სუიციდის ნაციონალური რეალობა

სუიციდის ნაციონალური რეალობა

ბოლო 2 წელიწადში თვითმკვლელობების რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. ფსიქოლოგების აზრით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, დაახლოებით, 2-3 წლის შემდეგ, თვითმკვლელობის შემთხვევები საგრძნობლად მატულობს. 2008 წლის ომისა და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ზუსტად ეს პერიოდია გასული.

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 40 წლის ავთანდილ მაისურაძემ თავი მოიკლა. მაისურაძემ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, 4-5 დღის წინ ჩაიდინა. გარდაცვლილი ფალიაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა;

63 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობა თბილისში, სამგორის რაიონში, ონაშვილის ქუჩაზე მოხდა. ნოდარ ბაქრაძემ თავი კუთვნილ ავტოფარეხში მოიკლა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბაქრაძე მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მათ ავტოფარეხის კარი შეამტვრიეს, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო;

კასპის რაიონის სოფელ დოესში 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა.  გარდაცვლილის ახლობლები მომხდარის მიზეზად მეუღლესთან და მეუღლის ოჯახთან უთანხმოებას ასახელებენ. არსებული ინფორმაციით, ხათუნა ბაიდაური რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და ქმრის ოჯახთან უთანხმოება ჰქონდა. გარდაცვალებამდე მან მშობლებისა და მეუღლის სახელზე წერილი დატოვა, რომელშიც ის ახლობლებს ბოდიშს უხდიდა. თვითმკვლელობა ბაიდაურმა ადრეც სცადა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს;

თბილისში, ასათიანის ქუჩაზე 26 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ირაკლი ქუთათელაძე მეგობრებმა ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. იგი ბოლო 6 თვის განმავლობაში მეგობრის სახლში, ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. ქუთათელაძის მეზობლების თქმით, ახალგაზრდამ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. პირველად მან წამლები დალია;

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში ადგილობრივ მცხოვრებს, 34 წლის ემზარ გოგოლაურს ეძებენ. გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. უკვე მეექვსე დღეა გაუჩინარებულ გოგოლაძეს შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები უშედეგოდ ეძებენ. გოგოლაური მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოუშვეს. დაკარგულის მამა მათე გოგოლაური თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები ჰქონდა;

ეს ყველაზე გახმაურებული შემთხვევებია, რომელიც აპრილში და მაისის დასაწყისში მოხდა. სუიციდის შემთხვევების გახშირება უკვე ძალიან შემაშფოთებელია. თითქმის ყოველ მე-3-4 დღეს თვითმკვლელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. 2008 წლის შემდეგ საქართველოში თვითმკვლელობის რიცხვი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის განცხადებით, ქვეყანაში თვითმკვლელთა რიცხვის მომატება, გარკვეულწილად, მძიმე სოციალურ ფონთან და ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ხდება, როგორც წესი, დაახლოებით, 2-3 წლის შემდეგ, თვითმკვლელობის შემთხვევები საგრძნობლად მატულობს. ეს გამოუწვეულია უმუშევრობით, გაკოტრებით, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობის შემთხვევებმა სწორედ 2008 წლის შემდეგ იმატა. 2008-ში სუიციდის 67 შემთხვევა დაფიქსირდა, 2009 წელს კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით 183 ადამიანმა დაასრულა, ანუ სუიციდის შემთხვევები თითქმის გასამმაგდა. 2010 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში 163 თვითმკვლელობა მოხდა. 2011 წლამდე ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, 2009 წელთან შედარებით, ბევრად დიდი მაჩვენებლია დაფიქსირებული. გამოდის, რომ, საშუალოდ, დღეში 1 თვითმკვლელობა ხდება...

ტენდენცია იმედად შემაძრწუნებელია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ქადაგებისას საქართველოში თვითმკვლელობის გახშირებულ შემთხვევებზე ყურაღება საგანგებოდ გაამახვილა.

უწმინდესის განმატებით, თვითმკვლელობაზე ფიქრი დაუშვებელია, რადგან ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს, გაცილებით მეტ პრობლემას იქმნის და მეტ გასაჭირში იგდებს თავს, არათუ პრობლემებს აღწევს თავს.

“ცხოვრებაში არ არსებობს ჩიხი, რადგან ჩიხიდან ყოველთვის არის გამოსავალი, - აღნიშნა პატრიარქმა, - ძლიერი და მტკიცე სულის წყალობით, ქართველ ერს მძიმე პერიოდი არაერთხელ გადაულახავს”.