პროკურატურას მაჭავარიანის ვარაუდები აეჭვებს, მაჭავარიანს - პროკურატურის

პროკურატურას მაჭავარიანის ვარაუდები აეჭვებს, მაჭავარიანს - პროკურატურის

„ვანო მაჭავარიანის მიერ საკმაოდ უნიჭოდ დადგმულმა შოუმ და პარალელურ რეჟიმში ცნობილი შემსრულებლების მიერ ატეხილმა მრავალხმიანობამ, კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ ინტიმური ვიდეოების გავრცელების უკან „ნაცმოძრაობა“ დგას“, - ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, ამ კადრების გავრცელებით ერთგვარ სამაგიეროს უხდიან „ქართულ ოცნებას“ 2012 არჩევნების წინ ციხის კადრების გავრცელების გამო.

„ლოგიკაც მარტივია - კადრები თქვენი ხელისუფლების პირობებში ვრცელდება, პასუხისმგებელიც თქვენ ხართ და მიდით ახლა და იმართლეთ თავი. ეს „სერიალი“ არჩევნების დღემდე შეიძლება გაგრძელდეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ვანო მაჭავარიანის 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მაჭავარიანს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნება.

„მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად Facebook გვერდზე ათვალიერებდა ე.წ „აქტივობის კედელს“, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით.

მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსის“ შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. ამასთან, მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი facebook გვერდის დათვალიერებაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვანო მაჭავარიანი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან გააკეთა განცხადება, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირადი ცხოვრების ამსახველი ის კადრები გაუგზავნეს, რომელთა გავრცელებაც დაანონსებული იყო. პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს მაჭავარიანი და აცხადებს, რომ უმჯობესია პროკურატურამ პრეტენზიების წაყენების ნაცვლად გამოძიება აწარმოოს. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მიაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროკურატურას არ უნდა გამორჩენოდა.

„როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის ლინკები მათთვის ცნობილია იმიტომ, რომ გამომძიებელმა ეს მიახლოებით მიმანიშნა. ჩემი 6-საათიანი დაკითხვის ბოლო 2 საათი გამომძიებელი ათანხმებდა პროკურორთან ჩემს კითხვებზე პასუხებს და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ჩემი პასუხები იყო ისეთი, რაც მათი თვალსაზრისით ვთქვი. ის, რომ მე გამიზნულად არ ვნახე ვიდეო, არ ნიშნავს, რომ ასეთი ვიდეოები არ არსებობს და მე ზუსტად ამაზე გავაკეთე აქცენტი. მე თუ არ ვნახე ეს სამართლებრივად, ეთიკურად იყო სწორი, მაგრამ პროკურატურამ ამის საფუძველზე არასწორი დასკვნები არ უნდა გამოიტანოს.

მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი ვალდებულება მოვიხადე და ახლა პროკურატურის მხრიდან, იმის მაგივრად, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს გამოძიების მსვლელობაზე და ადამიანებს მისცენ მეტი სტიმული, რომ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა გამოძიება წარმატებით მიმდინარეობდეს, რეალურად ამის პოლიტიზირება ხდება“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ პრაქტიკულად, ვანო მაჭავარიანმა გააფორმა ის, რომ პირადი ცხოვრების კადრებს „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა და დღეს უკვე ინტერნეტ-სივრცეში ავრცელებს.

„როგორც აღმოჩნდა, ვანო მაჭავარიანმა ვერ გათვალა ის, რომ პროკურატურაში დაკითხავდნენ და ისროლა ტალახი, რომელსაც იფიქრა, რომ ხელისუფლებას მოახვედრებდა. ასეთი ტალახი ჩვენ გვახსოვს ალეკო ელისაშვილისგან და კიდევ ბევრისგან, რომელიც ვერ მტკიცდება. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.

