უმრავლესობას რესპუბლიკელები და „ეროვნული ფორუმი“ თუ დატოვებენ, „ოცნებას“ „პორტირებული ნაციონალები“ ვეღარ უშველიან

უმრავლესობას რესპუბლიკელები და „ეროვნული ფორუმი“ თუ დატოვებენ, „ოცნებას“ „პორტირებული ნაციონალები“ ვეღარ უშველიან

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაცია გარკვეულია, ახლა კი, პოლიტიკურ დღის წესრიგში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და უმრავლესობის შენარჩუნების საკითხი დგას.

არჩევნებში მონაწილეობის ფორმატთან დაკავშირებით, დღეს, დისკუსია „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გახსნა და არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილეობის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რასაც კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური პარტიები სიხარულით შეხვდნენ, თუმცა, მათ „სიურპრიზი“ წინ ელოდათ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნებაც“ დამოუკიდებლად მიიღებს.

პრემიერის მოსაზრებით, არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აქტუალური კონსულტაციები იყო. მისაღები ფორმაა, რომ „ოცნება“არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს. შესაბამისად, განცხადება გაკეთდა „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდანაც“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება.

„შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა არჩევნებამდე გავაგრძელოთ, შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ნაადრევია. საჭიროა, რომ მოსახლეობამ შესაბამისი არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

for.ge-მ პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების წევრებს დაუკავშირდა, თუმცა, ამ ეტაპზე, საკითხზე შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ „კონსერვატორები“, „მრეწველები“, ხოლო „ეროვნულ ფორუმში“ ამბობენ, რომ მათ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

სანამ, კოალიციაში შემავალი პარტიები შეფასებებისთვის მოიცლიან, მანამდე უმრავლესობის წევრები რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას აფასებენ.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „მრეწველების“ წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, რესპუბლიკელები საარჩევნო ბლოკის სტატუსს ინარჩუნებენ, თუმცა, მათ პრაქტიკულად, კოალიცია დატოვეს და ეს დღევანდელი განცხადებითაც დაადასტურეს.

დეპუტატი რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ზეწოლით ხსნის.

„მათ განაცხადეს, რომ თავიანთი პარტიული შეხედულებებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, თუმცა, ბლოკის წევრები იქნებიან. თანამდებობების დატოვება კი, გადასაწყვეტია პრემიერ-მინისტრისა და მათი პოლიტიკური დღის წესრიგის. პოლიტიკური დღის წესრიგი იმ დაძაბულობის შემდეგ შეიქმნა, როცა ზოგიერთების უხამს გამონათქვამებს გოგი თოფაძის მკვეთრი განცხადებები მოჰყვა და ეს სამი თვის მანძილზე გრძელდებოდა. მათი ამ ქმედებების მიზეზი სწორედ ეს იყო. საზოგადოებამ აიძულა და რესპუბლიკელებმა დაინახეს, ხალხს რა განწყობა აქვთ რესპუბლიკელების და თუნდაც მრეწველებისა და თოფაძის მიმართ. ეს ის ნაბიჯი იყო, რომელიც მათ უნდა გადაედგათ“, - განაცხადა კანონმდებელმა.

for.ge-მ პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე ტყემალაძეს  კითხვებით საკუთარი პარტიის მომავალთან დაკავშირებითაც მიმართა და პასუხად მიიღო, რომ საარჩევნო ბლოკი არჩევნებამდე შენარჩუნებული იქნებოდა.

„მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ თუ კოალიციურად, ამაზე საუბარი გვექნება როგორც პარტიის შიგნით, ასევე პოლიტიკურ ძალებთან. ამ გადაწყვეტილებას კოლეგიალურად ერთად მივიღებთ“, - აღნიშნა ტყემალაძემ, თუმცა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება მათ გარეშე უკვე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება თუ რა გადაწყვეტილებას ეფუძნება, ამაზე საუბარი „ეროვნული ფორუმის“ წევრს, ანი მიროტაძეს უჭირს. for.ge-სთან საუბარში მიროტაძე აცხადებს:

„ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობას ვაპირებდით. გასაგებია, რომ პარტნიორები არიან და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა ამაზე დამოკიდებული არ არის. ყრილობისთვის ვემზადებით. პრემიერმა განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, ან ვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, არ ვიცი. „ეროვნული ფორუმი“ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას არაფერი არ მოახდენს“, - დასძენს მიროტაძე.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ განწყობებს, პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე, for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ვარაუდობდა, რომ საარჩევნო ბლოკის შემადგენლობა გადაიხედებოდა.

„2012 წლის არჩევნებისთვის გარკვეული პრინციპები გვქონდა, რომლის გარშემო გავერთიანდით. ამის შემდეგ ბევრი რაღაც შეიცვალა და ჩვენი საერთო ამოცანებიდან ბევრი რაღაც გაკეთდა. სხვადასხვა პარტიებს შესაძლოა, სხვადასხვა პროგრამული ხედვები გვქონდეს. ვისურვებდი, რომ პოლიტიკურ ფლანგზე მნიშვნელოვანი იყოს პოლიტიკური ხედვები და საზოგადოება გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებდეს. ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან ინდივიდის სასარგებლოდ, არამედ მისი პროგრამის და ხედვების სასარგებლოდ უნდა იღებდეს. აქედან გამომდინარე, კოალიციური რეჟიმი და ერთობა ისევე არ გამოიყურებოდეს, როგორც ახლა არის. წინასაარჩევნო ბლოკი შესაძლოა, სხვა კონფიგურაციის იყოს და ეს ძალიან ნორმალური იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კანონმდებელის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა საკითხავი. კერძოდ, ისინი რას ფიქრობენ და მათ რა გეგმები აქვთ.

„ოთხი ძირითადი მიმართულებაა, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა. ესაა: რეგიონალური განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ორგანიზების ნაწილში მნიშვნელოვანი ნოვაცია და განათლება. მთავარი პრინციპებია, რომელსაც მთავარი ნიუანსები დაემატება. ეს „ოცნების“ წინასაარჩევნო ხედვა იქნება. ამ ხედვებზე და პროგრამებზე ვინც იქნება ყაბულს და თავისი განსხვავებული ხედვები ექნება, ჩვენთან ერთობა ამის მიხედვით გადაწყდება. პირობებს მხოლოდ ის სუბიექტები არ აყენებენ, ვინც კოალციიაშია. მთავარი სუბიექტია „ქართული ოცნება“, რომელიც თავის განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც სუბიექტებს საკუთარი ხედვები ექნებათ“, - დასძინა ვოლსკიმ.

იქედან გამომდინარე, რომ მმართველ გუნდში შემავალი პარტიები კოალიციიდან გასვლაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას ინარჩუნებს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი, კოალიციასა და უმრავლესობას „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ დატოვებს, „ოცნებას“ ნაციონალებიდან „პორტირებული“ ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები ვეღარ უშველიან და უმრავლესობა დაიშლება.

უფრო მეტიც, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ თუ რესპუბლიკელები და „ეროვნული ფორუმი“ უმრავლესობას დატოვებენ, მაშინ შესაძლებელია, გარკვეული კონტურები გამოიკვეთოს მთავრობის უნდობლობის თვალსაზრისით.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად 76 ხმაა საჭირო. საქართველოს კონსტიტუცია ასევე უნდობლობის პროცედურას ითვალისწინებს, რომლის განსახორციელებლად ხმების იგივე რაოდენობაა საჭირო. თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცესია როგორც ხმების მოგროვების თვალსაზრისით, ასევე დროის კუთხითაც. უნდობლობის გამოცხადების პროცედურა შესაძლოა, სამი თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს“, - განმარტავს მენაბდე.