„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, მანამდე კი, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და უმრავლესობაში დარჩება, თუმცა, არ არის გამორიცხული, პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაბამისად, ეს ერთობაც მერვე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დაირღვეს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულმა კომიტეტმა, მათ შორის, პარტიის 35 წევრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ არჩევნებზე საკუთარი ძალები ინდივიდვალურად მოსინჯონ. პოლიტიკურ გუნდში მოსალონელი საფრთხეები გათვლილი აქვთ და იციან, რომ შესაძლოა, პარტიას 2016 წლის არჩევნებზე 4 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდეს, მაგრამ რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ სჯობს, პარტია პარლამენტის გარეთ დარჩეს, ვიდრე მას „თავზე ისეთი პოლიტიკური ფიგურები ასხდნენ როგორებიც - თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე არიან“.
37 წლის ისტორიის მქონე პარტია სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე მიმდინარე კვირაში განცხადებას გაავრცელებს, რომლის გასაჯაროვებაც ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით დღეს იგეგმებოდა, თუმცა, პარტიამ პოზიცია მოულოდნელად შეცვალა და ლიდერებიც მხოლოდ მწირი განცხადებებით შემოიფარგლნენ.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი for.ge-ს არწმუნებს, რომ კოალიციას არც პარტია ტოვებს და თანამდებობებიდან არც რესპუბლიკელი მინისტრები არ მიდიან. დეპუტატის თქმით, პარტია აპირებს, რომ არჩევნებამდე მივიდეს, ხოლო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატი განსაზღვრულია და ის უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„პარტიამ ეროვნულ კომიტეტზე, 2016 წლის არჩევნებზე გასვლასთან დაკავშირებით იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება. „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში რჩება და არსად არ მიდის. ყველა მინისტრი საკუთარ მოვალეობას ასრულებს და ისინი არსად არ მიდიან. ამასთან, თავის ადგილზე არიან და თავის მოვალეობას ასრულებენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეები“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად, დეტალების გაცხადებისგან თავს იკავებენ სხვა რესპუბლიკელებიც.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეროვნული კომიტეტის განცხადებაში შავი თეთრზე წერია ის, რაც რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება. მისი ცნობით, განცხადება არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ მონაწილეობის ფორმატს ეხება.
„ამასთანავე, განცხადება კოალიციაში პასუხისმგებლობის საკითხებსაც ეხება. მომავალ არჩევნებში მონაწილეობა და დაახლოებით ოთხი წლის წინ საარჩევნოდ შექმნილი ბლოკი სხვადასხვაა. მეტი რა გითხრათ?“, - დასძენს ბერძენიშვილი.
თანაგუნდელების მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე აპელირებს, თუმცა, for.ge-სთან საუბარში დეტალებს არ ამხელს. კორძაიას განმარტებით, ეროვნული კომიტეტის სხდომა წინასწარ დაგეგმილია, რომელსაც განსაზღვრული გეგმა აქვს.
„ორი დღის მანძილზე, პარტიულ გეგმებზე ვმსჯელობდით და გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომელსაც გავასაჯაროვებთ. ამაზე მეტის თქმის მანდატი არ მაქვს, რადგან ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით, შებოჭილი ვარ“, - აღნიშნავს კორძაია, რომლის პათოსს იზიარებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე.
როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, არჩევნები ახლოვდება, რომელსაც პარტიის წევრების მობილიზაცია და ტაქტიკა სჭირდება.
„შესაბამისი განცხადება მივიღეთ, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. როცა კოალიცია შეიქმნა, ითქვა, რომ ამ ციკლს ერთად დავასრულებდით“, - დასძენს ებანოიძე.
აღსანიშნავია, რომ for.ge-ის ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადება, რომელიც 2016 წლის არჩევნებში პარტიის დამოუკიდებლად მონაწილეობას ეხება, სწორედ პარტიის მხარდამჭერებზეა გათვლილი.
წყაროს ცნობით, „რესპუბლიკურ პარტიაში“ თვლიან, იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ხოლო კოალიციაში ძალთა თუ უფლებამოსილების გადანაწილებაზე კონსულტაციები ამ დრომდე არ დაწყებულა, რესპუბლიკელების ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, მისი პარტია რას და როგორ გეგმავს, რათა შემდეგ გვიან არ იყოს.
„არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, საქმე კი ბევრია. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, პარტიას რა სურს და ვისთან ერთად ყოფნა უნდა“, - განუცხადა for.ge-ის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა.
არჩევნებს ფინანსები სჭირდება და „რესპუბლიკურ პარტიაში“ ზრუნვა დაწყებული ამ საკითხზეც აქვთ, თუმცა, სანამ ისინი დამფინანსებლების მოზიდვას დაიწყებენ, მანამდე მათ პოტენციურ დამფინანსებლებს მათი განცხადების გაცნობა მოუწევთ, რომელიც შესაძლოა, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გასაჯაროვდეს.
