„ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ“

„ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ“

ევროპალამენტში 751 პარლამენტარია წარმოდგენილი, 215 პარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პარტიას გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტლებას 376 დეპუტატის ხმა სჭირდება. 751 თუ გამოვაკლოთ 215 დეპუტატს, ვნახავთ, რომ მხარდამჭერი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე „ევროპის სახალხო პარტია“ წარმოადგენს. ასე რომ, „ევროპის სახალხო პარტია“ ვერ გადაწყვეტს მიიღებს თუ არა საქართველო გაზაფხულზე უვიზო მიმოსვლას.

„ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტი, ჯოზეფ დაული ამბობს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.

„საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით“, - აცხადებს ჯოზეფ დაული.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, ჯოზეფ დაულს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რადგან დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი.

„ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე. დღემდე ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის გამოხატულებაც იქნება სავიზო რეჟიმის გაუქმება. ისმის კანონზომიერი კითხვა - ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და შეფასებები? ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციური ძალა, კერძოდ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავის პარტნიორებს „სახალხო პარტიიდან“ არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მსგავსი ქმედება ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებს „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს“, - აცხდებს თედო ჯაფარიძე.

„ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტი, რომ ევროპარლამენტში არაფერს წყვეტს, ამის შესახებ საუბრობს უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, რომლის განცხადებით, დაულის სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. მისივე თქმით, არავის, არასდროს, არც ერთ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა ოქტომბრის არჩევნებთან არ დაუკავშირებია.

„ეს ნაცმოძრაობის და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ხალხის, ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით და თუნდაც ამისთვის, ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ! ჯოზეფ დაულს კი პირდაპირ შეკითხვას ვუგზავნი მეილზე, რამდენი შემოგწირათ სააკაშვილმა ამ შანტაჟში თქვენი ჩართულობისთვის? იქნებ, თქვენზეც აქვთ ოდესღაც რამე კომპრომატები ჩაწერილი და დღეს თავად ხართ შანტაჟის მსხვერპლი?

საქართველომ უმაღლესი წარმატებით შეასრულა ყველა საშინაო დავალება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ასეთივე უმაღლესი შეფასებები მივიღეთ თავად ევროპელებისგან. დარჩა მხოლოდ საკითხის კენჭისყრაზე გატანა. ახლა, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობა იყენებს კიდევ ახალ იარაღს იმისთვის, რომ ჩაშალოს ეს პროცესი და ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას და საკუთარ ხალხს. არ გამოგივათ“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე იმედს გამოთქვამს, რომ „სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტის მოსაზრებას ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადაწყვეტის შესახებ, მის პარტიაში ყველა არ ეთანხმება. როგორც დოლიძე აცხადებს, ეს იყო ცუდი განცხადება.

„ჩემი აზრით, ეს არის რუსული ინტერესი, რომ დღეს საქართველომ არ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის პროგრამა. ეს ვიწრო პარტიული ინტერესების თემა არ არის, ეს არის თემა სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის. არ ვიცი, ეს განცხადება მას ოდესიდან დაუწერეს თუ თბილისიდან, მაგრამ ის კითხულობდა აშკარად ამ განცხადებას და მე ვფიქრობ, მან უნდა აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე. არანაირი კავშირი არჩევნებთან ვიზალიბერალიზაციას არ აქვს“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი, პასუხი აშკარად მარტივია. ჯოზეფ დაულის განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანმა, გიგა ბედინეიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს.

„თუ ვიზები არჩევნებამდე მოგვიხსნეს, ივანიშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვეღარაფერი აიძულებს. შედეგად აღმოვჩნდებით ჯამაჰირიაში, საიდანაც ხანდახან ევროპაში ვივლით. თუ ვიზებზე გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ გადაიწევს, მაშინ ივანიშვილმა უნდა აირჩიოს ან გააყალბოს არჩევნები, შედეგად ვიზები არ გაუქმდება და გვექნება რევოლუცია, ან არ გააყალბოს არჩევნები, რის შემდეგადაც ვიზები გაუქმდება. მგონი, გასაგებია, რომ სამართლიანი არჩევნები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უვიზო რეჟიმის რამდენიმე თვით დაჩქარება. ამიტომ გვაწყობს გადაწყვეტილება ვიზებზე მიიღონ არჩევნების შემდეგ“, - წერს გიგა ბედინეიშვილი.

ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ 215 დეპუტატით არის წარმოდგენილი, გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ჩხიკვაძე თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტლება არჩევნებამდე იქნას მიღებული, რადგან ქვეყნის ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ შეემატება კონკრეტული შედეგი.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშველოვანია ქვეყანამ არჩევნებამდე მიიღოს უვიზო მიმოსვლა, რადგან ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ შეემატება კონკრეტული შედეგი და რაც მთავარია, უპასუხებს კითხვას, თუ რას უკეთებს ევროპა საქართველოს და რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გადაწყვეტილების მიღება არის პანაცეა და მხოლოდ ამაზე უნდა იფიქროს პროევროპულმა პარტიებმა საქართველოში. ბევრი რამე აქვთ მათ გასაკეთებელი საქართველოში, მაგრამ ეს შეიძლება დაეხმაროთ იმაში, რომ არჩევნებში უკეთესი შედეგი აჩვენონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ჯოზეფ დაულის განცხადება არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ოფიციალური წარმომადგენლის პოზიცია. მისივე თქმით, დაული არის კერძო პირი, რომლის განცხადებას არანაირი პოლიტიკური გავლენა არ აქვს და დაულის განცხადება ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას.

„ძნელია ნაციონალების ჩანაფიქრის ამოკითხვა, მაგრამ შეიძლება იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო არჩევნები დასავლეთისთვის გახდება კრიტიკის საგანი და ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია უფრო გაძლიერდეს. შესაძლებელია, ნაციონალები თვლიან, რომ სირთულეების შექმნით შანსი აქვთ, თუმცა არ მგონია, რომ მათი მოლოდინი გამართლდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.