ეს ბრალდება ისროლა იმ მიზნით, რომ მოეხდინა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და იგი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ მოხდა პირიქით, ადვილად მტკიცდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ამ პროცესის შემოქმედი. პრაქტიკულად, ვანო მაჭავარიანმა გააფორმა ის, რომ ამ ვიდეოებს „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა, იღებენ და ავრცელებენ. წლის ბოლოს კი ზღაპრების კრებულს გამოუშვებს -„მაჭავარიანების ლანდები და მოჩვენებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

გამზარდიას განცხადებით, სქემა მარტივია - ხელისუფლების რეიტინგისა და რეპუტაციის შელახვა საერთაშრისო ასპარეზზე.

„მათ შორის, კონკურენტი პარტიების დისკრედიტაცია, სადაც და როგორც მოუხერხდება. საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ხედავენ. არ აქვთ შანსი, რომ ეფექტურად გავიდნენ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რა მოცემულობაც დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაქსიმუმ ამის მესამედი შეიძლება შევიდეს პარლამენტში და ცდილობენ, რომ ეს შანსები ასეთ მახინჯი პროპაგანდისტული ხერხებით გაზარდონ“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

უმცირესობის ინტერესებზე საუბრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელის განცხადებით, აღნიშნული მასალები სწორედ, რომ ნაციონალების გადაღებულია და ისინი არიან ამ ბანკის მფლობელები.

„ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ მათ გაავრცელეს და მით უმეტეს, რომ ამ მასალების გავრცელების ფონზე თვითონ ნაციონალები იძახიან არა იმას, რომ ეს მასალა რატომ დაგროვდა და ვინ დააგროვაო, არამედ იმას, რომ ამ ხელისუფლებამ გაავრცელაო.

ცდილობენ პოლიტიკური შინაარსი ჩადონ ამ ვიდეო მასალების გავრცელებაში. მათ პოლიტიკური ბრძოლა ძალიან კარგად იციან და იციან როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგან, ამიტომ მე ნაციონალების ინტერესსაც ვხედავ ამ სფეროში. თუმცა, მაინც მეჩვენება, რომ უფრო სიტუაციის გამოყენებაა, ვიდრე დაგეგმვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი სამართლის საკითხებში ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ კადრების გავრცელბა იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანი იყო საზოგადოების დატერორება.

„ბატონმა მაჭავარიანმა გააკეთა განცხადება, რომ არ ენდობა პროკურატურას და მე ვიზიარებ მის პოზიციას. მთელს ამ პროცესში რაც ყველაზე პოზიტიურია, გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ გამოავლინა მაღალი შეგნება და თქვა, რომ არ ნახავს ამ სიბინძურეს და დაგმო მთელი ღონისიძიება. ამან საგონებელში ჩააგდო ორგანიზატორები, ვერ გაარკვიეს გააგრძელონ თუ არა გამოქვეყნებები, ან როგორ გააგრძელონ. როგორც ჩანს, ჩანაფიქრი იყო, რომ ამ მეთოდით დააშინებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე პროკურატურა ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს გამოძიების შესახებ ინფორმაცია.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და პოლიტიკურად სხვადასხვა ინტერპრეტაციები თუ ქმედებები შეიძლება მოჰყვეს ამას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც უნდა გააკეთოს და არ აკეთებს პროკურატურა გახლავთ ის, რომ რაღაც პერიოდულობით, კვირაში ერთხელ, მაინც, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა ხდება ამ საქმის გამოძიების ფარგლებში. მნიშვნელოვანია არ იყოს ინფორმაციული ვაკუუმი.

მიუხედავად წარუმატებლობისა, არაერთი გახმაურებული საქმის მიმართულებით, იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ნაწილში მაინც პროგრესი იქნება და რაც მთავარია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება. არ მაქვს ილუზია, რომ შესაძლებელია, გამოძიება დღეს დასრულდეს და კონკრეტულ დამნაშავეთა წრე იქნეს გამოკვეთილი, მაგრამ ყოველ შემთხვეევაში, მაქსიმალური უნდა გააკეთოს პროკურატურამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.