„რესპუბლიკელები თუ უმრავლესობას დატოვებენ, ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“

„რესპუბლიკელები თუ უმრავლესობას დატოვებენ, ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“

ხუთსუბიექტიანი კოალიცია დაიშალა. „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, თუმცა კოალიციაში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და რესპუბლიკელები დღეიდან კონკურენციის რეჟიმში გადადიან, თანამდებობას ინარჩუნებენ რესპუბლიკელი მინისტრები. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საჭიროა მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდეს.

„რესპულიბკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მინისტრები თანამდებობებს დავტოვებთ პრემიერის გადაწყვეტილებით და არა სტალინელების ულტიმატუმით.

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული, თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც.

ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ რესპუბლიკელების გადაწყვეტილება პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად გამართულია და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის სასარგებლოა, რადგან ქვეყნის პოლიტიკური სურათი უფრო სრულფასოვანი იქნება.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში დარჩენას, ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარ ამბიციებს გაუსვა ხაზი და თვლის, რომ უპასუხისმგებლობაა პარტიის განცხადება იმის თაოვაზე, რომ კოალიციაში სიტუაციის წარმართვა პარტიის დღის წესრიგის მიხედვით განხორციელდეს, რადგან ამ შემთხვევაში, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კოალიციის დანარჩენ შემადგენლობასაც აქვს. ხუხაშვილი თვლის, რომ წინასაარჩევნოდ სამთავრობო პორტფელების შენარჩუნება „რესპუბლიკურ პარტიას“ დისკომფორტს შეუქმნის.

„თუ არჩევნებამდე სრულად გაიზიარეს პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაშინ რას დაემყარება მათი საარჩევნო კამპანია, ეს გაუგებარია. ჯერჯერობით, საქართველოში ვცხოვრობთ და არ იციან საქართველოში როგორი წესებია? რითი უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ხელისუფლებისგან? მათგან უნდა წამოვიდეს კრიტიკული თემები და ხედვები. ამ პირობებში უცნაური იქნება მინისტრთა კაბინეტში საკუთარი მინისტრების ყოლა. თან ამან მხოლოდ პარტიული განზომილება კი არა, შეიძლება ოჯახური განზომილება შეიძინოს, როდესაც უსუფაშვილს მუწევს საკუთარი მეუღლის მწვავე კრიტიკა. „რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს, რომ უხარისხო თამაშის პირობებში, რაღაც სახე შეინარჩუნოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით რესპუბლიკელ მინისტრებს მოუწევთ პოსტების დატოვება და ეს ალბათ, ძალიან სწრაფად მოხდება.

ის, რაც ხუხაშვილისთვის მიუღებელია, მისაღებია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის, რომლის განცხადებით, კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის მინისტრთა კაბინეტის შენარჩუნება.

„ყველაფერი დასაშვებია. თუ ვინმეს შეუქმნის რაიმე პრობლემას, ეს მათი გადასაწყვეტია. რადგან არჩევნებში დამოუკიდებლად ღებულობენ მონაწილეობას, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ უნდა დატოვონ მინისტრთა პორტფელები. ეს არის პრემიერის გადასაწყვეტი. მხოლოდ მას შეუძლია გაანთავისუფლოს მინისტრები. აქ არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში კოალიციური მთავრობები, მშვენივრად მუშაობენ საარჩევნო პერიოდში ისე, რომ მათი პარტიები დამოუკიდებლად გადიან არჩევნებზე“, - ამბობს ვატხანგ ძაბირძე.

რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეს იქნება ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილება, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიქმნება არასტაბილური სიტუაცია.

„თუ უმრავლესობას დატოვებენ, ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუ მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე და პოლიტიკური პროცესის სტაბილურობაზე, ამ შემთხვევაში უმრავლესობა არ უნდა დატოვონ. მათ გააკეთეს საკმაოდ მარტივი განცხადება, რომ რჩებიან კოალიციაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.