„გამოძიების ინტერესშია ფატუ ბენსუდას განცხადებებმა არ დააფრთხოს ვინმე და მიმალვის საფუძველი არ მისცეს“

„გამოძიების ინტერესშია ფატუ ბენსუდას განცხადებებმა არ დააფრთხოს ვინმე და მიმალვის საფუძველი არ მისცეს“

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ Guardian-ში სტატიას აქვეყნებს. ბენსუდას თქმით, გამოძიება არ ეხება პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის განსაზღვრას, ან ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის.

საინტერესოა, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ აგვისტოს ომის დაწყებისთვის ფატუ ბენსუდა პასუხისმგებლობის დაკისრებას არავისთვის აპირებს?! ეს ხომ არ ნიშნავს, რომ, უბრალოდ, გამოძიება გამოძიებისთვის ჩატარდება?!

არადა, როცა ინდივიდებზეა საუბარი, საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ განსასჯელთა შორის უნდა მოხვდნენ პუტინი, როგორც ამ საქმის სავარაუდო რეალური დამკვეთი, რადგან მედვედევი არაფრის გადამწყვეტი არ იყო. სააკაშვილის სავარაუდო ბრალეულობა კი ქართული სახელმწიფოსთვის ორლესული მახვილივითაა. ზოგადად, ქართველების ნაწილს არ სურს, თუნდაც რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი ქართველი ჰააგის ციხეში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს.

სხვათა შორის, გასული წლის ოქტომბერში საქართველოში სტუმრობისას ფატუ ბენსუდამ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა მის ხელთ არსებული კონფიდენციალური სიის შესახებ იმ პირების თაობაზე, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ პასუხისმგებელნი სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. ბენსუდამ ვერც ის დააკონკრეტა, არიან თუ არა ამ სიაში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები?!
იკვეთებოდა თუ არა ამ საქმეში სააკაშვილის, კოკოითის ან პუტინის როლი, ამასთან დაკავშირებით ფატუ ბენსუდა აცხადებდა, რომ გამოძიება ჯერ არ მიმდინარეობდა, ამდენად, ეჭვმიტანილად ჯერ არავინ არ იყო სახელდებული.

მართალია, ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის არ გეგმავს, მაგრამ სულ ახლახანს ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა 70 წლის რადოვან კარაჯიჩი, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო 1995 წლის სრებრენიცის გენოციდსა და რამდენიმე მძიმე დანაშაულში. კარაჯიჩი მშვიდი სახით უსმენდა გაეროს ჰააგის ტრიბუნალის მიერ განაჩენის გამოცხადებას და იმას, რომ მას ადანაშაულებდნენ არა მარტო სრებრენიცაში მუსლიმანთა მასობრივ მკვლელობაში, სადაც 7 ათასი მუსლიმანი მამაკაცი მოკლეს, არამედ - სარაევოს ალყის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში.

რადოვან კარაჯიჩისა და აგვისტოს ომში ვლადიმერ პუტინის დანაშაულების შედარებისას, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სამაჩაბლოში ქართველთა გენოციდზე საუბარი ვერ იქნება, რადგან უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ქართულ ძირძველ ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდი არ მომხდარა, თუმცა ვერავინ დამალავს იმ ფაქტს, რომ სამაჩაბლოში ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა, რომელიც გენოციდზე არანაკლებ მძიმე დანაშაულია.

ის, რომ ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომში სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ გეგმავს, ლია მუხაშავრიას სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

„ფატუ ბენსუდას არ აქვს იმის განცხადების უფლება, რომ აგვისტოს ომის გამო პირველ პირებს მისცემს პასუხისგებაში თუ უშუალო აღმსრულებლებს. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ომის დაწყების საკითხი არ არის გამოსაძიებელი, არამედ გამოსაძიებელია, ვინ ჩაიდინა ომის დანაშაულები. ამიტომ გამოძიების ინტერესშია, რომ ფატუ ბენსუდამ თავისი განცხადებით ვინმე წინასწარ არ დააფრთხოს და მიმალვის საფუძველი არ მისცეს. გამოძიება რაზეც გავა და რა მტკიცებულებებსაც მოაგროვებს, სწორედ იმას დაეყრდნობა ბრალდება. მარტო ომის დაწყებისთვის პასუხისგება არ დადგება, არამედ უშუალო დანაშაული და დარღვევები ვინც ჩაიდინა, ისინი დაისჯებიან. თორემ შეიძლება, ომი ისე დაიწყო და ისე დაასრულო, რომ რომის სტატუტით, წესდებით გათვალისწინებული არც ერთი დანაშაული არ ჩაიდინო“, -აცხადებს For.ge-სთან საუბარში ლია მუხაშავრია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ აბაზაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბევრი სპეკულაცია იყო იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი - სააკაშვილმა თუ პუტინმა. სწორედ ამას გულისხმობს ფატუ ბენსუდა, როცა აცხადებს, რომ არ გამოიკვლევს ომის დაწყების საკითხს და პასუხისმგებლობას არ დააკისრებს იმ პირს, რომელმაც ომი დაიწყო.

იურისტის თქმით, ზოგადად, ომის დაწყება გვაძლევს აგრესიის შესახებ დეფინიციას, თუმცა რომის სტატუტით გათვალისწინებული აგრესიის მუხლი ჯერ არ შესულა ძალაში და, სავარაუდოდ, 2017 წლამდე არც იმოქმედებს. შესაბამისად, რადგან ძალაში არ არის შესული, ამ მუხლის ქვეშ ბრალდებული ვერავინ იქნება.

„პუტინი, ან რუსეთის გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირები, ყველა შემთხვევაში, დაისჯებიან, თუკი კონკრეტულ მტკიცებულებებს მოიპოვებს ფატუ ბენსუდა იმის თაობაზე, რომ პუტინმა და გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს დანაშაული ან შეუკვეთეს კონკრეტული დანაშაულების ჩადენა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი -საქარველომ თუ რუსეთმა და პირველი ტყვია რომელი მხრიდან გავარდა, მთავარია, რომ ომის განმავლობაში ჩადენილ ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ის, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, არ ნიშნავს, რომ რუსეთი დაუსხლტება პასუხისმგებლობას. თუნდაც რუსეთის პროკურატურამ არ ითანამშრომლოს ფატუ ბენსუდას ოფისთან, ეს ხელს არ შეუშლის ფატუ ბენსუდას, აწარმოოს გამოძიება. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ცხინვალის რეჟიმი თანახმაა, ხელი შეუწყოს ფატუ ბენსუდას აპარატს გამოძიების მსვლელობაში. ასე რომ, რუსეთის უარი გამოძიების ჩატარებას ვერ დააბრკოლებს, რადგან სხვა ალტერნატიული წყაროებიდანაც შეიძლება მტკიცებულებების შეგროვება. თუკი ამ გამოძიების ფარგლებში დადგინდება, რომ დანაშაულებზე პასუხისმგებელია რუსეთის გენშტაბის თანამდებობის რომელიმე პირი და მასზე გაიცემა დაკავების ორდენები, მის დაუსწრებლადაც შეიძლება ჩატარდეს სასამართლო სხდომები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და დაუსწრებლად გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენები. ამის შემდეგ დადგება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი და, თუ რუსეთი უარს იტყვის დამნაშავე პირთა ექსტრადირებაზე, საერთაშორისო ძებნის მექანიზმი ამოქმედდება და წევრი სახელმწიფოს ქვეყნებში როგორც კი შევლენ ეს ძებნილი პირები, მოხდება მათი დაკავება“, - აღნიშნა თამარ აბაზაძემ.