„მთავარი საფრთხე საქართველოს რუსეთისგან ემუქრება“

„მთავარი საფრთხე საქართველოს რუსეთისგან ემუქრება“

შს მინისტრის ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპოლიციო შემოწმება დაიწყო. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე. კინოლოგები მუშაობენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს. არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები. პირად შემადგენლობას ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს, მოვლენათა შესაძლო ექსტრემალური განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე საქართველო არ არის, ექსპეტრები თვლიან, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ქართული სადაზვერვო სამსახურები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პრევენცია გაუკეთონ ასეთ საფრთხეებს, რადგან ბრიუსელის ტერაქტმა აჩვენა რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ითქვას, რომ საქართველოს სპეცსამსახურები კარგად ვერ მუშაობენ, თუმცა ამის მიუხედავად, საჭიროა, რომ სპეცსამსახურები მეტად განვითარდნენ. მისივე განმარტებით, უშუალოდ უშიშროების საბჭოს აპარატი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს რეგიონში არსებული რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც შესაბამის უწყებებს აწვდის.

„4 ათასამდე კონკრეტული საქმე შევისწავლეთ, რომელიც მოიცავდა თვითმკვლელი ტერორისტების მოტივაციას, გადაბირების მეთოდიკას და ასეთ საკითხებს. რეალურად ამ ტიპის ინფორმაციები მუდმივი დამუშავების პროცესშია, ვინაიდან უშიშროების საბჭოს აპარატის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ უშიშროების და თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში წინასწარი რისკების და საფრთხეების გათვლა-შეფასება“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ეროვნული უშიშრების საბჭოს მდივნის მოადგილე ქვეყნის მთავარ საფრთხედ არა „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ რუსეთს მიიჩნევს.

„საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ისტერიული რიტორიკა, რომელიც ხორციელდება რუსეთის ოფიციოზის მხრიდან, გაცილებით მაღალია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის რუსეთი, მიმდინარე აგრესია და ასევე, ჩვენი რეგიონების დაჩაქრებული ანექსია.

„საფრთხე არსებობს „ისლამურ სახელმწიფოს“ მხიდან, მაგრამ როდესაც შევაფასებთ კონკერტული საფრთხის სიდიდეს და გავაკეთებთ მის ანალიზსს, ვნახავათ, რომ აგრესიის საფრთხის საშიშროება მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სწორედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან - რუსეთის ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, რომ გორში განხორციელებული ტერორისტული აქტის უკან იდგა რუსეთი. ასე რომ, მთავარი საფრთხე საქართველოს რუსეთისგან ემუქრება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

ექსპეტრი, სოსო ცინცაძე თვლის, რომ ქართული სახემწიფოს ყველაზე დიდი საშიშროება დაკავშირებულია შიდა პროცესებთან, პირველ რიგში ეს არის სოციალური ფონი, უმუშევრობა, ნიჰილიზმი და საზოგადოების ტოტალური პოლიტიზირება.

„ჩვენი ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდა ქართული საგარეო პოლიტიკის მთავარ საფრთხეებსა და პრიორიტეტებში. აი, ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი საშიშროება. ლოზუნგის დონეზეა, რომ ჩვენ ვართ ევროპული დონის სახელმწიფო, მაგრამ რა არის ამის შემადგენელი, დაზუსტებული არ არის. რუსეთი რომ საფრთხეს წარმოადგეს, ეს ახალი არ არის. რუსეთისგან საფრთხე პეტრე პირველიდან მოდის.

რუსეთის საფრთხესაც აქვს თავისი ნიუანსები. რუსეთს არ აწყობს ნატოსა და ევროკავშირის წვერი საქართველო, მაგრამ არ აწყობს სომალიზირებული საქართველო, საიდანც ცუნამის ტალღასავით შეიძლება შეედინოს რადიკალური ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში. ძალიან ცუდია, როდესაც დილეტანტის დონეზე კეთდება ასეთი კატეგორიული განცხადება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.