„დიდი გასეირნება“

„დიდი გასეირნება“

მას შემდეგ, რაც ამ ეტაპისთვის უკვე ყოფილმა „ნაციონალებმა“ მშობელ პარტიას უგანეს, ზედაც, მათ არც „ქდმელები“ ჩამორჩნენ (შესაბამისად, ზოგნი მმართველი პარტიის ნავში ჩახტნენ, ზოგნიც დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩნენ), სავსებით ცხადია, რომ უმრავლესობა დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარ ორგანოში მმართველმა პარტიამ მოიპოვა (პათოსით: „შენი იყო, ახლა – ჩემია“).

მეტიც, რაკი „დრონი მეფობენ“, ყოფილებმა თავიანთ ყოფილს, ანუ, დედაქალაქის მერს ხმაც გაუმკაცრეს (რასაც, მაგალითად, 2012 წლის ოქტომბრამდე თვით ყველაზე თამამ სიზმარშიც ვერ გაბედავდნენ). ჰოდა, რადგან ასე მოხდა, ერთ დროს „ნაციონალმა“, აწ კი გულმხურვალე (თუ ფარისეველმა) „მეოცნებემ,“ ბ-ნმა შიხიაშვილმა (რომელმაც ელვისებურად ჩააჩოჩა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლიდან ბ-ნი სამადაშვილი), ბ-ნი უგულავა დებატებში გამოიწვია („გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში მე და შენ რომ ერთად ვრბოდით“).

ბუნებრივია, თბილისის მერმა შეთავაზებას წიხლი უკრა; მეტიც, განა თვითონ იკადრა, წარმომადგენლის პირით ბ-ნ შიხიაშვილს შეუთვალა, რომ, რადგან მისი ტოლი და სწორი არ არის, არც დაელაპარაკება (თუმცა, ამ უარში არც უმისობაა, რომ „ან მე მაშინ რა ვიცოდი, ან შენ გიჟმა რა იცოდა, რომ იმ ვარდზე ადრე შენი სიყვარული დასჭკნებოდა“).

მეორე მხრივ, ბ-ნმა უგულავამ სასეირნოდ პრემიერ-მინისტრი მიიწვია (მთლად ჰაინეს მოტივებითაც არა: „ნურას ფიქრობ ჩემზედ ავსა, გულს მხურვალედ ჩამეკარი“), მეტად პროზაული მიზნით: აღმაშენებლის გამზირის დასათვალიერებლად, მაგრამ, ისიც შეთავაზებაზე წიხლნაკრავი დარჩა. ხოლო, რაკი დიდი გასეირნება ვერ შედგა, ბ-ნ მერს არ აწყენდა, თავად შეეჭყიტა აღმაშენებლის გამზირის ფასადებს მიღმა, რაც იქ ხდება, მოყვარეს ვინ ჩივის, მტერსაც კი გულს გაუხეთქავს.