ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს ახალი ტერაქტებით ემუქრება. პარალელურად, თურქეთის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთში მცხოვრები ქრისტიანებისა და ებრაელების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელებას გეგმავს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ტერორისტული აქტები შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს, რაც სააღდგომო დღესასწაულებს უკავშირდება. ტერორისტების სამიზნე, პირველ რიგში, ეკლესიები, სინაგოგები და ქრისტიანული სიწმინდეები შეიძლება გახდეს. საფრთხე, რომ რეალურია ამაზე საუბრობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, საქართველო ფსიქოლოგიური ტერორის რეჟიმშია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
კითხვას, ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორისტული აქტი, ვსვამთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ტერორისტული აქტი ევროპის ქალაქებში ხდება, მაგრამ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა მეზობელ თურქეთში და ახლო აღმოსავლეთში. რამდენად ქმნის საქართველოსთვის საფრთხეს ის ვითარება, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში?
მამუკა არეშიძე: მენატლობით და გარკვეული ჩვევითაც თავს ვაკუთნებთ ევროპას, რაც ერთი მხრივ, სწორია, რადგან ჩვენი სამომავლო სურვილია გავხდეთ ევროპის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი რეგიონი ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს - ევროპასა და აზიას შორის ვიმყოფებით. ამიტომ, ის, რაც ხდება მსოფლიოს აზიურ ნაწილში და განსაკუთრებით ახლოაღმოსავლეთში, აუცილებლად გვეხება ჩვენ და ჩვენი ყურადღების საგანი უნდა გახდეს. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას - გვეხება!
საინტერესოა რატომ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას?
- ასე ვართ მოწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უფრო ევროპაში მიმდინარე პროცესები გვაინტერესებს. ნებისმიერი ახალგაზრდა რომ გააჩეროთ ქუჩაში, უფრო მარტივად გეტყვით რა ხდება ლონდონში, ვიდრე თეირანში, ან ახლო აღმოსავლეთის სხვა დედაქალაქში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება ერევანში და ბაქოში. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკისა და ისტორიული ლტოლვის შედეგი.
საქართველოს შემთხვევაში საფრთხეები რამდენად რეალურია? დასავლეთისთვის ბრენდია მხოლოდ პანკისის ხეობა, თუმცა, გაცილებით მძიმე ვითარებაა გურიაში, ქვემო ქართლსა და აჭარაში...
- ნამდვილად, პანკისი არის ბრენდი დასავლეთისთვის, რადგან სიტყვა პანკისი უკავშირდება უარყოფით განწყობას. ახლა რომ ვიღაცამ გურიაზე დაიწყოს ლაპარაკი, ვერ გაიგებენ რაშია საქმე. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა საქართველოს რეპუტაციის შელახვა, აუცილებლად ახსენებს პანკისის ხეობას.
ამ დროს პანკისში ვითარება ბევრად უფრო კონტროლირებადია როგორც ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ნორამლური ნაწილის მიერ, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. რაც შეეხება ხიფათს, რასაკვირველია ხიფათი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს დღევანდელ ხიფათს, ეს არის პერსპექტივებზე გათვლილი ხიფათი, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, თორემ მერე უკვე გვიან იქნება. 90-იანი წლებიდან ვიცოდით მხოლოდ პანკისის არსებობის თაობაზე, მაგრამ ასეთი კიდევ 4 რეგიონი გვაქვს საქართველოში.
პანკისის შემდეგ, ყველაზე რთული რეგიონი არის ქვემო ქართლი. შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება ამ რეგიონში, რამდენად ეფექტურად მუშაობენ პოლიტიკური ისლამის იდეოლოგიის მატარებელი ძალები?
