„არ ვიცოდი! გეუბნებით, არ ვიცოდი! საიდან უნდა მცოდნოდა ხალხო?“

„არ ვიცოდი! გეუბნებით, არ ვიცოდი! საიდან უნდა მცოდნოდა ხალხო?“

„რატომ უნდა მცოდნოდა ეს საკითხი! თუ მეცოდინებოდა ისევე მოვითხოვდი დამნაშავის დასჯას, როგორც დღეს ვითხოვ. სწორედ ჩვენ ვაყენებთ ყველა დამნაშავის დასჯის საკითხს და არა ამ ვიდეო მასალების გადმოწერას, ქუჩა-ქუჩა სირბილს და ბავშვებისთვის ჩვენებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას.

for.ge გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.

თქვენი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება დგას. ამ ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს ხელისუფლება. ბოლო კადრი რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, ჩანს, რომ 2012 წლის მაისში არის გადაღებული. სანამ გამოძიება იტყვის როდის არის ეს კადრები გადაღებული, მინდა გკითხოთ, რა პასუხი გაქვთ ხელისუფლების ბრალდებაზე?

გიორგი ვაშაძე: აბსოლუტურად სპეკულანტური განცხადებაა, რომ 2012 წლის მაისშია გადაღებული. ჯერ გამავრცელებელი უნდა დააკავონ და იმან უნდა თქვას, როდის გადაიღეს. სწორედ, რომ ეს არის სერიოზული კითხვის ნიშანი, თუ როდის არის გადაღებული ერთიც და მეორეც. პირველად მესმის, რომ მაისშია ეს კადრები გადაღებული. გარკვეული ჯგუფები წერდნენ იმასაც, რომ პირველ კადრებში, რომელიც გავრცელდა „აიფონ 5“ არის დაფიქსირებულიო. ეს ტელეფონი გაყიდვაში 2013 წელს გამოვიდა. ეს არის სპეკულანტური განცხადება და მთავარი რატომაც პირდაპირ ხელს ვადებთ ხელისუფლებას, გახლავთ ის, რომ მათ ხელშია საგამოძიებო ორგანოები და ისინი ამ საქმეებს არ იძიებენ.

რაც ახლა ხდება, ეს არაა პირველი საქმე. მანამდე იყო ჟურნალისტებზე, მოსამართლის თანაშემწეზე გადაღებული კადრები, „რუსთავი 2“-ში დამონტაჟებული კამერები, ვინ გააკეთა ეს „ჰაკიმ ფაშას“ ვიდეო? ახლა რაღაცა ზღაპრებს და არარსებულ ადამიანებს იგონებენ. ეს ის ფაქტებია, რომელსაც არ იძიებენ. ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე ხელწერა, ის სიბინძურე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა პოლიტიკაში და ახლა ამით სპეკულირებს.

რა მიზანი აქვსქართულ ოცნებას“, რომ ამ კადრებით დაიწყოს დღეს სპეკულაცია?

- მათი მიზანი ძალიან ლაკონურია. როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ადამიანს აშანტაჟებენ და მათთვის იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ ეს ყველაფერი ნამდვილად გამოვაქვეყნოთ. ეს არის პირდაპირ დაშინების გზავნილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკაშია და საზოგადოებრივად არის აქტიური. ცდილობენ, ამ კადრებით მართონ ეს ადამიანები. ვფიქრობ, რომ ინგა გრიგოლიას მიმართ გაკეთებული ეს მესიჯი, ამასვე ემსახურება.

საეჭვოდ დაემთხვა რესპუბლიკელებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება თინა ხიდაშელზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მასზეც გვაქვს რაღაცა მასალა და გამოვაქვეყნებთო. კითხვის ნიშნებს ბადებს უმრავლესობის წევრების განცხადება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა ეს კადრები ნახეს და სხვა კადრებიც აქვთ ნანახი, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებენ თავის საუბრებში. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ პარლამენტარი ემუქრება ჟურნალისტის შვილს. ეს არის ის აბსურდი, რაც ხდება საქართველოში.

