„საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილია 1286 პირი, 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა“

„საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილია 1286 პირი, 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი მოახდინა. პარალელურად, ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. ასევე, ოპერატიული კონტროლი ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების მიმართ.

სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებულ იქნა რამდენიმე ასეული პირი.

მთლიანობაში, კონტრტერორისტული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილი იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი. სუს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით ე.წ. მებრძოლთა რაოდენობა 100-ზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დაკომპლექტება არა მარტო საქართველოს მოქალაქეებით, არამედ მდიდარი დასავლეთის ქვეყნებიდანაც წარამტებით ხორციელდება. რადიკალიზმის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით „ისლამაურ სახელმწიფოში“ დაახლოებით 4 500 ადამიანია გაერთიანებული. „მებრძოლებს“ შორის ყველაზე მეტი საფრანგეთის მოქალაქეა. კვლევის თანახმად „ისლამურ სახელმწიფოში“ საფრანგეთის 1800 მოქალაქეა; გერმანიის - 720; დიდი ბრიტანეთის - 700; ბელგიის - 400; ნიდერლანდებიდან - 250. ავსრტიიდან, დანიიდან, შვედეთიდან და ესპანეთიდან - 100 მოქალაქე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ტერორისტებისთვის საქართველო უფრო დერეფანია, ვიდრე სამიზნე. თუმცა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50 მებრძოლის არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ საფრთხესთან.

„პარიზის ტერაქტებმა გვაჩვენა, რომ ეს ფანატიზმზე და იდეოლოგიაზე დაფუძნებული ქსელია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ამგვარი დანაშაული ჩაიდინოს. ნამდვილად არ არის რაღაცა ხელწამოსაკრავი ძალა და ეს უნდა ახსოვდეს ყველას. ამიტომ, ყველამ ერთიანად უნდა ვიბრძოლოთ, გავაათმაგოთ ფულის ხარჯვა უსაფრთხოებაზე, მის პრევენციაზე და სპეცსამსახურების მაქსიმალურად აღჭურვაზე, რათა შევძლოთ პრევენცია. ეს არ არის იოლი საქმე. ძალიან დიდ საფრთხესთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ანალიზი, თუმცა აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურმა ითანამშრომლოს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ ჰქონდეთ სრული სურათი, ადექვატურად შეძლონ სიტუაციის გაანალიზება და საფრთხეების იდენტიფიკაცია.

„ვერ ვიტყვით, რომ საქართველო გამოკვეთილად წარმოადგენს რისკის ქვეყანას, მაგრამ არის პრობლემები და ამ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ღირს. ვიცით, რომ ძირითადად ეკონომიკური პრობლემებია მთავარი მიზეზი რატომაც მიდიან ახალგაზრდები სირიაში, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გვქონდეს წინსვლა. თუ მთავრობა ამ პრობლემას მიაქცევს მეტ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება.

თუმცა, მარტო ეკონომიკური მიმართულება არ არის ერთადერთი პრობლემა, უფრო ფართო ჭრილში უნდა შევხედოთ ამ გამოწვევას. ის, რომ 50-დან 100 ქართველი იმყოფება სირიაში, ეს არის მთავარი გამოწვევა და საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესების კუთხით. ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მიერ აფხაზეთისა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის მზარდი სისწრაფით მიმდინარე ანექსია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მასშტაბიდან გამომდინარე 50 კაციანი ჯგუფი იმდენად მცირეა, რომ მიუხედავად რუსეთის დიდი სურვილისა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საქართველო ტერორისტულ ქვეყანად გამოაცხდოს.

„თუ ვსაუბრობთ 50 ჩვენს მოქალაქეზე, მაშინ უნდა გავაცნობიეროთ რას შეიძლება მოასწავებდეს იმავე მიზნით სირიაში მყოფი რუსეთის რამდენიმე ათეულ ათასი მოქალაქე. ნამდვილად რაოდენობა არ გახლავთ თავდაცვის საკითხი, რადგან მუქარა რუსეთის მიმართ არ ცხრება, პირიქით მატულობს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ფლობენ სრულ ინფორმაციას, რა ხდება საქართველოს ტერიტორაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.