- არა მარტო ქვემო ქართლი, არამედ აჭარის რეგიონი. ეს არის ადგილები, სადაც ძალიან ეფექტურად მუშაობენ პოლიტიკური ისლამის იდეოლოგიის მატარებელი ძალები. თუ აჭარაში ძირითადად არის თურქული ორგანიზაციები, ქვემო ქართლში არის ყველა, ვისაც არ ეზარება - თურქულიც, ირანულიც, არაბულიც და ა.შ. რასაკვირველია, არის იმავე ქვეყნების ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობებიც და ნაწილი სუფთა ჰუმანიტარულ მისიას ასრულებს, მაგრამ ნაწილი ორიენტირებულია იმაზე, რომ რელიგიის მეშვეობით პოლიტიკური ფონი შექმნას.
ანუ, ეს ორგანიზაცები მრევლზე მუშაობენ?
- რასაკვირველია და ეს არის გარკვეული რისკისა და ხიფათის შემცველი. ის, რომ ორივე რეგიონში მუშაობენ ფუნდამენტალისტები, ეს ფაქტია. წლების განმავლობაში რაც ხდებოდა პანკისში, იგივე უფრო მასშტაბურად ხდება ქვემო ქართლში და აჭარაში.
ამ შემთხვევაში რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ, რომ ამ ორ რეგიონში არ შეიქმნას პრობლემა? მიუხედავად იმისა, რომ ღიად საუბრობთ არსებულ პრობლემებზე, ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ისევე როგორც ეს მოხდა პანკისის შემთხვევაში და რაღაცა თავალსაზრისით, გვაქვს შედეგი...
- პანკისის ხეობა კომპაქტური რეგიონია, ხალხის რაოდენობა არის ცოტა და მეორეც, მას არ აქვს უშუალო საზღვარი, რომელიმე ისეთი ტიპის ქვეყანასთან, საიდანაც შეიძლება პირდაპირ წამოვიდეს ხიფათი. ხშირ შემთხვევაში, საქმეში ჩაუხედავ საზოგადოებას ჰგონია, რომ პანკისი ესაზღვრება ჩეჩნეთს, პანკისადან ჩეჩნეთამდე არის თუშეთი და კავკასიის მთიანეთი, რომელიც კომუნიკაციისთვის მაინცდამაინც მოხერხებული არ არის. ამ თვალსაზრისით, პანკისი ბევრად უფრო მარტივი მისახედია. ქვემო ქართლს ესაზღვრება აზერბაიჯანი, ხოლო აჭარას თურქეთი, ორივე შემთხვევაში კომუნიკაციის თვალსაზრისით, საზღვარი ღიაა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ვერ ვიტყვი, რომ არაფერს არ აკეთებს, აკეთებს, მაგრამ ტემპი არ არის იმის შესაბამისი, როგორც მუშაობენ ჩვენი მოწინააღმდეგეები. ის, რომ ტერორის მანქანა და ექსტრემისტული აქტივობა არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, ეს დღევანდელი ხელისუფლების გამოძახილია. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ უშიშროების კუთხით ამ მიმართულებით მუშაობა არ იძლევა იმ შედეგს, რომელზედაც მაქვს ლაპარაკი.
ერთია უშიშროება, მაგრამ აუცილებელია საზოგადოებისა და ხელისუფლების სხვა რგოლების აქტივობა?
- რა თქმა უნდა და ამის მაგალითი გვქონდა პანკისის ხეობაში, როდესაც სხვა სტრუქტურებმა, განათლების, თავდაცვის, ჯანდაცვის და შსს-მ აქტიურად იმუშავეს არა მარტო იმისათვის, რომ ექსტრემიზმი მოესპოთ, ან შეეკავებინათ, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის გაეჩინათ ინტერესი. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომები სხვა რეგიონებში არ არის. ჩემი განგაში ძირითადად განპირობებულია იმით, რომ არ ჩანს საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიდგომა, ვერ ვხედავ, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ერთობლივად აცნობიერებდეს იმ საფრთხეებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.
რეგიონში არსებულ მოვლენებზე რა გავლენა აქვს რუსეთის ხელისუფლებას?
