მრეწველებისგან განსხვავებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს რესპუბლიკელებმა და „ეროვნულმა ფორუმმა“. მსჯელობის შედეგების გასაჯაროებას „ფორუმი“ 3 აპრილს გეგმავს, რესპუბლიკელებმა კი, გადაწყვეტილების გამოცხადება უახლოესი მომავლისთვის დააანონსეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თვლის, რომ ცუდი არ იქნება, თუ არჩევნებში ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგორც კალაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ ისევ კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას, თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით, ამაზე გადაწყვეტილება კოალიციაში ერთობლივად იქნება მიღებული.
„ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას და მერე, უკვე, პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხუთ სუბიექტიანი კოალიცია დაახლოებით 87 წევრისგან შედგება. თუკი რესპუბლიკელები დატოვებენ კოალიციას, შესაძლოა, პარლამენტში უმრავლესობის არსებობას საფრთხე შეექმნას და უმრავლესობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, ეს უკვე აღარ არის პარტიული ინტერესები, აქ შემოდის ქვეყნის ინტერესები.
„პარლამენტში, რა თქმა უნდა, ვერავის ვერაფერს ვერ მოსთხოვ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც შეეცდება, ახალი უმრავლესობა შექმნას. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დაიწყონ არსებული ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება, რაც არასტაბილურობას შექმნის, როგორც პარლამენტში ისე - ქვეყანაში. ეს წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ვრცელდება ინფომრმაცია, რომ რესპუბლიკელები კოალიციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვებენ. ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ლოგიკური იქნება, თუკი არჩევნებამდე დატოვებენ კოალიციას და არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტები და მანდატი მიიღონ ხალხისგან, როგორც ძალაუფლების წყაროსგან და უკვე ამ მანდატის საფუძველზე შექმნან კოალიციები პარლამენტში.
„ანუ, „რესპუბლიკურ პარტია“ ამბობს, რომ მე ვაგრძელებ პარაზიტულ ცხოვრებას, ბიძინა ივანიშვილს შევყვები პარლამენტში და მერე გავალ? აბსოლუტურად არასერიოზული, შეურაცხმყოფელი პოლიტიკური მესიჯია. ასეთი რაღაცა შეუძლელებია - შენ შემიყვანე პარლამენტში და მერე მე გადავალ ოპოზიციაში, ამაზე არავინ დათანხმდება. ვფიქრობ, რომ კოალიცია მთლიანად უნდა დაიშალოს. არ მინდა ცალკე „რესპუბლიკურ პარტიაზე“ ლაპარაკი იმიტომ, რომ ეს ეკლექტურობა ქვეყნის მართვაში სახელმწიფოს ძალიან აზიანებს, ხელისუფლებას ეფექტურობას აკარგვინებს და შესაბამისად, კოალიცია უნდა დაიშალოს. ყველა სუბიექტი უნდა გავიდეს და ცალ-ცალკე უნდა მიღოს გადაწყვეტილება. ძალაუფლებაზე მანდატს მხოლოდ ხალხი იძლევა. უკანა კარიდან ხელისუფლებაში დარჩენა ცუდი საქციელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
„ქვეყნის ნორმალური პოლიტიკური განვითარების გამო, კოალიცია უნდა დაიშალოს“, - ასე ფიქრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ყველა შემთხვევაში, პოლიტიკურ არენაზე სხვისი რეიტინგით ბრძოლა ამახინჯებს პოლიტიკურ სპექტრს. საყვარელიძის განცხადებით, ქვეყნისთვის უმჯობესია ყველა პოლიტიკურმა ძალამ, პიროვნებამ, თუ პარტიამ არჩევნებზე თავისი წილი ქულები აიღოს, ხალხის განწყობილებებიდან გამომდინარე.
„არჩევნების შემდეგ დავტოვებთ კოალიციას, ეს განცხადება ნიშნავს, რომ ჯერ ვისარგებლებთ კოალიციიდან მიღებული ხეირით და შემდეგ დავტოვებთ. ასეთ განცხადებას თავისი ეთიკური მხარე გააჩნია. გამორიცხული არ არის, რომ მოსახლეობისთვის ეს ნაბიჯი უფრო მიუღებელი აღმოჩნდეს. თუკი დღეს ამ ვითარებაში დატოვებენ კოალიციას, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდოს. საკითხის ასე დაყენება, რომ ჯერ ვიხეირებთ და მერე დავტოვებთ, ეჭვი მაქვს, რომ მათი გულშემატკივრების რიცხვს კიდევ უფრო შეამცირებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, საფრთხე იმისა, რომ რესპუბლიკელების გასვლის შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პრობლემა დაუდგეს „ქართულ ოცნებას“ არსებობს, მაგრამ იმის თქმა, რომ გამარჯვების შემდეგ დავტოვებ კოალიციას, ძალიან წამგებიანია თავად რესპუბლიკელებისთვის.
რესპულიკელებს, ისევე როგორც „ეროვნულ ფორუმს“ გაუჭირდებათ „ქართული ოცნებისათვის“ არჩევნების მოგება, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეული მათგანისგან პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად, გამართლებული იქნება კოალიცის დატოვება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების და მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, „რესპუბლიკური პარტია“ ინსტიტუციურად განვითარებული პარტიაა, თუკი ისინი პარლამენტში დამოუკიდებლად შევლენ, მათ ძალიან ბევრი კარგი როლის თამაში შეეძლებათ. გამზარდია არ გამორიცხავს რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ან „საქართველოს განვითარების ფონდთან“ ალიანსის შექმნას.
„იმის გათვალისწინებით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ინსტიტუციურადაც განვითარდა და ხელისუფლებაშიც მათი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდია, ასევე, საზოგადოებაში მათი ზეგავლენები არსებობს, ვფიქრობ, შესაძლოა, პარლამენტში მოხვედრის გარკვეული შანსი ჰქონდეთ. მუდმივ კოალიციურ რეჟიმში, ვიღაცასთან თავის დაქნევის რეჟიმში ყოფნა მათთვისაც არ უნდა იყოს სასურველი. ამიტომ, მათ უნდა იბრძოლონ და რაღაც მომენტში გარისკონ“, - აცხდებს არჩილ გამზარდია.