმართულებას აძლევენ, მაგრამ ისინი სცენაზე არ ჩანან. ჩანან ის ადამიანები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებზეც წერენ და საუბრობენ ჩვენი ექსპერტები, რომლებიც მიუთითებენ საქართველოში რუსეთის საინფორმაციო გავლენების ზრდაზე.

აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ გაიზარდა რუსეთის ეკონომიკური გავლენები, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმდეს, შემოსავალი მიიღოს, ეს ასახვას პოულობს თუნდაც იმით, რომ გაიზარდა საქართველოდან გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში და აქედან ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი ნახეს გარკვეული რეგიონების მოსახლეობამ, ბიზნეს-წრეებმა და კომპანიებმა. ეს არის ხალხი, რომელთა უკან დგანან ოჯახები. შესაბამისად, ისინი ამ ყველაფრის ასოცირებას აკეთებენ რუსეთთან და ეს გავლენას ახდენს მათ ქცევაზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პოზიციებზე. ეს არის სწორედ „რუსული რბილი ძალა“, რომელიც კომპლექსური მოვლენაა.

ერთია, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, მაგრამ მეორეა ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვერ შეძლონ კონკრეტული ინტერესების გატარება საქართველოში?

- ვერ გეტყვით, ამ საკითხზე არ მაქვს პასუხი. თუ რას აკეთებს ამ მიმართულებით ჩვენი კონტრდაზვერვითი სამსახური, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა...

- ბუნებრივია, რომ რთული სამუშაოა. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ბრძოლა და მათი განეიტრალება არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა იოლი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც ამ მიმართულებით ძალიან მწირი რესურსები აქვს. შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო მინისტრს იმაში, რომ ძალიან რთული სამუშაოა და მართლაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გავრცელდა კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები, თუმცა ოპერატიულად მოხდა მისი დაბლოკვა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ მას სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდეს რაღაცა ჩანაწერი, რომელიც როგორც თავად აცხადებს, არ გახსნა. გარდა იმისა, რომ ეს არის დანაშაული, ასევე შეიცავს პოლიტიკურ შემადგენელსაც. როგორ ან როდის შეიძლება დასრულდეს მაკრომპრომიტირებელი მასალების სკანდალი ქვეყანაში?

- გეთახმებით, რომ ამას აქვს როგორც კრიმინალური, ასევე პოლიტიკური შემადგენელი და ასევე მორალური მხარე. ამაშიც მართალია უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომ 100%-ით არავის შეუძლია გარანტიის მიცემა, რომ ეს ჩანაწერი არ გავრცელდება. იმიტომ, რომ ეს არის სავარაუდოდ ის ზონა, რომელიც დიდი ალბათობით, ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების კონტროლის მიღმაა. როგორც დღევანდელი მდგომარეობიდან ჩანს და პირველადი ინფორმაციაც ამაზე მიუთითებს, დიდი ალბათობით, ამ კადრების ატვირთვა მოხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ატვირთვის წერტილზე წვდომა და იმ ხალხის იდენტიფიცირება ვინც ეს გააკეთა, რთულია. თუმცა, შესაძლებელია თუკი მობილიზებული იქნა შესაბამისი რესურსები და ჩართული იქნა სხვა ქვეყნის უფრო გამოცდილი სპეციალისტები.

რაც შეეხება ბატონი მაჭავარიანს და, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამიზნულად დადგმულ შოუს, ამ განცხადებით მან მიიპყრო მედიის ყურადღება და მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა მისი განცხადება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ შეესაბამებოდა იმ განცხადებას, რაც მან თავდაპირველად გააკეთა. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ შესაძლოა, ამ ვიდეოკადრების გავრცელების უკან იდგნენ ხელისუფლების ოპონენტები.

ნაციონალური მოძრაობა“?

- გასაგებია ვისზეც არის საუბარი, ვის ხელშიც დიდი ალბათობით თავმოყრილია ეს მასალები. ისეთი განცდა მაქვს, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება ამის ავტორი იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთგვარ სამაგიეროსავით უხდის „ქართულ ოცნებას“. როდესაც არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ის ცნობილი ციხის კადრები, ამან ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური დარტყმა მიაყენა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ დარტყმისგან წელში ვეღარ გაიმართა. იმ კადრებმა მნიშვნელოვანი თუ არა გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.

ახლა, „ქართული ოცნებაღებულობს ოპონენტებისგან ისეთივე დარტყმას?

- დიდი ალბათობით ასეა. ვრცელდება კადრები და იქმნება ისეთი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ფონი, რომ ეს უკვე ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ახლა თავი უნდა იმართლოს საზოგადოებისა და ამომრჩევლის წინაშე რატომ ხდება ეს და რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ დანაშაულის აღკვეთას. გასაგებია რასაც ემსახურება ეს ყველაფერი.

ერთი წუთით დავუშვათ ვერსია, რომ ხელისუფლებაში შეიძლება იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამას ავრცელებენ, არ ვიცი, ძალიან პათოლოგიური აზროვნება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ეს გააკეთოს და შეიძლება ჰგონია, რომ კარგს უკეთებს ხელისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ ზიანს აყენებს. არც ის არის გამორიცხული, რომ ამას აკეთებდეს სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებული ის ხალხი, ვინც შემორჩენილია ძველი სისტემიდან და ახლა გარკვეული საბოტაჟის მაგვარ ქმედებას ეწევიან.

ეს ჩემი ვარაუდებია მხოლოდ და მტკიცებით ფორმაში არც იმას ვამბობ, მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, მაგრამ ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, განსაკუთრებით გაძლიერდა ბატონი მაჭავარიანის გამოსვლის შემდეგ, რასაც მოჰყვა ცნობილი ჯგუფების მხრიდან მყისიერი რეაქცია და რეზონანსი. ვვარაუდობ, რომ მაკომპრომატირებელი კადრების გავრცელება გაგრძელდება და სავარაუდოდ, ეს იქნება ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ახალი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. სადამდე მიგვიყვანს ეს, ამის პროგნოზირება მართლაც რთულია. ყოველ შემთხვევაში, კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მივალთ და შეიძლება გარკვეული ექსცესების მოწმეებიც გავხდეთ.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ პროკურატურას კითხვები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რა კავშირშია აქ ივანიშვილი?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით რა შუაშია აქ ბიძინა ივანიშვილი. ამ შემთხვევაში მე ვეყრდნობი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას. მაჭავარიანს არ უარყვია ეს განცხადება, რომ მის სოციალურ ქსელში არ აღმოჩნდა ეს მაკოპრომატირებელი კადრები. ანუ, რაც თავიდანვე განაცხადა, არ იყო სიმართლე. ყოველ შემთხვევაში პროკურატურა ამას ამტკიცებს და მაჭავარიანის საპასუხო განცხადება ამას არ უარყოფს.