- მარტო რუსეთზე თითის გაშვერვა, ეს არის ქართული პოლიტიკის დღევანდელობა. რუსეთი რომ ოკუპანტია და მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ მარტო რუსეთის ამოჩემება და თითქოს სხვა არაფერი არ ხდება, ეს უკვე სხვა მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. შეიძლება ზოგიერთი ამ ძალების უკან დგას რუსეთი, მაგრამ იმ თურქული სალაფისტების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ რუსეთთან, თავის ინტერესებს ემსახურებიან, მით უმეტეს არაბები.
თქვენი კოლეგების განცხადებით, საქართველოში ტერორისტული აქტები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ტერორისტები ეცდებიან საქართველო გამოიყენონ როგორც კორიდორი. თქვენ როგორ ფოქრობთ, ტერორისტებისთვის საქართველო არ არის მოწყვლადი?
- საქართველოს ტერიტორია, რომ კორიდორად გამოიყენება, ეს ახალი არ არის და არა მარტო - საქართველო. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე „ბოევიკმა“ მოახერხა სირიიდან თურქეთის ტერიტორაზე გადასვლა. რაც ყველაზე საინტერესოა, მათ აიღეს თურქეთის მოქალაქის პასპორტი, ოღონდ სომხური გვარით და ასე ჩაფრინდნენ ერევანში, იქიდან უკვე ჩრდილოეთ კავკასაიში. რაც შეეხება ტერორისტულ აქტებს, არ ვიზიარებ, რომ განსაკუთრებული რეჟიმია საქართველოში, მაგრამ ტერორისტული აქტები შეიძლება განხორციელდეს აქ არსებული უცხოური წარმომადგენლობის წინააღმდეგ.
ამის ალბათობა რამდენად მაღალია?
- ალბათობა ძალიან მაღალი არ არის იმიტომ, რომ ტერორისტების ამოცანაა, მათ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი იყოს რეზონანსული. საქართველოში რომ თავდასხმა მოხდეს რომელიმე დასავლურ წარმომადგენლობაზე, ამას ისეთი რეზონანსი არ ექნება, როგორც ევროპაში, სადაც ბევრად უფრო სოლიდური წარმომადგელობა ჰყავთ, ვიდრე საქართველოში. მაგრამ, ჩვენ ვართ ფსიქოლოგიური ტერორის რეჟიმში და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. ვხედავთ, რომ კოალიციის საჰაერო იერიში არ აღმოჩნდა შედეგზე ორიენტირებული, დადგა დრო, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე?
- ვინ გადავა? მდგომარეობას უნდა შევხედოთ ასე - ძალიან ბევრ მოთამაშეს აწყობს ის, რაც სირიაში ხდება. ნაწილობრივ ეს აწყობს აშშ-ს, რუსეთს, ირანს და არაბულ სამყაროს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს ვითარება აღარ აწყობს, ეს არის თურქეთი. იმიტომ, რომ თვითონ შეექმნა საფრთხე, თორემ დასაწყისში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში სათავისოდ. ვიდრე მსხვილი მოთამაშეების ინტერესების ჭიდილი თანხვედრაში არ მოვა, მანამდე ასეთი ვითარება იქნება. არავითარი სახმელეთო ოპერაცია ამას არ უშველის.
როდესაც ვამბობთ, რომ ფსიქოლოგიური ტერორი არის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ვხედავ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ როგორც იცვლება უარესობისკენ სიტუაცია საქართველოში. ვხედავათ, როგორ ნელ-ნელა ძლიერდება ჩვენს რეგიონებში ფუნდამენტალური ისლამი, რომელიც საშინლად შემოგვიტრიალდება რამდენიმე წლის შემდეგ. ეს არის იდეოლოგიური რეკრუტირება თავისი მომხრეებისა, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი ექსტრემისტული ძალები ახდენენ. რამდენიმე წლის შემდეგ როგორ მოხდება ამ მომხრეების გამოყენება, არავინ იცის. თუ ამ პროცესს ახლავე არ ეშველა, მერე უკვე გვიან იქნება. ეს არის მთავარი და ამას ვარქმევ მე იდეოლოგიურ ტერორს.