„მეჭიაურის პოზიცია საეჭვოდ დაემთხვა ვიდეობის გამავრცელებლების პოზიციას“

„მეჭიაურის პოზიცია საეჭვოდ დაემთხვა ვიდეობის გამავრცელებლების პოზიციას“

„არავის საქმე არ არის, ვის როგორ და ვისთან სძინავს“, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურს, რომლის განცხადებით, „თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ“. უმრავლესობის დეპუტატის განცხადებას არ ეთანხმებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხდებით, თამაზ მეჭიაურის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერი არის ამაზრზენი.

„ნებისმიერი ჩანაწერი პირადი ცხოვრების არის ამაზრზენი, ისე როგორც ამაზრზენია ამის შემდგომ ილუსტრირება. არავის საქმე არ არის ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მეჭიაურის პოზიცია მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრისთვის და აცხადებს, რომ „ჯობია ჩვენ, ყველა საკუთარი საქმით დავკავდეთ“.

„ეს ისეთი ხმამაღალი განცხადებაა, დაზუსტებისათვის ისევ თამაზს უნდა ჰკითხოთ. ჯობია ჩვენ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ. ზოგადად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემა იმდენად მიუღებელია, რომ მე ეს საკითხი ყველა სიტუაციაში დისკომფორტს მიქმნის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკომ.

ექსპერტი გია ხუხაშვილის შემდეგ თანამდებობის პირებს, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ წევრი, თამაზ მეჭიაური. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავის დროზე არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში, რომელიც კადრების განადგურებას გულისხმობდა, რადგან ეს კადრები ყოფილ ხელისუფლებას რამდენიმე ეგზემპლარად ექნებოდა გამრავლებული.

„თვალთვალის ობიექტი მაშინ ყველა ვიყავით. ჩემზე თუ რაიმეს გავრცელება უნდათ, გაავრცელონ, მე არაფრის მეშინია. ისეთს ვერაფერს გამივრცელებენ, რომ ძალიან შემრცხვეს. შეიძლება ერთი-ორ ძალიან შინაურ ადამიანს ვაწყენინო. ამაზრზენია, როცა ვიღაცის საძინებელს უთვალთვალებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიდეოების მონაწილე ყველა პერსონაჟი გმირია.

მე თავს წმინდანად არ მივიჩნევ, რომ ვინმეს ასეთ საკითხებზე მივუთითო, ვინ რა უნდა აკეთოს და ვინ ვისთან იაროს, მაგრამ არსებობს მეორე კატეგორია, უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებენ და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურთ, თუ ვინმეზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

დეპუტატის განცხადებას ემიჯნება კოალიციის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომლის განცხადებით, მეჭიაურის მოსაზრება არ გამოხატავს მისი და მის მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს.

„საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა. მგონი აქ არის კომუნიკაციის პრობლემა მისი მხრიდან, არ მგონია, რომ ის უნდა ეთქვა, რაც წამოსცდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კოალიცია „ქართული ოცნება“ და მე, როგორც რესპუბლიკელი საშინლად და სასტიკად ვემიჯნებით ტერორიზმის ამ გამოვლინებას, რომელსაც შეუძლია ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს. არ მინდა, რომ ოდესმე რომელიმე ასეთმა საქციელმა ვინმეს გადადგომა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედითი ღონისძიება ყოფილა და მაშინ უნდა წავახალისოთ ასეთი რამ. ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზის სიტყვები ან სწორად არ იყო გამოთქმული, ან სწორად არ იყო გაგებული“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე თვლის, რომ მეჭიაურის განცხადება ცინიკურია და იმედოვნებს, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია. ვიქტორ დოლიძე თვლის, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება, შეიძლება ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი იყოს.

„სამწუხაროდ, ბატონმა მეჭიაურმა გამოსავალი ამაში მოძებნა. ალბათ, უფრო ცინიკურს დავარქმევდი ამ განცხადებას. არავითარი კავშირი მას სერიოზული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არ აქვს, ბუნებრივია“, - აცხდებს ვიქტორ დოლიძე.

დეპუტატ მეჭიაურს მხარდამჭერები არც სამოქალაქო სექტორში აღმოაჩნდა. საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ მეჭიაურმა ამ განცხადებით ჩადენილი დანაშაულისა და შემდგომში ასეთი ტიპის კომპრომატების შეგროვების წახალისება და ლეგიტიმაცია მოახდინა.

„მმართველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სახე ამბობს, რომ ადამიანებმა, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, უნდა დატოვონ პოლიტიკური და საჯარო ცხოვრება. ამით მან სრულიად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პრემიერის და მმართველი გუნდის პოზიციისგან, მაგრამ მისი პოზიცია საეჭვოდ დაემთხვა ვიდეობის გამავრცელებლების პოზიციას. რა თქმა უნდა, ჩნდება არაერთი კითხვა საზოგადოებაში.

ეს განცხადება ლეგიტიმაციას უკეთებს უკვე ჩადენილ დანაშაულს და ამით ის პირდაპირ მესიჯს აგზავნის იმ პირების მიმართ ვინც შეიძლება ახლა ახდენდეს მსგავსი ტიპის ჩანაწერების წარმოებას ან მომავალში ფიქრობდეს მათ კომპრომატებად გამოყენებას. თუ ასეთი ტიპის კომპრომატები მოგროვდება, მარტივად შესაძლებელია გასუფთავდეს პოლიტიკური სივრცე და ვიღაცისთვის სასურველი განლაგება ვიხილოთ პოლიტიკურ სივრცეში“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ გადაწყვეტილება თავად იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათზე შეიძლება არსებობდეს მაკომპრომატირებელი მასალა.

„გასაგებია რაზედაც არის ლაპარაკი, რომ ამ კადრებს შანტაჟისთვის გამოიყენებენ, მაგრამ ვინმემ იცის ზუსტად ვისზეა მასალები? როცა დაუწყებენ დაშანტაჟებას, ალბათ, მერე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მე ასე ვფქრობ და ეტყობა მეჭიაური სხვაგვარად ფიქრობს და ამიტომაც აძლევს რჩევას.

მე არ ვიცი, მაგრამ ბატონმა მეჭიაურმა იცის ვინ არიან ეს ადამიანები? შეიძლება ადამიანზე არსებობდეს მაკომპრომატირებელი მასალა, თვითონ არც იცოდეს ამის შესახებ და გაიგოს გვიან. ასეთ შემთხვევაში თავად უნდა გადაწყვიტოს დარჩეს აქტიურ პოლიტიკაში თუ წავიდეს პოლიტიკიდან. მგონია, რომ ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.