ბატონო გიორგი, დამიკონკრეტეთ ხელისუფლებას რატომ უნდა აწყობდეს ამ კადრების გავრცელება და არა იგივენაციონალურ მოძრაობას“? საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ დანაშაულის უკან დგასნაციონალური მოძრაობა“, რადგან შანტაჟი, თვალთვალი, დაშინება, უკანონო დაპატიმრება და .. დაიწყო ყოფილი ხელისუფლების მმართველოს დროს...

- პაუხი მარტივია - ჩვენს დროს არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი, რომ პირადი ცხოვრების კადრები გავრცელებულიყო. ეს დაიწყო 2013 წლიდან. ამიტომ, კიდევ ერთელ ხაზს ვუსვამ, რომ საგამოძიებო ორგანო ხელისუფლების ხელშია და გამოიძიონ. ის, რაზეც ჩვენს ვსაუბროთ, დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2013 წლიდან, როდესაც ზუგდიდის ცენტრში პირდაპირ უჩვენებდნენ წამების ამსახველ ვიდეოს, ვინმე დაისაჯა ამ ყველაფრისთვის? - არა.

წამების კადრები, რომელიც აჩვენს ზუგდიდის ცენტრში და არა მარტო იქ, გეთანხმებით, რომ იყო არასწორი, მაგრამ ეს წამების კადრები სწორედ თქვენი მმართველობის პერიოდში არის გადაღებული...

- წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული.

იმ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თქვენ იყავით...

- მნიშვნელობა არ აქვს იმას, როცა არ უნდა ყოფილიყო გადაღებული, როდესაც ცნობილი ხდება დანაშაულის შესახებ და ამ დანაშაულს სჭირდება არა სპეკულაციები და ქუჩებში სირბილი, არამედ გამოძიება და დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. ეს არის ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის განსხვავება. გადამყიდველებივით დადიან ამ კადრებით ქუჩაში და ამაზე უნდა გქონდეთ თქვენ ნეგატიური დამოკიდებულება და ამის გამოძიებას უნდა მოუწოდებდეთ ხელისუფლებას და არა ის, თუ როდის გადაიღეს.

მე ვამბობ, რომ არასწორი იყო წამების კადრების საჯარო ჩვენება, მაგრამ თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა ამ კადრეების გადაღება. რატომ იღებდნენ ასეთ კადრებს, რა იყო ამის მოტივი და მაშინ რატომ არ ითხოვდით ამ საქმეების გამოძიებას, არ იცოდით, რომ ასეთი დანაშაული ხდებოდა ქვეყანაში?

- არ ვიცოდი! პირდაპირ გეუბნებით, რომ არ ვიცოდი! საიდან უნდა მცოდნოდა ხალხო?

თქვენ იყავით იუსტიციის მინისტრის მოადგილე...

- და, რატომ უნდა მცოდნოდა ეს საკითხი! თუ მეცოდინებოდა ისევე მოვითხოვდი დამნაშავის დასჯას, როგორც დღეს ვითხოვ. სწორედ ჩვენ ვაყენებთ ყველა დამნაშავის დასჯის საკითხს და არა ამ ვიდეო მასალების გადმოწერას ქუჩა-ქუჩა სირბილს და ბავშვებისთვის ჩვენებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პერსონალური მონაცემების კადრები გამოაქვეყნეს და შს მინისტრის მოადგილე იყო ამ ყველაფერში ჩართული, ამის აუდიო ჩანაწერი არის.

გელა ხვედელიძე იყო ამ პროცესში ჩართული და აგო პასუხი, მაგრამ იგივე ხდებოდა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დროს. თქვენ, ისევე როგორცნაციონალური მოძრაობისმთელი შემადგენლობა ამბობთ, რომ არ იცოდით ამ დანაშულის შესახებ. ითხოვთ გამოძიებას, მაგრამ არ გიფიქრიათ ჩაგეტარებინათ შიდა მოკვლევა, იქნებ მართლაც არ ხდებოდა ეს დანაშაული თქვენს დროს?