სანამ განცხადების შინაარსი არ გახდება ცნობილი, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები მკვეთრი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათი თავშეკავება იმ „მესიჯმა“ განაპირობა, რომელიც პოლიტიკურ წრეებში არსებული ინფორმაციით, მთავრობიდან პარლამენტში მივიდა. წყაროს ცნობით, მტავრობამ უმრავლესობას ზომიერი კომენტარების გაკეთება ურჩია.
for.ge „რესპუბლიკური პარტიის“ გეგმებთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების განწყობებით დაინტერესდა და მათ კითხვით მივმართეთ - „სჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკური პარტია“?
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი for.ge-სთან კოალიციური ერთობის მნიშვნელობაზე აპელირებს და ამბობს, რომ მისი სურვილია, კოალიცია არჩევნებზე ერთად წარსდგეს.
დეპუტატის შეფასებით, ვის ვინ სჭირდება, ყველამ იცის - „ქართული ოცნება“ ის ძალა იყო, რომელმაც არჩევნები მოიგო და ეს ადამიანები თავის გარშემო შემოიკრიბა.
„2012 წელს, კოალიცია რეჟიმის წინააღმდეგ შეიკრიბა, დღეს კი, ქვეყნის წინაშე მსგავსი ამოცანა არ დგას. ვინმეს სახელით საუბარი არ შემიძლია, მე კი გეტყვით, რომ ჩემი სურვილია, კოალიცია არჩევნებზე ერთად წარსდგეს. კოალიციიდან ნებისმიერი პარტიის გასვლა იმას ნიშნავს, რომ ეს კინკლაობის გამო მოხდა, რაც ცუდია. თუკი მიზანი ერთია - ქვეყნის განვითარება, კინკლაობა რატომ უნდა დავიწყოთ? შეიძლება, ქვეყნის განვითარების გზები გააზრებული სხვადასხვაგვარად იყოს, მაგრამ ნებისმიერ სიტუციაში ოქროს შუალედის პოვნა შეიძლება. თუკი კოალიციაში შემავალ რომელიმე პარტიას სხვა აზრი აქვს, ამას დაასაბუთებს“, - აცხადებს ჭკუასელი.
ჭკუასელის მსგავსად, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი 2012 წელსა და დღევანდელ მოცემულობაზე აქცენტირებს. როგორც for.ge-ს ჟორჟოლიანმა განუცხადა, 2012 წელს სხვა ამოცანები იდგა, ხოლო 2016 წელს სხვა გამოწვევებია. მისი თქმით, თუ 2012 წელს გაერთიანება რაღაცის წინააღმდეგ იყო, დღეს ეს უნდა იყოს - რაღაცისთვის.
„თუკი 2012 წელს ამოცანა იყო, რომ ყველა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდა, დღეს ამოცანაა, რომ ვინც პროცესების განვითარებას ერთნაირად ხედავს, ძალისხმევა შეაერთონ, რათა პოლიტიკა ეფექტურად წარიმართოს“, - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.
„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებას ელოდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.
დეპუტატის განცხადებით, განცხადების შინაარსთან დაკავშირებით, ბევრი ვერსია ვრცელდება, „ოცნებას“ კი, არავითარი სურვილი არ აქვს, რომ მკითხაობის რეჟიმში გადავიდეს.
„ზოგადად, კოალიციურობას ბევრი დადებითი მომენტი აქვს. მათ შორის, აზრების ერთობლიობა. კოალიციაში რაღაც განსხვავებები არის, რომელიც ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, რომ თავისი პოზიცია განსაზღვროს. კოალიციის უპირატესობა საზოგადოებას უნდა ეხებოდეს და არა პოლიტიკოსებს, რომელთაც უნდათ, რომ არჩევნებში კიდევ გაიმარჯვონ. საზოგადოებისთვის მისაღები რა არის, ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ მაქვს. წინაპირობა, რომ კოალიციის დაშლაზე განცხადებები ვაკეთო არ არის“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკიმ.
იმ შემთხვევაში თუკი, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას 2016 წლის არჩევნებამდე დატოვებს, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა არ დაეშლება, თუმცა, მათ კანონპროექტების მისაღებად ყოველ პლენარულ სხდომაზე „ქუდზე კაცის“ გამოყვანა მოუწევთ, რაც დიდი გამოწვევა იქნება, რადგან მერვე მოწვევის პარლამენტის „აქილევსის ქუსლი“ სწორედ კვორუმია, რომლის პრობლემა თითქმის ყოველ სასესიო კვირას წარმოიქმნება. „რესპუბლიკელები“ კი, ამ თვალსაზრისითაც ორგანიზებულები არიან.