- მე გამოძიებას ვეუბნები, რომ გამოიძიეთ ეს საქმე და ჩასვით ყველა ციხეში, თუნდაც ჩემი გუნდის წევრი იყოს. რას ნიშნავს შიდა მოკვლევა? ჩვენ თვითონ ჩავსვათ ციხეში დამნაშავე? მე რა სამართალდამცველი ვარ, მასალებზე ხელი მიმიწვდება, საგამოძიებო მოქმედება შემიძლია ჩავატარო თუ, რა? პირადი ინფორმაციის ამსახველ კადრებზე მეკითხებით და მე გპასუხობთ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც გადაიღო ეს კადრები და გაავრცელა. თქვენ ისევ მიბრუნებთ კითხვას, რომ რატომ არ იცოდით ამ კადრებს რომ იღებდნენო, რატომ უნდა მცოდნოდა? თუ მეცოდინებოდა დამნაშავე ვიქნებოდი.

რომ გცოდნოდათ ამ დანაშაულის შესახებ, გაემიჯნებოდით ხელისუფლებას?

- რა თქმა უნდა! არა მარტო გავემიჯნებოდი, არამედ მოვითხოვდი დამნაშავის დასჯას. რას ნიშნავს გამიჯვნა-გამომიჯვნა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ეს ძალიან მარტივია, მორჩა და გათავდა. ამ თემის გარშემო სპეკულაციები არსებობს იმიტომ, რომ არ გამოიძიეს ეს საქმე და დამნაშავე არ არის ციხეში. სათქმელი არაფერი არ დარჩა „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ ილაპარაკოს ისევ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

მეტი რა უნდა ქნან, მითხარით ერთი კონკრეტული საქმე, რაც ოთხი წლის განმავლობაში გააკეთეს. ქვეყანა გაფარჩაკებულია, ფაქტიურად ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა, მცირდება სამუშაო ადგილები, ხედავთ რა მდგომარეობაშია ლარი, ამიტომ, ერთადერთი, რაშიც გაიწაფნენ, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ამიტომ, ეს საქმე უნდა დამთავრდეს, ყველა საქმეზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში.

ამ შემთხვევაში რა არისნაციონალური მოძრაობისსტრატეგია, რას სთავაზობთ ამომრჩეველს?

- „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არის ძალიან კონკრეტული. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ. არჩვენებამდე კი დეტალურად შევთავაზებთ საზოგადოებას ჩვენს პროგრამას, როგორ მოვსპოთ ქვეყანაში ამ ტიპის დანაშაული, როგორ გავაუქმებთ სუს-ს. ასევე, წარვუდგენთ ეკონომიკურ პროგრამას, თუ როგორ დავასაქმებთ ხალხს და როგორ წამოვაყენებთ ფეხზე ეკონომიკას.

გამოგყვებათ ხალხი? თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ წარსულის დანაშაულით დამძიმებულინაციონალური მოძრაობაცდილობს ამ კადრების გავრცელებით დაასუსტოს მმართველი კოალიციის რეიტინგი...

- დარწმუნებული ვარ, ხალხი გამოგვყვება. ახლა კიდევ უკვე დაფასდა ის საქმე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. იმიტომ, რომ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა, ქვეყანა არის ჩამოშლის ზღვარზე. ძალიან კარგად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ ხმას არ მომცემს, მაგრამ დიხაც, რომ ხალხი ხმას მისცემს განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ გუნდს, ახალ სახეებს, რომლიც ჩვენ გვეყოლება საარჩევნო სიაში. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორ დავაყენოთ ფეხზე ჩამოშლილი ქვეყანა და განადგურებული ეკონომიკა.

ამ შემადგენლობით წარმატებას ვერ მიაღწევთ?

- ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას სჭიდრება განახლება და ეს იქნება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით და დადგა დრო, რომ მოხდეს განახლება.

ვინ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები?

- ამას დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება. ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანია, ვისაც უნდა ჩვენს გუნდში ყოფნა და გვინდა, რომ იყოს ჩვენს გუნდში. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონსულტაციებისა და შიდა არჩევნების გზით. სხვათა შორის პოლიტიკური საბჭო ამტკიცებს საარჩევნო სიას და პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე შევთანხმდით სიის გარკვეულ ფორმირებაზე.